ცაცხვის სამკურნალო თვისებები - კვირის პალიტრა

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც კონცენტრირებულია მის ყვავილებსა და ფოთლებში.

ყვავილები შეიცავენ პოლიფენოლების (ფლავონოიდებს), ლორწოვან ნივთიერებებს და მცირე რაოდენობით - ეთეროვან ზეთს, არომატულ მჟავებსა და ტანინს.

ხალხური მედიცინით - ცაცხვის ყვავილის ჩაი რეკომენდებულია როგორც ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო საშუალება, ნახარში ასუფთავებს ფილტვებს ნახველისაგან. ცაცხვის ქერქითა და ყვავილედით დამზადებულ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და გამწმენდი თვისება. იყენებენ ანთებითი დაავადებებისა და ანგინის დროს პირში გამოსავლებად, გრიპისა და გაცივების დროს.

ცაცხვის ყვავილის ნახარში ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხსნის სპაზმებს, გამოიყენება როგორც მეტეორიზმის, ისე დიარეის დროს:

4 ს/კ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ლ წყალი, წამოადუღეთ, შეაგრილეთ, გაწურეთ. სვით 1/2 ჩ/ჭ თბილი ნახარში 2-3-ჯერ დღეში.

ჰომეოპათები ცაცხვის ყვავილის ნახარშს უნიშნავენ ცენტრალური ნერვული სისტემისა და შაკიკის დროს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას:

1 ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი, გაწურეთ და სვით 100-150 მლ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში.

დღის განმავლობაში დაზიანებული კანი რამდენჯერმე უნდა გაიწმინდოს ყვავილედის ნახარშით. ცაცხვის ხის დაფქული ქერქი ან მისი ექსტრაქტი წმენდს ორგანიზმს, ღვიძლის უკმარისობისა და ნაღვლის ბუშტის კენჭების დროს ასტიმულირებს სეკრეციას და ნაღვლის გამოყოფას: დღეში 3-ჯერ (დილით, შუადღისას და საღამოს) სვით თბილ წყალში გახსნილი ერთი კაფსულა ზაბოლონის (ხის ქერქი) ფხვნილი (აფთიაქში იყიდება).