სტომატოლოგი გვირჩევს: როგორ დავამარცხოთ ღრძილების ანთება
09-04-2018
სტომატოლოგი გვირჩევს: როგორ დავამარცხოთ ღრძილების ანთება
"ბოლო ეტაპზე პაციენტს უმწვავესი ტკივილი ეწყება, რომელიც კბილის ტკივილს არაფრით ჩამორჩება. ამას კბილების მორყევა და სრულიად ჯანმრთელი კბილების დაკარგვა მოსდევს. ამიტომაც არის საყურადღებო ღრძილების ანთების მკურნალობა"

ღრძილების ანთება ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო დაავადებაა, რადგან სრულიად ჯანმრთელი კბილების დაკარგვას იწვევს. როგორ დავიცვათ თავი მისგან? - ამის თაობაზე ექიმი-სტომატოლოგი მედეა დარჩია გვესაუბრება:

- ღრძილების ანთება არის დაავადება, რომელსაც რამდენიმე ფორმა აქვს. მისი საწყისი ეტაპი საკმაოდ მწვავეა - მას სეროზულ ანთებას უწოდებენ, მერე მოდის
ჰიპერტროფული გინგივიტი, ყველაზე რთული ფორმაა წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი, რომლის მკურნალობას ყველაზე დიდი ძალისხმევა სჭირდება. ღრძილების ანთების საწყისი ნიშანია სისხლდენა მაგარი საკვების მიღების ან კბილების გახეხვის დროს. ამ სიმპტომის აღმოჩენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ღრძილების შეწითლება, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან და ტკივილი ჭამის
დროს, ოღონდ ტკივილი უფრო მოგვიანო ეტაპზე იწყება. თუ ადამიანი დაზიანებულ ღრძილებს ყურადღებას დიდხანს არ მიაქცევს, ჯერ მწვავე ფორმა ჩამოუყალიბდება, რომელიც ქრონიკულ ფორმაში გადადის. ბოლო ეტაპზე პაციენტს უმწვავესი ტკივილი ეწყება, რომელიც კბილის ტკივილს არაფრით ჩამორჩება. ამას კბილების მორყევა და სრულიად ჯანმრთელი კბილების დაკარგვა მოსდევს. ამიტომაც არის საყურადღებო ღრძილების ანთების მკურნალობა.

- თავდაპირველად მხოლოდ ერთი ღრძილი ზიანდება თუ რამდენიმე?

- შეიძლება ლოკალურად ერთი ღრძილი დაზიანდეს, ან - რამდენიმე, მერე კი ეს პროცესი ყველგან გავრცელდეს.

- რა როლი ენიჭება ამ დაავადების ფორმირებაში გენეტიკას და ხომ არ უჩნდებათ ის პატარებს?

- გენეტიკურ წინასწარგანწყობას ამ შემთხვევაში დიდი როლი აკისრია. თუ ეს დაავადება მშობლებს და ახლობლებს ჰქონდათ, უფრო მეტია ალბათობა, რომ შვილსაც დაეწყოს, ამიტომ ასეთი პაციენტი უფრო ყურადღებით უნდა იყოს, ხშირად მივიდეს ექიმთან და ხშირად გაიკონტროლოს კბილები და ღრძილები. ღრძილების ანთება მოზარდებს შორისაც გვხვდება, განსაკუთრებით - გარდატეხის ასაკში. ის ღრძილების გადიდებით იწყება, რასაც ჰიპერტროფული გინგივიტი ჰქვია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, კარგი სავლების გამოყენება და ექიმის სწრაფი და დროული ჩარევა, რომ მოზარდს ეს პროცესი არ გაურთულდეს. ექვს თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტი ისედაც აუცილებელია, რადგან თუ ადამიანს ნადები ან კბილის ქვები აქვს, ეს ღრძილების ტრავმირებას იწვევს და მათი მოშორება აუცილებელია. შესაძლოა, ექიმმა რამე სავლებიც დაუნიშნოს ან უმკურნალოს. როცა დაავადება საწყის ეტაპზეა, ის უფრო ადვილად იკურნება. ღრძილების ანთების დროს კბილები შეიძლება სულაც არ იყოს დაზიანებული, ამ შემთხვევაში პაციენტმა მარტო ღრძილებზე უნდა იმკურნალოს.

- მცენარეული სავლები რამდენად ამსუბუქებს ანთებით პროცესს?

- ღრძილების ანთების დროს ძალიან კარგია გვირილისა და სალბის სავლები, მაგრამ ის ექიმის დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ. ასეთი სავლების გამოყენება დაავადების ბოლო ეტაპზე შეიძლება. სააფთიაქო ქსელში იყიდება სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის მიერ მოწოდებული სავლებები, რომლებიც ცუდი არ არის, მაგრამ მათი უსისტემო და ხშირი გამოყენებაც არ არის სასურველი. სავლები შეიძლება 1-2 კვირის განმავლობაში გამოვიყენოთ და მერე შევისვენოთ.

- ალბათ მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა - როგორ დავიცვათ თავი ღრძილების ანთებისაგან?

- ყველაზე საუკეთესო გზა პირის ღრუს სწორი მოვლა და ჰიგიენის დაცვაა. არც მოზარდს და არც დიდს არ უნდა დაეზაროს ყოველ დილა-საღამოს კბილების გაწმენდა. ეს ყველაზე მთავარი ფაქტორია, რომლითაც შეიძლება ღრძილების ანთება თავიდან ავიცილოთ. უკვე გითხარით, რომ ექვს თვეში ერთხელ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მთელი პირის ღრუს დათვალიერება, რომ სადმე ნადები ან ღრძილოვანი ჯიბე არ იყოს, საიდანაც ანთება მთელ პირის ღრუში გავრცელდება. მთავარია, პაციენტმა ყოველ დილა-საღამოს, 2-3 წუთი მაინც დაუთმოს პირის ღრუს ჰიგიენას, ტკბილი საკვებიც ნაკლები რაოდენობით მიიღოს და მისი მიღების შემდეგ კბილები აუცილებლად გაიხეხოს. ამ შემთხვევაში ანთება ისე მწვავედ და სწრაფად არ განვითარდება.

- ბევრი ფიქრობს, რომ პროფილაქტიკისთვის სავლების გამოყენებაა კარგი. ამაზე რას იტყოდით?

- ეს არასწორი შეხედულებაა. ჯანმრთელ კბილებს და ღრძილებს სავლები არ სჭირდება. თუ პაციენტი მიდრეკილია გინგივიტისკენ, მარტო გაწმენდა არ უშველის, მას რამდენიმე სეანსი დასჭირდება, რომ ანთების სიმპტომები სხვადასხვა მეთოდით ალაგდეს. შეიძლება ანთებითი პროცესის აღმოფხვრა ერთი სკრინინგითაც მოხერხდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს სწორ მოვლასაც: არ არის სასურველი ძალიან მაგარი ჯაგრისის გამოყენება, ყველას საშუალო ჯაგრისი ჯობია. ასევე არ არის სასურველი კბილის ჩხირების გამოყენებაც, რადგან ეს ღრძილების ტრავმირებას იწვევს. ჩხირებს ისევ ფლოსი ანუ კბილების ძაფი სჯობია. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ აზიანებს ღრძილებს­ ასანთის ღერი, რომელსაც ზოგიერთი კბილების გასაწმენდად იყენებს. თუ გსურთ, ჯანმრთელი და ლამაზი კბილები გქონდეთ, ასეთი ექსტრემალური `მეთოდები~ არასდროს გამოიყენოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით