"ცოფიანი ვაქცინის" სკანდალი - კვირის პალიტრა

"ცოფიანი ვაქცინის" სკანდალი

"ხშირად ვაქცინის შემოტანას წინ უძღვის ხელოვნური პანიკა, რასაც შედეგად ამა თუ იმ ახალწარმოებული ვაქცინის რეალიზაცია მოჰყვება"

"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველაზე დიდ სისულელედ მიმაჩნია, რომლის უკან ფარმაინდუსტრიის მესვეურთა გამდიდრების სურვილი დგას"

გასულ კვირას ე.წ. ცოფის ვაქცინის სკანდალი გასკდა. საზოგადოება აღაშფოთა აუდიტის სამსახურის დოკუმენტის ერთმა ეპიზოდმა, რომელმაც ჯანმრთელობისთვის საშიში 29 222 დოზა ვაქცინის გახარჯვის შესახებ გვამცნო (გთავაზობთ ნაწყვეტს):

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით. შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს".

მოგვიანებით აუდიტის სამსახურმა ეს სიტყვები უკან წაიღო და განმარტებაც გააკეთა:

"იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა".

რა იმალება ამ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების მიღმა, კარგა ხანს უპასუხოდ დარჩება. ჯანდაცვის მინისტრი არ უარყოფს, რომ ერთხანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწუნებულ პრეპარატს მასთან შეთანხმებით იყენებდნენ.

"...ან უნდა შეგვეწყვიტა ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, რასაც თვე-ნახევარი მაინც დასჭირდებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში უბრალოდ დავკარგავდით ადამიანებს - რამდენიმე გარდაიცვლებოდა ცოფით, ან უნდა გვეზრუნა პრეპარატის ჩანაცვლებაზე, რასაც 5 კვირა დასჭირდა. "ლისავაკი", როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჩინური წარმოების პრეპარატმა ჩაანაცვლა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაიხარჯა თუ არა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა და რას ემსახურებოდა აუდიტის სამსახურის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები - ამ და სხვა საკითხებზე საინტერესო მოსაზრებებს გთავაზობთ:

მარინა ბერაძე, ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი: - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს შემუშავებული 6 კრიტერიუმი ჯანდაცვის შესაფასებლად. მეოთხე, ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ობიექტური, სრულყოფილი და დროული ინფორმაცია. რატომ გახმაურდა საფრთხის შემცველი ვაქცინების შესახებ ინფორმაცია ასე გვიან და რას ემსახურება ეს ამბავი დღეს? ფაქტია, ის, რაც მოვისმინეთ, არც ობიექტური იყო, არც დროული და არც სრულყოფილი. მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - აჟიოტაჟი შეექმნა და ისტერიკა გამოეწვია.

აუდიტის სამსახურმა თავისი ნათქვამი უკან წაიღო და განმარტა, რომ გახარჯული ვაქცინა თურმე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყო, მაგრამ ეჭვები მაინც ვერ გაფანტა.

შეიძლება ვისაუბროთ ჯანდაცვის სისტემის ყველა პრობლემაზე, ვიმსჯელოთ ნეპოტიზმზე, კორუფციასა და სხვა საკითხებზე, მაგრამ იმის დაბრალება, რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათო პრეპარატით ათასობით მოქალაქე აცრეს შეგნებულად, აბსურდულია. მით უფრო მაშინ, როცა ამას არ აჩვენებს შედეგი.

2016 წელს კატამ დამკაწრა და მეც ამცრეს "ლისავაკით", მაგრამ როგორც მხედავთ, არ გავცოფებულვარ.

- თავის დროზე ვაქცინებთან დაკავშირებული ტენდერის გამო პაატა იმნაძე კინაღამ დაიჭირეს, შემდეგ იმავე თემის გამო კოკა ფრუიძეს ახეხვინეს ციხის კედლები. ახლა რა ხდება, ვის წინააღმდეგ არის ბრძოლა მიმართული?

- ჩანს, ვიღაცას ხელისუფლების დისკრედიტაცია უნდა, მაგრამ ზარალდება მოსახლეობა - ვაქცინაციას აღარ ენდობა.

- ფაქტია, რომ ქართულ ბაზარზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაწუნებული ვაქცინა მოხვდა?

- ის, რომ ვაქცინა სტანდარტს არ აკმაყოფილებდა, ცალკე თემაა, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სახიფათოა თუ არა, სადავოა. ასე ხელაღებით ამის მტკიცება არ შეიძლება. ფაქტია ისიც, რომ ბევრად გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს ვაქცინებისა და ფართო მოხმარების პრეპარატების შესყიდვა-შემოტანა. პრობლემურია ტენდერებიც. კარგად უნდა იყოს გარკვეული, ვინ არის პასუხისმგებელი ტენდერების ჩატარებაზე, ვის ევალება მისი გაკონტროლება. სატენდერო ვადები ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ რაც შეიძლება ბევრი კომპანია მონაწილეობდეს. ვაქცინების თუ მედიკამენტების შემომტანი იმავდროულად არ უნდა იყოს რეალიზატორი, აფთიაქების ქსელისა და კლინიკების მფლობელი. ეს კანონმდებლობით რეგულირდება ყველა ქვეყანაში, ჩვენთან კი არა.

