როგორ უნდა მოვექცეთ ე.წ. ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს?
30-04-2018
როგორ უნდა მოვექცეთ ე.წ. ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს?
"როდესაც ოჯახში რომელიმე შვილს ანიჭებენ უპირატესობას, ეს მოზარდის აგრესიას იწვევს"

ყველას გაუგია ძველი ანდაზა - შვილი მტრულად გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო. ამ სიტყვებს ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები არ ეთანხმებიან: მათი თქმით, ნებისმიერი უხეშობა და სიმკაცრე მშობელს ბუმერანგივით უბრუნდება უკან. ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილიც იმ მოსაზრების მომხრეა, რომ სიმშვიდე და მოთმინება ბავშვთან ურთიერთობის საუკეთესო იარაღია:

- როგორ ყალიბდებიან "ძნელად აღსაზრდელი" ბავშვები და როგორ უნდა მოვექცეთ მათ?
- თუ ბავშვს არა აქვს თანდაყოლილი ცენტრალური
ნერვული სისტემის დარღვევები, ან ფსიქოსომატური დაზიანება, მაშინ მისი აგრესიულობის მიზეზი გარემოში უნდა ვეძებოთ. როდესაც ვიყენებთ ტერმინს "ძნელად აღსაზრდელი", უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს ბავშვი, რომლის გაგებაც შეუძლებელია. გერმანელი ფსიქოლოგები საკითხს ასე სვამენ: ასეთ დროს საკითხავია, ვინ არის ძნელად აღსაზრდელი - ბავშვი თუ მშობელი? თუ ბავშვი
აგრესიულია და ასოციალური ქცევით გამოირჩევა, ამის მიზეზი ხშირად მისი გარემოცვაა. საკითხავია, ხომ არ არის მის ოჯახში ხშირი კონფლიქტი და დაპირისპირება, რადგან მოზარდის ფსიქიკა ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. მოზარდები ხშირად ჰბაძავენ უფროსებს და მათ ქცევას იმეორებენ. აგრესიულობის მიზეზი ხშირად არის ბავშვის ინტერესების იგნორირება, ან მისი დამცირება. როდესაც ოჯახში რომელიმე შვილს ანიჭებენ უპირატესობას, ან ერთმანეთს ადარებენ, ეს მოზარდის აგრესიას იწვევს. გარდა ამისა, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გამოცდილება და დასჯის შიშით არ ენდობოდეს უფროსებს. შვილის ნდობის დამსახურება კი იოლი როდია.

- ეს სირთულეები ხომ ყველაზე ხშირად გარდატეხის ასაკში ვლინდება?
- დიახ, ასეა. ბავშვის გაგება ყველაზე ძნელია მოზარდობის ასაკში, რომელსაც ხშირად გარდატეხის ასაკსაც ვეძახით - კერძოდ, 10-12 წლიდან 17-18 წლამდე. ეს ყველაზე ფაქიზი და მგრძნობიარე ასაკია. ამ დროს ორგანიზმში არა მარტო ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და დამატებითი ჰორმონები გამოიყოფა, არამედ მოზარდის ფსიქიკაც ძირეულად იცვლება. ამ ასაკში ბავშვი შორდება უფროსებს და აგრესიული ხდება. თუ მას ოჯახში ავტორიტეტი არ ჰყავს, ქუჩაში გადის და იქ ეძებს, ხოლო თუ ავტორიტეტი აგრესიული ქცევის ადამიანი გახდა, მოზარდი მის ქცევას აუცილებლად გაიმეორებს.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელიც შვილს აგრესიას შეამჩნევს?
- თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რა არის ამის მიზეზი და თუ გაგვიმხელს, მისი საიდუმლო არ გავთქვათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი დამოკიდებულება აქვს მშობელს შვილის მიმართ. რაც მთავარია, მასთან ურთიერთობაში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ მაშინაც კი, როცა ძალიან აღელვებული ვართ. აღზრდის პროცესში დედ-მამის, ან ბებიისა და პაპის ტონს და გამომეტყველებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენი შვილის საქციელი არ მოგეწონათ, უპირველესად საკუთარი თავის პატივისცემისკენ უნდა მოუწოდოთ - ბავშვზე ეს ყველაზე კარგად მოქმედებს. ბევრჯერ თქმულა, რომ მოზარდის ფსიქიკაზე კომპიუტერული თამაშები და ვირტუალურ სამყაროზე მიჯაჭვულობაც ძალიან ცუდად მოქმედებს. დასაბუთებულია, რომ ეს ბავშვის სულიერ სამყაროს ფიტავს და მას აგრესიულ ადამიანად აყალიბებს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ბავშვმა განსაზღვრული დრო გაატაროს კომპიუტერთან.

