დავეხმაროთ თვალებს - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ თვალებს

თვალების წვას, გაწითლებას, ქუთუთოების ქავილსა და შეშუპებას, ანთებას უმეტეს შემთხვევაში იწვევს არა მარტო ქარიანი, ცივი ან მზიანი ამინდი, არამედ კომპიუტერთან დიდხანს დაძაბული მუშაობა.

რა თქმა უნდა, თვალებს სჭირდება "დახმარება". მაგალითად, ანთების დროს კარგია თვალები დაიბანოთ ბორის მჟავას ხსნარში (1/2 ჩ/კ:1ჩ/ჭ წყალი) დასველებული ბამბის ტამპონებით; ქუთუთოების შეშუპებას შველის სამკურნალო მცენარეული ნახარშის სველი საფენები, ნიღბები.

გთავაზობთ რეცეპტებს:

ანთებსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისება აქვს კამის თესლისა და ფოთლების ნახარშს. თბილ ნაყენში დაასველეთ მარლა (ან ბამბის ტამპონები), ოდნავ გაწურეთ და 1-2 წუთით დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. შემდეგ გაიკეთეთ გრილი კომპრესი.

- 1-2 ჩ/კ გამხმარ ცაცხვის ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 10-15 წუთის შემდეგ გაწურეთ. დაასველეთ ბამბის (ან მარლის) ტამპონები, ოდნავ გაწურეთ და 3-5 წუთს დაიდეთ თვალებზე. ეს ნახარში ასწორებს პატარა ნაოჭებსაც.

- ქუთუთოების შეშუპების დროს 2 ს/კ მინდვრის შვიტას დაასხით 400 მლ წყალი, ადუღეთ 30 წუთი და გაწურეთ. ნახარშში დაასველეთ მარლის (ან ბამბის) ტამპონები და დაიდეთ თვალებზე.

- თვალების ანთების დროს თბილ რძეში დაასველეთ ბამბის (ან მარლის) ტამპონები და 4-5 წუთით დაიდეთ დახუჭულ თვალებზე, შემდეგ თვალებზე შეისხით წყალი, შეიმშრალეთ და თვალების ირგვლივ წაისვით ცხიმიანი კრემი.

- 5-6 ფენა მარლა გაჟღინთეთ მცენარეული ზეთით და დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე. ზევიდან დაიდეთ ბამბა. 10-15 წუთის შემდეგ თვალები დაიბანეთ თბილი წყლით და ირგვლივ წაისვით ცხიმიანი კრემი.

- 1ჩ/კ სალბის ფოთლებს დაასხით 1/2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 2-3 წუთის შემდეგ გაწურეთ, დაასველეთ ბამბის ტამპონები და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე.

როდესაც ტამპონები გაცივდება, ცივ წყალში დასველებული ტამპონი დაიდეთ. ასე გაიმეორეთ რამდენიმეჯერ - მონაცვლეობით.

ეს კომპრესები კეთდება დღეგამოშვებით, ერთი თვის განმავლობაში.