"კბილის პროთეზი ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა" - კვირის პალიტრა

"კბილის პროთეზი ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა"

"ეტრუსკთა პროთეზები თანამედროვე მოსახსნელ პროთეზებს მოგვაგონებს. მთავარია, რომ ისინი ღეჭვისთვისაც გამოდგებოდა. საკმაოდ კარგ პროთეზებს აკეთებდნენ ინდიელებიც. მათი ნიმუშები არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს"

არაფერი ისე არ ალამაზებს ადამიანს, როგორც ღიმილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოვლილი და ჯანსაღი კბილები აქვს. თუ ბუნებრივი კბილები გიღალატებთ, მათი შეცვლა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაგრამ როგორ იქცეოდნენ უძველესი ადამიანები? - ბევრს ჰგონია, რომ ძველ დროში პროთეზი არ არსებობდა, თუმცა ხელოვნურ კბილებს ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. როგორ იქმნებოდა უძველესი კბილის პროთეზები, ამის გარკვევაში ორთოპედი გიორგი ბახუტაშვილი დაგვეხმარა:

- ბატონო გიორგი, სად არის აღმოჩენილი ყველაზე ძველი კბილის პროთეზები?

- ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ექიმებს თანამედროვე, დახვეწილი პროთეზები შეექმნათ და ორთოპედიული სტომატოლოგია ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბებულიყო. კბილის პროთეზირება უძველესი დროიდან არის ცნობილი. შეიძლება ითქვას, რომ კბილის პროთეზირება ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა.

1807 წელს ეგვიპტის ფარაონ ხეფრესის მუმიასთან აღმოაჩინეს ხის კბილების პროთეზი. ცნობილია, რომ ეს ფარაონი ძველ წელთაღრიცხვამდე 2,5 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ძნელია ზუსტ თარიღებზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ეგვიპტელები კბილის პროთეზებს უძველესი დროიდან ამზადებდნენ. ისინი ჩვეულებრივი პროთეზებისთვის მონების კბილებს იყენებდნენ, ხოლო ფარაონებისთვის სპილოს ძვლის ძვირფას პროთეზებს ქმნიდნენ. ხელოვნურ კბილებს ხშირად ოქროს ან ვერცხლის მავთულით აერთებდნენ.

კარგ კბილის პროთეზებს ამზადებდნენ რომაელები და ინდოელები. 1864 წელს ფინიკიაში, ქალაქ სიდონში, აღმოაჩინეს პროთეზი, რომელშიც კბილები ერთმანეთთან ოქროს მავთულით იყო დამაგრებული. ოქროს პროთეზები აღმოაჩინეს ეტრუსკების სამარხებშიც. ცნობილია, რომ მათ დიდი კულტურა და ისტორია ჰქონდათ, როგორც ჩანს, ეტრუსკებმა ხელოვნური კბილების დამზადების ტექნიკაც კარგად აითვისეს. ეტრუსკთა პროთეზები თანამედროვე მოსახსნელ პროთეზებს მოგვაგონებს. მთავარია, რომ ისინი ღეჭვისთვისაც გამოდგებოდა. საკმაოდ კარგ პროთეზებს აკეთებდნენ ინდიელებიც. მათი ნიმუშები არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს.

- რამდენად კომფორტული იყო ეს პროთეზები?

- სავარაუდოდ, ძალიან მალე ფუჭდებოდა, მაგრამ უკბილობას ნამდვილად ჯობდა.

ალბათ, ამ პროთეზების უმრავლესობას მხოლოდ კოსმეტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, ჭამის დროს მათ იხსნიდნენ და მერე ისევ იკეთებდნენ.

- ძირითადად, რა მასალას იყენებდნენ ხელოვნური კბილებისთვის?

- გარდა ხის მასალისა, ძველი სტომატოლოგები ოქროსაც იყენებდნენ. გამოიყენებოდა ცხოველთა და ფრინველთა ძვლებიც. ამ პერიოდში პროთეზირებაზე მუშაობდნენ მეთუნეები, ოქრომჭედლები, დალაქები, დურგლები და სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც. ყველაზე შორს წავიდნენ ეგვიპტელები - ხიდისებრ კონსტრუქციებს ქმნიდნენ და მათ ჯანსაღ კბილებზე ამაგრებდნენ. პროთეზებისთვის გამოიყენებოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძვლები და კბილები.

ისტორიიდან ისიც ცნობილია, რომ ძველი სტომატოლოგები სპეციალურად მიჰყვებოდნენ ბრძოლაში არმიას და დაღუპულ მეომრებს კბილებს აცლიდნენ. ზოგჯერ პაციენტი რამდენიმე ადამიანის კბილებს ატარებდა.

სხვა საქმეა, რამდენად კომფორტული იყო და რა გართულებებს იწვევდა, მაგრამ მთავარია, რომ მათ ქმნიდნენ და თანამედროვე ორთოპედია სწორედ უძველესი სპეციალისტების გამოცდილებაზე დაყრდნობით განვითარდა.

შუა საუკუნეების ოსტატებიც ხელოვნურ კბილებს გარდაცვლილი ადამიანების და ცხოველების, მათ შორის, სპილოს ძვლებისაგან ამზადებდნენ. თანდათან პროთეზირება ევროპაშიც პოპულარული გახდა. მდიდარი ევროპელები შვილებს ქორწილში პროთეზს ჩუქნიდნენ, რაც იმ დროში სიმდიდრის სიმბოლო იყო.

- რომელი პერიოდი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ორთოპედიის ისტორიაში?

- გარდამტეხი ამ დარგისთვის მე-18 საუკუნე აღმოჩნდა: იმდროინდელმა ექიმებმა იმდენი შეძლეს, რომ პროთეზს ფუნქციური დატვირთვა მიენიჭა, პროთეზირება კი მედიცინის ერთ-ერთ დარგად იქცა. განსაკუთრებულია ამ სფეროში ფრანგი ექიმის, პიერ ფოშარის წვლილი. სწორედ ფოშარმა შექმნა პირველი სტომატოლოგიური სავარძელი, გამოიგონა პროთეზის დაფიქსირება ოქროს მავთულებით და ე.წ. ხიდი კბილებს შორის.

- საქართველოში თუ ამზადებდნენ კბილის პროთეზებს?

- ნაკლებად, ყოველ შემთხვევაში, ისტორიული ცნობები შემორჩენილი არ არის. რაც მთავარია, თანამედროვე ორთოპედიის მიღწევები ქართველმა ექიმებმა კარგად აითვისეს.

ვაშინგტონის პროთეზი

ცნობილია, თუ როგორ გამოიყურებოდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის კბილის პროთეზი. მას მხოლოდ ერთი კბილი ჰქონდა, მისმა პერსონალურმა დანტისტმა - ჯონ გრინვუდმა შექმნა პროთეზი, რომელიც ოქროსაგან, ადამიანისა და ცხოველების კბილებისა და ძვლებისგან შედგებოდა. ამბობენ, რომ ჯორჯ ვაშინგტონი იშვიათად იღიმებოდა და ამის მიზეზი სწორედ მისი კბილები იყო.

სტომატოლოგიის "მამა"

პიერ ფოშარი, ფრანგი ექიმი, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქიურგიული მეცნიერების ფუძემდებელი გახლდათ. მისი ნაშრომები იმ დროისთვის ნამდვილი რევოლუცია იყო. ის საკუთარ თავს ქირურგ-სტომატოლოგად" მოიხსენიებდა.

მან მოახდინა მესაათეების, თერძებისა და იუველირთა ინსტრუმენტების იმპროვიზაცია და დანერგა სტომატოლოგიაში. ფოშარმა პირველმა შეძლო ერთ ბლოკში შეკრული ხელოვნური კბილების ფიქსაცია პირის ღრუში არსებულ კბილებთან. ხელოვნური კბილებისათვის სპილოს ეშვსა და ძვალს იყენებდა, ხოლო ოქროს ბრეკეტებს ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციის გასწორებისთვის, რომელიც კბილს უმაგრდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ქსოვილით.

ფოშარმა თავის ნაშრომებსა და ჩანაწერებს თავი მოუყარა და 1723 წელს გამოსცა წიგნი `ტრაქტატი კბილებზე~."

პიერ ფოშარი გარდაიცვალა 1761 წლის 22 მარტს, 83 წლის ასაკში.

ხათუნა ჩიგოგიძე