რა ღირს ქართული ღიმილი?
29-01-2018
რა ღირს ქართული ღიმილი?
ამ ქვეყნად ყველაფერს ფასი აქვს. მათ შორის ლამაზ ღიმილსაც. ამ უკანასკნელის ფასი კი ისევე იზრდება, როგორც სტომატოლოგიური­ მომსახურებისა. არადა, კბილები სწრაფად ზიანდება და სტომატოლოგებთან ვიზიტი გადაუდებელი ხდება; სამაგიეროდ, სტომატოლოგია ერთადერთი დარგია, სადაც შიში ნელ-ნელა ქრება. თუკი ასე გაგრძელდა,­ კბილებს ალბათ ასი წლის ასაკშიც `ამოგვიყვანენ~ - თითქმის არავინ მეგულება, ვინც ლამაზი ღიმილისთვის უკანასკნელ გროშებსაც არ გადაიხდის. ამას ისიც ადასტურებს, რომ ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკები პაციენტების ნაკლებობას არ განიცდიან. თუმცა, ბევრის ფასებმა შეიძლება
გაგაოგნოთ - რამდენიმე ასეული ლარიდან იწყება და ათასობით ლარამდე ადის, მაგრამ შოკიდან ახალი კბილებით გაღიმებისთანავე გამოხვალთ! რა ღირს ქართული ღიმილი და როგორ მიიღწევა ის დღეს, სტომატოლოგი შიო როგავა საუბრობს.

- კბილი სასიცოცხლო მნიშვნელობისა თითქოს არ არის, მაგრამ მასზე ბევრად მეტს ვფიქრობთ, ვიდრე სასიცოცხლო ორგანოებზე, რადგანაც
ადამიანი ბუნებით ესთეტია და ვერ იტანს, როცა გარეგნულ სილამაზეს კარგავს. ამასთან, კბილი, ცხადია, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც აუცილებელია. სწორედ ამიტომ ადამიანი ათასეული წლების წინაც ცდილობდა კბილების შენარჩუნებას. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში 4000 წლის წინანდელი სტომატოლოგიური სახელოსნოები აღმოჩნდა - დარწმუნებული ვარ, ფარაონები უკბილოდ ნამდვილად არ გაჩერდებოდნენ. ასეა ახლაც: ლამაზი კბილების ჩასასმელად ბევრი შეჭირვებული ადამიანი სესხულობს ფულს და ამას მივესალმები. მით უფრო, რომ სტომატოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც ნამდვილად არ უპირებს ხალხს იმედის გაცრუებას. ამ მხრივ მართლაც სასწაულ­ები ხდება, ერთი დაკარგული კბილის ჩანაცვლებიდან დაწყებული - მთლიან ყბაში კბილების ჩანერგვით დამთავრებული. უკვე რამდენიმე წელია იმპლანტაციაზე ვმუშაობ და თავადაც აღვფრთოვანდები ხოლმე, როცა იმ ადამიანს შევხედავ, რომელსაც ყველა კბილი აღვუდგინე.

- იმპლანტაციაზე საუბრობთ?

- დიახ. ეს საოცარი მეთოდია იმისთვის, რომ ადამიანს სრულფასოვნება დაუბრუნოს და სულაც არ არის დაკავშირებული დიდ სიძნელეებთან. იმპლანტების ყბის ძვალში ჩანერგვის ოპერაცია 8-დან 40 წუთამდე გრძელდება. ის ყბას 2-6 თვეში უხორცდება, გვირგვინი კი მხოლოდ ამის შემდეგ კეთდება. როცა იმპლანტანტზე კბილის გვირგვინებს დასვამ, ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს ახალი კბილები ამოუვიდა და ბედნიერია.

- მარტივად ამბობთ, მაგრამ რეალურად იმპლანტაცია არის ოპერაცია, რომლისაც ბევრს ეშინია. ამასთან, ყველას როდი შეუძლია მთელ ყბებზე მისი ჩანერგვა - ამის საშუალებას, მატერიალურ მდგომარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ყბის ძვლის მდგომარეობა არ იძლევა.
- ვერც ამაში ვხედავ რაიმე საგანგაშოს. ხშირად ყბის განლეულ ძვალს ოპერაციით ადიდებენ. რაც შეეხება იმპლანტების ჩანერგვას, ეს ოპერაცია ფაქტობრივად, უმტკივნეულო პროცესია. პაც­იენტი 2-3 დღეში უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს.

- მაგრამ თუკი იმპლანტებისთვის დიდძალი ფულის სესხება გახდა საჭირო, მშვიდობით, ნორმალური ცხოვრების რიტმო! რა ღირს დღეს იმპლანტაცია საქართველოში?

- გააჩნია, მასალა რა წარმომავლობის­ არის, ან რამდენი იმპლანტია საჭირო - ერთი იმპლანტის ფასი 800-დან 2500 ლარამდეა. ამას დაუმატეთ იმპლანტებზე ფაიფურის ან ცირკონის გვირგვინები, რომლებიც მინიმუმ 300 ლარიდან იწყება და 650-მდე ადის.

- ძალიან ძვირია. გამოდის, მთელი პირის ღრუს იმპლანტაცია მინიმუმ 30-35 ათასი ლარი ჯდება.

- ასეა. თუმცა, კლინიკებში ფასების ოდნავი განსხვავება მაინც შეინიშნება. დაბალ ფასებზე გამოკიდებას არავის ვურჩევიდი, დაბალი ფასი დაბალი ხარისხია.

- ერთი იმედია - სტომატოლოგია ისე მიდის წინ, მომავალში იქნებ იმპლანტი აღარც გახდეს საჭირო კბილის ამოსაყვანად.

- გეთანხმებით. ცოტა ხნის წინ იაპო­ნელებმა თაგვის კბილი სინჯარაში ღეროვანი უჯრედიდან გამოზარდეს და თაგვს გადაუნერგეს. ის არაფრით განსხვავდებოდა სიმაგრით თაგვის სხვა კბილებისაგან. დღევანდელი იმპლანტების 96-98% ნორმალურად ხორცდება ყბის ძვალზე, 85%-დან 87%-მდე კი 25 წელი ძლებს.
ეთერ ერაძე

ნიუტონის კბილი

ყველაზე ძვირად ღირებული კბილი გახდა ისააკ ნიუტონის კბილი, რომელიც 1816 წელს გაიყიდა 730 გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 3241$). შემდგომ მისმა მფლობელმა ის ბეჭედში ჩასვა.

პირველი პროთეზი


პირველი "სტომატოლოგები" იყვნენ ეტრუსკები - ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-მდე მე-7 საუკუნეში იცოდნენ ძუძუმწოვრების კბილებისაგან ხელოვნური კბილების გამოჭრა, ასევე იცოდნენ ხიდისებრი პროთეზების დამზადება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით