ღეროვანი უჯრედების მიღება და გამრავლება საქართველოშიც ხდება - კვირის პალიტრა

ღეროვანი უჯრედების მიღება და გამრავლება საქართველოშიც ხდება

მეცნიერებმა პირველი ღეროვანი უჯრედის გამოყვანა და შენახვა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიწყეს. კიდევ ნახევარი საუკუნე დასჭირდათ იმისთვის, რომ ამ უჯრედების გამოყენება პრაქტიკულ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ დაენერგათ.

დღეს ღეროვანი უჯრედებით იკურნება ისეთი მძიმე დაავადები, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება, ინსულტი, ღვიძლის დაავადებები და სხვ. თუმცა ყველაზე მასშტაბური გამოყენება ღეროვან უჯრედებს მაინც პლასტიკურ ქირურგიაში აქვს.

საქართველოში ღეროვანი უჯრედების მიღება ტექნიკურად შესაძლებელი მხოლოდ 10 წლის წინ გახდა. ცოტა უფრო მოგვიანებით დაიწყეს ღეროვანი უჯრედების მისაღებად ჩვილების ჭიპლარიდან აღებული სისხლის შენახვა. თუმცა ცნობილია, რომ ღეროვანი უჯრედების მისაღებად ყველაზე ღირებული და აქტიური აბორტული მასალაა. ამიტომ, ღეროვანი უჯრედების საჭირო რაოდენობის მისაღებად აბორტი ზოგ ქვეყანაში სარფიან ბიზნესად იქცა.

სხვათა შორის, წლების წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა კანონით ნებადართული არ იყო, "კვირის პალიტრა" წერდა, რომ სააბორტო მასალა საქართველოდან არალეგალურად რუსეთში გაჰქონდათ. იქ კი მუქთად ნაყიდი ემბრიონების ქსოვილებისგან ღეროვან უჯრედებს ამზადებდნენ და გაახალგაზრდავების მსურველებს, ასეულათასობით დოლარად შეფასებულ ინიექციას უკეთებდნენ.

დღეს უკვე ღეროვანი უჯრედების შექმნა ადგილობრივად არის შესაძლებელი. არც აბორტს კრძალავს ჩვენი კანონმდებლობა. თუმცა "უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის" მესვეურები აცხადებენ, რომ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქართველოში სააბორტო მასალისგან ღეროვანი უჯრედების დამზადება ნებადართული არ არის.

კოტე მარდალეიშვილი, (პროფესორი): - ჩვენ უკვე 10 წელია ვმუშაობთ ღეროვანი უჯრედების მიღებასა და გამრავლებაზე. დაახლოებით 38-40 შემთხვევაში გვაქვს გამოყენებული ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ. მაგალითად, როდესაც ქიმიოთერაპიის ფონზე ვითარდება ლეიკოპენია, პაციენტს მისივე ღეროვან უჯრედებს ვუნერგავთ, რომლებიც თავის მხრივ გარდაიქმნება ლიმფოციტებად, ლეიკოციტებად და გვაძლევს საშუალებას რამდენიმე დღეში აღვადგინოთ ორგანიზმში მათი სრული ბალანსი.

ღეროვანი უჯრედები ეფექტურად გამოიყენება სისტემური დაავადებების სამკურნალოდ - ლიმფოსარკომების, ლიმფოლეიკოზების და სხვ. ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, როდესაც მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას ვატარებთ და იქ იმ ღეროვან უჯრედებს იმისათვის ვნერგავთ, რომ არსებული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ პაციენტს.

- როგორ ხდება ღეროვანი უჯრედების მიღება?

- ღეროვანი უჯრედი არსებობს ოთხი სახის: აბორტული მასალიდან მიღებული, ჭიპლარიდან მიღებული, ძვლის ტვინიდან მიღებული და პერიფერიული სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედი. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ყველა ამ უჯრედს მივცეთ მიმართულება - გავზარდოთ კარდიოციტად, ღვიძლის ქსოვილად, ნერვულ ქსოვილად და უკვე მომზადებული ღეროვანი უჯრედები შევიყვანოთ ორგანიზმში.

- აბორტული მასალისგანაც ქმნით ღეროვან უჯრედებს?

- გარკვეული ეთიკური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე საქართველოში აბორტული მასალიდან მიღებული ღეროვანი უჯრედის გამოყენება ნებადართული არ არის. არის ქვეყნები, სადაც ამის გაკეთებას კანონი ითვალისწინებს, მაგალითად ისრაელში, ინგლისში, ჩინეთსა და სხვა აზიურ ქვეყნებში. აბორტული მასალისგან მიღებულ ღეროვან უჯრედებს იყენებენ როგორც გასაახალგაზრდავებლად, ასევე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ნაყოფიდან მიღებული ღეროვანი უჯრედი ძალიან აქტიურია და მისი ტრანსფორმაცია იმ ქსოვილად, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება, გაცილებით უფრო მალე ხდება. ის ჩვილის ჭიპლარიდან მიღებულ ღეროვან უჯრედზე უფრო აქტიურია. ამიტომ არის, რომ რუსეთში პლასტიკურ ქირურგიაში მას აქტიურად იყენებენ და ერთი გასაახალგაზრდავებელი პროცედურა დაახლოებით 200.000 დოლარი ჯდება. ამ პროცედურის შემდეგ პაციენტებს ჭაღარა უმუქდებათ და ნაოჭები უქრებათ.

- ჭიპლარის სისხლის ბანკის დაფუძნება საქართველოში რას მოგვცემს სამომავლოდ?

- პირველ რიგში იმას, რომ ის 17-20 პაციენტი, რომელიც საქართველოდან ყოველწლიურად იგზავნება ევროპაში ტრანსპლანტაციისათვის და ამისათვის 250-300 ათას ევროს იხდიან, უცხოეთში აღარ წავლენ და აქ გაივლიან ყველა საჭირო სამკურნალო პროცედურას.

ჩვენ 2005 წლიდან დავიწყეთ ჩვილების ჭიპლარიდან სისხლის აღება. ყოველწლიურად იზრდება იმ მშობელთა რიცხვი, ვინც საკუთარი შვილის ჭიპლარიდან აღებულ სისხლს ბანკში ინახავს. დაახლოებით 1000-მდე ნიმუში ინახება დღეისათვის ჩვენს ცენტრში, მაგრამ ეს საკმარისი არ ვარის. სახელმწიფოს ხელშეწყობაა საჭირო. თუ ხელისუფლება პირველ ეტაპზე მაინც დააფინანსებს ღეროვანი უჯრედების საჯარო ბანკის შექმნას, მაშინ, რომ იტყვიან, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

გავერთიანდებით ღეროვანი უჯრედების საერთაშორისო ბანკში და საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ უკვე იქიდან მივიღოთ, ან გავგზავნოთ შესაფერისი მასალა. ხოლო 70000-დან არის ერთი შანსი იმისა, რომ არამონათესავე პირების ღეროვან უჯრედებში თავსებადობა შედგეს.

- შეგიძლიათ დამისახელოთ კონკრეტული მაგალითი, როდესაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციამ დადებითი შედეგი გამოიღო?

- 17 წლის ბიჭს ლიმფოსარკომა ჰქონდა. უმკურნალეს ქიმიოთერაპიით, მაგრამ ამაოდ, გადავიყვანეთ მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიაზე ღეროვანი უჯრედების გამოყენებით და... ის ბიჭი დღესაც ცოცხალია. რაც შეეხება ჩვილების ჭიპლარიდან აღებულ სისხლსა და მისგან დამზადებულ ღეროვან უჯრედებს, სამკურნალოდ ჯერ არ გამოგვიყენებია, რადგან იმ ბავშვებს, საბედნიეროდ, ჯერ არ დასჭირვებიათ.

ცნობისათვის, ჩვენთან ღეროვანი უჯრედების შენახვა გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ევროპაში დაახლოებით 3.000 ევრო ჯდება, უნგრეთში 1.300 ევრო, ამერიკაში 5.000 დოლარი, ჩვენთან კი 780 ევრო. დამტკიცებულია, რომ თუ 35-36 წლის ასაკიდან ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას დავიწყებთ, ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა 120-150 წლამდე გაიზრდება.