- მინისტრმა განმარტა, რომ კომისიამ მისი თანხმობით გადაწყვიტა ვაქცინის გამოყენება მანამ, სანამ ახლით შეიცვლებოდა. ეს ბრძოლა მის წინააღმდეგ დაიწყო?

- გამიჭირდება ამის თქმა... ეს საკითხი პოლიტიკას გადაეჯაჭვა და ამაზე არასოდეს ვმსჯელობ, მით უფრო, თუ საქმე შიდა ინტრიგებს ეხება.

- სერგეენკომ ისიც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. იქნებ მავანს სწორედ ამის მოსმენა უნდოდა.

- მაპატიეთ, მაგრამ ეს საკითხი ჩემს კომპეტენციას სცილდება.

კახა საბახტარიშვილი, ექიმი, ჰომეოპათი: - ვერ გეტყვით, ცოფის ვაქცინის სკანდალის მიღმა ვინმეს ბიზნესინტერესები იკვეთება თუ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე. თუმცა შემიძლია არაერთი მაგალითი გავიხსენო, თუ რა სკანდალები უძღოდა წინ მსოფლიოში ამა თუ იმ ვაქცინის შექმნა-გამოყენებას, რათა შემდეგ კარგად გაყიდულიყო ან პირიქით. 2003 წელს ამერიკულმა კომპანია "ვაატიმ" გრიპის საწინააღმდეგო სპრეი "ფლუომისტი" შექმნა და მხოლოდ სარეკლამო კამპანიაში 100 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა. კომპანიის გათვლით, ამ ვაქცინას წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გამოემუშავებინა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. უამრავი სასამართლო პროცესი გაიმართა "ფლუომისტის" შემქმნელების წინააღმდეგ, რამაც კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა. რა გახდა კრახის მიზეზი? ის, რომ მას ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა. მსოფლიოში გრიპის საწინააღმდეგო სხვა არაერთი კომპანიის ვაქცინაც იყიდება. მათი გაყიდვით მიღებული შემოსავალი კი წელიწადში 300 მილიარდ დოლარს აღემატება. ხშირად ვაქცინის შემოტანას წინ უძღვის ხელოვნური პანიკა, რასაც შედეგად ამა თუ იმ ახალწარმოებული ვაქცინის რეალიზაცია მოჰყვება. მაგალითად, წლების წინ ჩინეთში ატიპურ პნევმონიაზე იყო აჟიოტაჟი, მაგრამ მხოლოდ 169 კაცი გარდაიცვალა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ლამის 2 მილიარდს აღწევს. იქ ამდენი ადამიანის გარდაცვალება ჩვეულებრივი გრიპითაც შეიძლება.

- არსებობს ეჭვი, რომ ზოგჯერ ხელოვნურადაც ავრცელებენ ვირუსებს.

- დიახ, გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ჯერ ქმნიან ვირუსს და გრიპის რაღაც შტამს, პარალელურად კი მის საწინააღმდეგო ვაქცინასაც ამზადებენ. კიდევ ერთ საინტერესო მაგალითს მოვიყვან:

ვაქცინების სკანდალს თვით აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაც კინაღამ შეეწირა. 1976 წელს აშშ-ში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა "პორტ ჩელემსით" 40 მლნ კაცი აცრეს, ძირითადად, ასაკოვანები. კონგრესმა უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 133 მლნ დოლარი გამოყო აცრებისთვის, თუმცა შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. ვაქცინამ უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. პრეზიდენტი ჯერალდ რუდოლფ ფორდი იძულებული შეიქნა სახალხოდ გაეკეთებინა ვაქცინა და ამით დაემტკიცებინა, რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო. მოგვიანებით პრესა ახალ სკანდალზე წერდა, რომ სინამდვილეში ჯერალდ რუდოლფ ფორდს არა ის ვაქცინა, არამედ სულ სხვა უვნებელი ნივთიერება შეუყვანეს. ვაქცინებთან დაკავშირებული სკანდალი მისი იმპიჩმენტის მოთხოვნის საფუძველიც კი გახდა.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველაზე დიდ სისულელედ მიმაჩნია, რომლის უკან ფარმაინდუსტრიის მესვეურთა გამდიდრების სურვილი დგას.

კომპანიამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა "ლისავაკის" რეალიზება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შეფასებისას გამოვლინდა შემაშფოთებელი საკითხები, ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმაზეც მიანიშნებს, რომ ვაქცინა არასტერილურ გარემოში მზადდებოდა...

2015 წლის აპრილიდან ფარმაცევტულმა კომპანია "კადილა ჰელსქეარსმა" დაუყოვნებლივ შეწყვიტა პროდუქციის წარმოება და "ლისავაკის" რეალიზება...

ეკა ასათიანი