როგორ შევაჩეროთ დაბერება
როგორ შევაჩეროთ დაბერება
XXI საუკუნეში დაბერების შეჩერება სწორი მოვლისა და ესთეტიკური მედიცინის წყალობით უკვე რეალობად იქცა. პლამოლიფტინგი, მიმიკური და ღრმა ნაოჭების კორექცია, ოვალის გამკვრივება, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია და სხვა მანიპულაციები თანამედროვე მედიცინის მიღწევებია, მაგრამ ხშირად არა გვაქვს მათი გამოყენების საშუალება, ამიტომ შინ თავის მოვლას ვარჩევთ. როგორ მოვუაროთ სახის კანს და შევაჩეროთ დაბერება? - ამ კითხვებზე კოსმეტოლოგი სოფო თოიძე­ გვიპასუხებს:

კანის ტიპი

- თავდაპირველად, უნდა განსაზღვროთ, რა ტიპის სახის კანი გაქვთ. არსებობს უძველესი მეთოდი, რომელსაც
ჩვენი­ წინაპრები მიმართავდნენ - დილით პირის დაბანამდე აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი და სახეზე დაიფინეთ. შემდეგ დახედეთ: თუ მშრალი კანი გაქვთ, ხელსახოცზე ცხიმის კვალი არ დარჩება\, თუ ცხიმის ლაქა დაეტყო, ცხიმიანი კანი გქონიათ, ხოლო თუ ხელსახოცი ნაწილობრივ მშრალი და ადგილებში ცხიმიანია - კომბინირებული.

ნაოჭი ქალს სახეზე ყოველთვის
აქვს, მაგრამ გარკვეული ასაკის შემდეგ ის ზრდას იწყებს. ბევრი ფაქტორი მოქმედებს - გენეტიკა, მოვლა, ეკოლოგია, გარუჯვისგან თავის დაცვა და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჰიალურონი. ის პასუხისმგებელია ქსოვილის სიმკვრივესა და უჯრედების რეგენერაციაზე. ასაკთან ერთად ორგანიზმში ჰიალურონის მჟავის გამომუშავება მცირდება, რაც განაპირობებს ნაოჭების გაღრმავებას. იმისათვის, რომ კანმა სიმკვრივე არ დაკარგოს, აუცილებელია მუდმივი ზრუნვა.

სახის გაწმენდა


სახის კანის განსაზღვრის შემდეგ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე - გაწმენდაზე. სახის დაბანის დროს ირღვევა კანის ზედაპირული ბალანსი, ამიტომ, რომ არ გამოშრეს, ერთ ჭიქა წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი, ან ერთი ჭიქა რძე გახსენით ერთ ჭიქა წყალში და სახე ჩამოიბანეთ. \ძალიან კარგია მინერალური წყალი. ის კანს გამოგიცოცხლებთ და ერთიანი ცხიმოვანი ბალანსი აღდგება.
სახის საცხის მაგივრობას სიმინდის ზეთი გაგიწევთ. გადაადუღეთ ერთი სუფრის კოვზი სიმინდის ზეთი, დაამატეთ თითო წვეთი­ A ვიტამინი (მისი ფუნქციაა ლორწოვანი გარსის შენარჩუნება, რომელიც კანს უარყოფითი გარე ფაქტორებისგან იცავს) და E ვიტამინი (კანს ჯანსაღ იერს აძლევს და ხელს უშლის ასაკობრივი პრობლემების წარმოქმნას), რომელიმე ეთერზეთი და რამდენიმე წვეთი ლიმონი. ეს საცხი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მკვებავი.

სახის ნიღბები

შინ ყველაზე მარტივია ნიღბების დამზადება, მაგრამ ჯერ უნდა ვიცოდეთ, ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ რამდენად ალერგიული სახის კანი გვაქვს. ვისაც მშრალი კანი აქვს, ძალიან კარგია შვრია. ერთი სუფრის კოვზი დაფქული შვრია გახსენით რძეში ან გადადუღებულ წყალში, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი ან ხაჭო და გაიჩერეთ 20 წუთი სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უმჯობესია ნიღაბი საღამოობით გაიკეთოთ, რადგან კანის აღდგენითი პროცესი ღამით მიმდინარეობს. შვრიის ნიღაბი ხსნის ფორებს, წმენდს კანს ჭუჭყისგან და აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასევე ანოტივებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

ცხიმიანი კანისთვის უნიკალურია კვერცხის ცილა და მოხარშული კარტოფილი. კვერცხის ცილა კარგად წმენდს და ჭიმავს კანს, ატენიანებს და ღრმად კვებავს ეპიდერმისს. კვერცხის ცილა ათქვიფეთ რამდენიმე წვეთ ლიმონსა და კარტოფილის ფქვილთან ერთად. ეს ნიღაბი ჭიმავს და ასტიმულირებს კანს, ასევე კრავს ფორებს. სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის ძალიან კარგია ჩაის საფენები, რომელიც კანს ამშვიდებს.

რაც შეეხება თვალების გარშემო კანის მოვლას, კარტოფილი აქაც გამოგადგებათ - უმი კარტოფილი დაჭერით მრგვლად და დაიდეთ თვალებზე. კარტოფილს ჩაშავებული და შეშუპებული თვალებისთვის დამამშვიდებელი და ფერის გამაუმჯობესებელი ეფექტი აქვს. თვალის გარშემო ჩაის ფერისა და გვირილის ნაყენის გაყინულ კუბებსაც გირჩევთ. შეგიძლიათ სახეზეც წაისვათ, თუ კაპილარებიანი კანი არა გაქვთ. იმისთვის, რომ ტუჩებზე სისხლის მიმოქცევა აღდგეს, წაისვით თაფლი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და ჩამოიბანეთ.
ვისაც ფტოზი ანუ მოშვებული კანის სინდრომი აქვს (სახის ოვალი კარგავს სიმკვრივეს და სახე ნელ-ნელა იღვენთება), შინაც შეიძლება ამ პრობლემა­სთან ბრძოლა. მოხარშული თეთრი ლობიო დასრისეთ, აურიეთ ზეითუნი ან ჩვეულებრივი ზეთი და სახეზე დაიდეთ. გაიჩერეთ 20 წუთი.

თუ არა ხართ ალერგიული რომელიმე ხილის მიმართ, კვირაში ორი დღე გაიკეთეთ ცოცხალი ხილის ნიღაბი, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ. არ დაგავიწყდეთ, ნიღბის დადებამდე უნდა განსაზღვროთ ალერგიული ფონი რომელიმე კომპონენტის მიმართ და თქვენი სახის კანის ტიპი.

თმის მოვლა


თმის მოვლისთვის არსებობს ერთი უნიკალური მეთოდი - 2 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი კონიაკი ან ლიმონის წვენი, შეიძლება გვირილაც. შემდეგ დაუმატეთ თაფლი, თუ არა ხართ ალერგიული, კვერცხი და რამდენიმე წვეთი ხახვის წვენი. სუნის არ შეგეშინდეთ, რადგან დანარჩენი ინგრედიენტები ხახვის სუნს ანეიტრალებს. ამ მასას ჩააწვეთეთ თითო წვეთი A და E ვიტამინი და 2 სუფრის კოვზი შამპუნი, რომელსაც იყენებთ. ეს მასა კარგად შეიზილეთ თმაში, ჩამოიცვით ცელოფანი ან პირსახოცით დაიმაგრეთ. შეგიძლიათ მთელი ღამე დაიტოვოთ ან, სულ მცირე, ორი საათი მაინც გაიჩერეთ. ნიღაბი შველის თმის ცვენას, კვებავს თმას ძირებიდან ბოლოებამდე, ანიჭებს ბზინვარებას. ცხიმიანი თმისთვის სამკურნალო ეფექტი აქვს შავ პურს რძესთან ერთად: შავი პურის გული გახსენით რძეში და შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. თუ ქერტლი გაქვთ, თმის დაბანის შემდეგ ჩამოიბანეთ ვაშლის ან ღვინის ძმრით - ერთი სუფრის კოვზი გააზავეთ ნახევარ ლიტრ წყალში.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები