"ეს ვერაგი დაავადება სულ უფრო ახალგაზრდავდება" - კვირის პალიტრა

"ეს ვერაგი დაავადება სულ უფრო ახალგაზრდავდება"

"მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კვების რაციონში ჭარბად ხმარობს მცენარეულ საკვებს და ხილს, ნაკლებად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი"

ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში სწორი ნაწლავის კიბოს 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ქალაქის მოსახლეობა სოფლისაზე 3-ჯერ ხშირად ავადდება. ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს თამაშობს კვების ფაქტორი. ამ ვერაგი დაავადების შესახებ გვესაუბრება ზოგადი ქირურგი ვეფხია ლომიძე:

- რა სიმპტომები ახასიათებს მსხვილი ნაწლავის კიბოს?

- მსხვილი ნაწლავის კიბო ხანდაზმულთა დაავადებად მიიჩნეოდა, მაგრამ სულ უფრო ახალგაზრდავდება. ეს დაავადება ძალიან ნელა ვითარდება. ამის გამო, შემთხვევათა 70%-ში კიბოს აღმოჩენა მესამე ან მეოთხე სტადიაში ხდება, დაავადების პირველ სტადიაზე კი განკურნების შანსი 95%-ია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სისხლდენა უკანა ტანიდან. სიმსივნე იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს მუცელში, დისკომფორტს, პერიოდულად ტკივილს მუცლის ღრუში, აღინიშნება გულისრევა, მუცლის შებერილობა. ყურადღება მიაქციეთ ფეკალური მასის ცვლილებას, თუ მასა შედარებით დავიწროვდა, ეს, შესაძლოა, ნაწლავის კიბოზე მიუთითებდეს. ზოგჯერ სიმსივნით დაავადებულებს უჩნდებათ შეგრძნება, კუჭში გასვლის შემდგომ თითქოს ნაწლავების დაცლა კვლავ უნდათ, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ მთავრდება.

სწორი ნაწლავის კიბო უფრო გავრცელებულია მოსახლეობის იმ პოპულაციაში, სადაც კვების რაციონში ხშირად გამოიყენება ხორცი, ცხოველური ცხიმები და რაფინირებული ნახშირწყლები. ნაწლავში ამ პროდუქტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება კანცეროგენული ნივთიერებები, რომელთა ხანგრძლივი მოქმედება ნაწლავის ლორწოვან გარსზე (განსაკუთრებით შეკრულობის დროს) იწვევს სიმსივნის განვითარებას.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც კვების რაციონში ჭარბად ხმარობს მცენარეულ საკვებს და ხილს, ნაკლებად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი. ბოსტნეული და ხილი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ამცირებს პოტენციური კანცეროგენების დაყოვნებას სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. დაავადების ხელშემწყობია ადამიანის ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, სხეულის ჭარბი წონა, რომელიც ადუნებს ნაწლავის პერისტალტიკას.

სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიბოსწინარე დაავადებები - სწორი ნაწლავის ერთეული და მრავლობითი ჯირკვლოვანი პოლიპები, დიფუზური ანუ ოჯახური პოლიპოზი და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. ჯირკვლოვანი პოლიპების ქირურგიული მკურნალობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიბოდ გადაგვარდება. დიფუზური ანუ ოჯახური პოლიპოზი გენეტიკური, თანდაყოლილი დაავადებაა. დიაგნოზი ისმება სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევით და კოლონოსკოპიით. დაავადება ექვემდებარება ოპერაციულ მკურნალობას. სწორი ნაწლავის კიბოს წინ უსწრებს ლორწოვანი გარსის ეპითელის დაზიანება. ამიტომ სწორი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი, განსაკუთრებით წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ ავადმყოფებში სწორი ნაწლავის კიბოს სიხშირე მეტია, ვიდრე საერთო პოპულაციაში.

დაავადების განვითარების რისკზე გავლენას ახდენს დაავადების ხანგრძლივობა და კლინიკური მიმდინარეობა. ცნობილია, რომ

წყლულოვანი კოლიტით 10 წელზე მეტხანს დაავადებულ ავადმყოფებში სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა 60%-ს აღწევს.

