რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ დაავადებას, მკურნალობა ეფექტური იქნება - კვირის პალიტრა

რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ დაავადებას, მკურნალობა ეფექტური იქნება

ყოველწლიურად მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის სიმსივნით მილიონი ადამიანი ავადდება. საკმაოდ ხშირია ამ დაავადების გამოვლენის შემთხვევები საქართველოშიც. სამწუხაროდ, პაციენტები ექიმს დაგვიანებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც კიბო უკვე მესამე-მეოთხე სტადიაზეა. გამოსავალი ხშირად ქირურგიული ჩარევაა, რაც ნაწლავის გარეთ გამოტანას გულისხმობს.

არჩილ ალადაშვილი (ექიმი-ონკოლოგი): - ქალთა პოპულაციაში, ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ, სწორი ნაწლავის სიმსივნეს სიხშირეთა რაოდენობით მესამე ადგილი უკავია. ეს უპირველესად დაკავშირებულია საკვების არასწორ, არასისტემატურ მიღებასთან, სტრესულ გარემოსთან. მოკლედ, რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და დაავადების დაკავშირება ერთ მიზეზთან რთულია.

მთავარი, ალბათ, მაინც კვების რეჟიმის დარღვევაა. ამერიკაში ეს დაავადება სიხშირეთა რაოდენობით პირველ ადგილზეა და ამას მოსახლეობის სწრაფი კვების რეჟიმზე მასობრივად გადასვლას უკავშირებენ. დაავადებას ზრდის ტენდენცია ახასიათებს. მსოფლიოში ყოველწლიურად ერთი მილიონი ადამიანი ავადდება მსხვილი ნაწლავის სიმსივნით.

მსხვილი ნაწლავი არის ერთი ანატომიური ორგანო, სწორი ნაწლავი კი მისი შემადგენელი ნაწილი. სწორი ნაწლავის წილი ამ მონაცემებში დაახლოებით 70%-ია. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში სწორი ნაწლავის სიმსივნის დაახლოებით 800 შემთხვევაა აღრიცხული.

- ექიმები ამბობენ, რომ ბევრი დაავადება გაახალგაზრდავდა, ანუ უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება, ვიდრე თუნდაც წლების წინ. სწორი ნაწლავის სიმსივნეზე თუ შეიძლება ამის თქმა?

- დაახლოებით 10-15 წლის წინ ეს მოხუცთა დაავადება იყო. ყველაზე ხშირად 60-65 წლის პაციენტებში გვხვდებოდა, ახლა კი გვქონდა შემთხვევა, როდესაც სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი 12 წლის მოზარდს დავუსვით. საბედნიეროდ, ეს იშვიათია, შესაძლოა, ხუთ მილიონ მოზარდში მხოლოდ ერთს აღმოაჩნდეს. დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევაშიც გვაქვს. ახლა ეს დაავადება უკვე 30-35 წლის ადამიანებში გვხვდება.

- როგორია ამ დაავადების პირველი სიმპტომი, რომელიც ადამიანმა არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ?

- ისევე როგორც სარძევე ჯირკვალი და საშვილოსნოს ყელი, სწორი ნაწლავი ვიზუალურ ორგანოდ მიიჩნევა. ამიტომ, როდესაც ჩნდება სწორი ნაწლავიდან სისხლიანი გამონადენი, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს პროქტოლოგს. არსებობს სწორი ნაწლავის 27 დაავადებაა, რომლებიც დაახლოებით იმავე სიმპტომებით იწყება, ამიტომ უმჯობესია პაციენტი კვალიფიციურმა ექიმმა გასინჯოს და დროულად დასვას დიაგნოზი.

რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ დაავადებას, მკურნალობის შედეგი მით ეფექტური იქნება. საზოგადოდ, სწორი ნაწლავის სიმსივნეები კეთილთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება, ხოლო თუ დაავადება პირველ სტადიაზევე დადგინდა, გამოჯანმრთელების ალბათობა ძალიან მაღალია - 95% და მეტიც. სამწუხაროდ, როდესაც დიაგნოზს ვსვამთ, პაციენტთა ნახევარს მეტასტაზები უკვე შორს აქვს გასული. ამ შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა ნაკლებია.

- როდესაც სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაისმება, გამოსავალი მხოლოდ ქირურგიული ჩარევაა?

- ამ შემთხვევაში განასხვავებენ ორ ძირითად ჯგუფს: ჯირკვლოვანი კიბო და ბრტყელუჯრედოვანი კიბო. ამ უკანასკნელის დროს სხივური თერაპია ძალიან კარგ შედეგს იძლევა და შესაძლებელია პაციენტი ოპერაციას გადაურჩეს. სხივური თერაპია ჯირკვლოვან კიბოზეც მოქმედებს, მაგრამ ნაკლებად. ქიმიოთერაპიაც პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება. ქირურგიული ჩარევა სწორი ნაწლავის კიბოს დროს ძალიან ეფექტურია და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა ხუთი წლით იზრდება. მესამე სტადიის კიბოს დროსაც, ოპერაციის შემდეგ, გამოჯანმრთელების ალბათობა 70%-ს აღწევს.

- ჩვენთან არსებული ოპერაციული მეთოდები, ტექნიკური აღჭურვილობა, კიბოს მკურნალობის საშუალებები თუ პასუხობს განვითარებულ ქვეყნებში არსებულ სიმსივნესთან ბრძოლის გზებს?

- ყველა დაავადების მკურნალობა დიაგნოსტირებიდან იწყება. მართალია, კიბოს გამომწვევი, ანუ ეტიოლოგიური ფაქტორი დღემდე უცნობია, მაგრამ დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში მისი განკურნება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობს როგორც დიაგნოსტირების, ასევე კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, მაგრამ განვითარებული ქვეყნებისთვის ფეხის აყოლა ცოტა რთულია. რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევას, ოპერაციები ჩვენთანაც იმავე სტანდარტებით კეთდება, რომლებითაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

- სწორი ნაწლავის კიბოს რა სტადიაზეა საჭირო ნაწლავის მუცლის ზედაპირზე გამოტანა?

- ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად ახლოს ისინჯება სიმსივნე. თუ სიმსივნე 6 სმ სიღრმეზე გვხვდება, უნდა გაკეთდეს ოპერაცია, რომელიც გულისხმობს ნაწლავის მუცლის ზედაპირზე სამუდამოდ გამოტანას. სხვათა შორის, უცხოეთში ექიმები უკვე აკეთებენ ე.წ. დამზოგველ ოპერაციებს, ანუ ნაწლავი გარეთ არ გამოაქვთ, - დაზიანებულ სხეულს თანამედროვე სტეპლერებით ცვლიან. ყურადსაღებია ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამ დაავადების დიაგნოსტირება დროულად, ადრეულ ეტაპზე ხდება.