გვირილა - მკურნალი - კვირის პალიტრა

გვირილა - მკურნალი

გვირილა - ყვითელგულა მინდვრის მშვენება შედის ძალიან ბევრ სამკურნალო მცენარეთა ნაერთში, რომელიც გამოიყენება ჭვალის, სტომატიტის, გინგივიტისა და პარადონტოზის სამკურნალოდ.

განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი ორგანოების, დიათეზის, დერმატიტის, ეგზემის ქრონიკული დაავადებების დროს და ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში.

გვირილას მიღება შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს.

მისი ნაყენი ამცირებს კუჭ-ნაწლავში დუღილის პროცესს, მუცლის შებერილობას, ხსნის კუჭის სპაზმებსა და ლორწოვანას გარსის შეშუპებას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას.

ხალხურ მედიცინაში იყენებენ გვირილის ჩაის, ნახარშს აბაზანისთვის, კომპრესად და პირში გამოსავლებად, ასევე გრიპის სამკურნალოდ.

თუ შეგაწუხათ ჭვალმა, ნერვიულობა დაგჩემდათ, ცუდად გძინავთ, სწრაფად ღიზიანდებით, მედიცინა გვირჩევს მიიღოთ გვირილის ჩაი ან ნახარში.

გარდა ამისა, გვირილა არის გაახალგაზრდავების ელექსირის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გამოიგონეს უძველეს დროში ცნობილმა ბუდისტმა ბერ-მონაზვნებმა. რეცეპტი ძალიან მარტივია:

შეურიეთ ერთმანეთს 100-100 გ კრაზანა, გვირილა, ნეგო და არყის ხის კვირტები, 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 3 საათი გააჩერეთ. დალიეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მხედველობას, სახსრების მოქნილობას, ხელს უშლის წონაში მომატებას, შველის ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს...

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:

მეტეორიზმის დროს: 6 წილი გვირილის, 4 წილი კატაბალახას ფესვების და 1 წილი კვლიავის 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 20 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და სვით 1/2 ჩ/ჭ დილას და საღამოს.

ღრძილების ანთების დროს თითო ჩ/კ შვიტას, ნარგიზულას და გვირილის ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 3 წუთი ადუღეთ; 30 წუთის შემდეგ გაწურეთ და გამოივლეთ პირში 5-6-ჯერ დღეში.

გადაღლილობისა და უძილობის დროს დამამშვიდებელი ჩაისთვის 1 ჩ/კ გვირილას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 10 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/კ თაფლიან წყალთან ერთად ძილის წინ.