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისთვის დამახასიათებელია სისხლიან-ლორწოვანი გამონადენი, ჭინთვები, წონის დაკლება. დიაგნოზი ისმება ენდოსკოპიური კვლევით.

- როგორ ისმება დიაგნოზი?

- სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტიკა კომპლექსურია. იგი ემყარება კლინიკური, ენდოსკოპიური, ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევების მონაცემებს. სწორი ნაწლავის თითით გასინჯვა უმეტესად (80%) საკმარისია სიმსივნის დიაგნოზის დასასმელად.

ამ დაავადების დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდია ენდოსკოპიური კვლევა. რექტოსკოპია გვეხმარება არა მარტო სიმსივნის ვიზუალიზაციაში, სიმსივნიდან კვლევისთვის მასალის აღების საშუალებასაც იძლევა მიკროსკოპული, უჯრედული სტრუქტურის დასადგენად. კოლონოსკოპია ტარდება მთელი მსხვილი ნაწლავის დასათვალიერებლად და სწორი ნაწლავის სიმსივნის ზემოთ მდებარე სეგმენტებში პათოლოგიის გამოსავლენად. რენტგენოლოგიური კვლევით შეიძლება დადგინდეს სიმსივნის ზრდის ფორმა, მსხვილ ნაწლავში თანმხლები დაავადებები. ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია სიმსივნური პროცესის ლოკალური გავრცელებისა და შორეული მეტასტაზების არსებობის დადგენა. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტექნიკის გამოყენებით სიმსივნის მეტასტაზები ვლინდება ლიმფურ კვანძებში, მეზობელ და შორეულ ორგანოებში - ღვიძლში, ფილტვებში, ჩატარებული კვლევებით შესაძლებელია მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა და პროგნოზირება.

- რა გართულებები შეიძლება განვითარდეს სწორი ნაწლავის კიბოს დროს?

- სწორი ნაწლავის კიბოს ერთადერთი მძიმე გართულებაა ნაწლავის ობტურაციული გაუვალობა. იგი ვითარდება, როდესაც სიმსივნე მთლიანად ახშობს ნაწლავის სანათურს. ავადმყოფი ვერ გადის აირებსა და ფეკალიებზე, აქვს მუცელში შეტევითი-მოვლითი ტკივილები, გულისრევა, პირღებინება. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. შედარებით იშვიათი გართულებაა ძლიერი სისხლდენა ნაწლავიდან. აქაც მკურნალობა ოპერაციულია, რომელიც გულისხმობს სისხლმდენი სიმსივნის ამოკვეთას დაზიანებულ ნაწლავთან ერთად.

- როგორია მკურნალობა და პროგნოზი?

- სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდი ოპერაციულია, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, სიმსივნის ზომაზე, ლოკალიზაციასა და მეტასტაზების არსებობაზე. თუ სიმსივნე სწორი ნაწლავის შუა და ზემო მესამედში მდებარეობს, შესაძლებელია ნაწლავის ნაწილობრივი ამოკვეთა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნება. სწორი ნაწლავის III სტადიის კიბოს დროს ტარდება კომბინირებული მკურნალობა - ოპერაციისწინა ქიმიო ან სხივური თერაპია, შემდეგ ოპერაცია. სწორი ნაწლავის IV სტადიის კიბოს დროს, როდესაც მეტასტაზებით დაზიანებულია შორეული ორგანოები, ზოგჯერ ტარდება პალიატიური ოპერაცია. როდესაც ოპერაცია შეუძლებელია - ქიმიოთერაპია. სწორი ნაწლავის I-II სტადიის კიბოს დროს, ქირურგიული და კომბინირებული მკურნალობის შედეგად, 90-95%-ით მიიღწევა სრული გაჯანმრთელება, III სტადიის კიბოს დროს კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 50-55%-ს უტოლდება, დაავადების IV სტადიაში ავადმყოფთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად დაბალია. ამიტომ ექიმთან დროული ვიზიტი და დიაგნოზის დროული დადგენა სწორი ნაწლავის კიბოსა და კიბოსწინარე დაავადებების პროფილაქტიკისა და ეფექტური მკურნალობის საწინდარია.

ანა ყარალაშვილი