- სამწუხაროდ, უხეში მიმართვა და მოპყრობა ზოგიერთ მშობელს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. რით აიხსნება ეს?
- დიდხანს ვმუშაობდი ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრში. რამდენიმე წლის წინ მთელი საქართველო შემოვიარეთ და ვნახეთ, რომ უამრავ ოჯახში ბავშვებზე ძალადობა ნორმად არის მიჩნეული - ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ შვილი "მტრულად" უნდა გაზარდოს, სცემოს კიდეც და არ ფიქრობს, რომ ძალადობის მსხვერპლი თვითონაც მოძალადედ გაიზრდება. მოზარდის ცემა მიუღებელი და გაუმართლებელია."როდესაც ბავშვს ურტყამ, შენ მის მომავალს ურტყამო, აცხადებენ თურქი ფსიქოლოგები. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი აუცილებლად აგრესიულ, უხეშ პიროვნებად ჩამოყალიბდება.
გაღიზიანებულ და ნამტირალევ ბავშვს მაინც ვერაფერს შევაგნებინებთ, ამიტომ გამოსავალი სიმშვიდე და მეგობრული დამოკიდებულებაა. მოზარდს მშვიდად უნდა ავუხსნათ, რა არის ცუდი და რა - კარგი.

- სპეციალისტებიც ხომ მიიჩნევენ, რომ ზოგჯერ სიმკაცრეა საჭირო?
- "ოქროს შუალედი" უნდა დავიცვათ. მუდმივი არც დასჯა უნდა იყოს და არც - წახალისება. ბუნებრივია, დასჯაში ცემას ან კუთხეში დაყენებას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ, თუნდაც დროებით, საყვარელი თამაშის ან გადაცემის აკრძალვას. თუ ბავშვი ზარმაცობს და არ სწავლობს, ისეთი სასჯელი უნდა მოვიგონოთ, რომ არ დაითრგუნოს და არ გაბოროტდეს. დასჯა-წახალისების მეთოდი ფსიქოლოგიაში მიღებულია, მაგრამ უცხო გარემოში შვილს ხმამაღალი შენიშვნაც კი არ უნდა მივცეთ. ალბათ, დაჰკვირვებიხართ, მშობელი შვილს როგორც ექცევა, ისიც ისევე პასუხობს. აქვე გეტყვით, რომ წახალისებაც არ უნდა იყოს მუდმივი, რომ ბავშვი ანგარებიანი არ გაიზარდოს. ბავშვს რაც უყვარს - ტკბილეული, სათამაშო თუ სხვა რამ, ჯილდოსავით უნდა მივცეთ, ოღონდ, თუ დაიმსახურებს. არსებობს აღმოსავლური ანდაზა: შვილი ისე უნდა გავზარდოთ, თითქოს ხელისგულზე ჩიტი გვიზის - თითები არც ძალიან უნდა მოვუჭიროთ, რომ არ მოგვიკვდეს და არც ძალიან გავშალოთ ხელი, რომ არ გაგვიფრინდესო. მე ვფიქრობ, ამ სიტყვებში არის ჭეშმარიტება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით