პიოდერმია - საყურადღებო დაავადება - კვირის პალიტრა

პიოდერმია - საყურადღებო დაავადება

გამონაყარი კანზე ერთი შეხედვით უწყინარი მოვლენაა, მაგრამ ზოგჯერ დაავადებაზე მიგვანიშნებს. ადამიანის კანი ძალიან მგრძნობიარეა, ხშირად ზიანდება და მოფრთხილება სჭირდება, განსაკუთრებით - ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. კანის ყველაზე გავრცელებულ დაავადებაზე - პიოდერმიაზე, დერმატოლოგი ალექსანდრე გამყრელიძე გვესაუბრება:

- პიოდერმია არის კანის ჩირქოვანი დაზიანება, რომელიც მასში ჩირქმბადი მიკრობების შეღწევის შედეგად ვითარდება. მისი გამომწვევი მიკრობებია სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები, რომლებიც კანის მექანიკური ან ქიმიური დაზიანების დროს წარმოიქმნება - ამ დროს მიკრობი კანის შრეებში აღწევს და ანთებას იწვევს. ჩირქის გაჩენა მიუთითებს, რომ იმ უბანზე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.

- ბატონო ალექსანდრე, ცნობილია, რომ პიოდერმიის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა დაავადებაა. რომელს გამოყოფდით?

- პიოდერმიის ხელშემწყობი შეიძლება გახდეს კუჭ-ნაწლავის, ცენტრალური ნერვული სისტემის, ღვიძლისა და სისხლის დაავადებები, ვიტამინების ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. შაქრიანი დიაბეტის ფონზე მიმდინარე ნებისმიერი ანთება უფრო საშიშია, რადგან ხშირად რთულდება. დერმატოლოგები ამ დროს ცდილობენ, პაციენტს ძლიერი წამლები დაუნიშნონ, რომ პროცესი არ გართულდეს.

- გარდა შაქრიანი დიაბეტისა, როდის არის ყველაზე რთული კანზე გაჩენილი ანთებითი პროცესის ჩაქრობა?

- როცა პაციენტის იმუნიტეტი დაქვეითებულია. ეს კი მაშინ ხდება, როცა მკურნალობა იმუნიტეტის დამწევი პრეპარატებით მიმდინარეობს. იპოდერმიის მკურნალობას ყველაზე მეტად ართულებს კორტიკოსტეროიდებითა და ციტოსტატიკებით ხანგრძლივი მკურნალობა. უპირველესად უნდა ვახსენოთ ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც ქიმიოთერაპიას უტარებენ, ასევე პაციენტები, რომლებსაც თირკმელი ან სხვა შინაგანი ორგანო აქვთ გადანერგილი და იმუნიტეტის დამწევ პრეპარატებს იღებენ. ასეთ დროს ნებისმიერი ანთება, მათ შორის - კანზე გაჩენილი, ძნელი ჩასაქრობია, რადგან ორგანიზმი ცუდად ებრძვის ანთებით პროცესს. ასეთმა პაციენტებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ კანს. რატომ? - თუ პაციენტს ონკოლოგიური დაავადება აქვს, კანის დაზიანების შიშით ქიმიოთერაპია რომ არ ჩაიტაროს, დაიღუპება. ამიტომ მათ მეტი სიფრთხილე მართებთ. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, როდესაც პიოდერმია ჩვილ ბავშვს უჩნდება: შესაძლოა, ანთებითი პროცესი მთელ სხეულზე გავრცელდეს, სიცოცხლისთვის საშიში გახდეს და სეფსისში გადაიზარდოს.

- ძალიან მტკივნეული თემაა აკნე. რამდენად ეფექტიანია მისი მკურნალობა?

- სახეზე გამონაყარი ადამიანთა 60-70%-ს უჩნდება - ის 13-14 წლიდან იწყება და ზოგჯერ 25-30 წლამდეც კი გრძელდება. აკნე, ძირითადად, გენეტიკასა და ჰორმონებთან არის დაკავშირებული. მას ხშირად ჭარბცხიმიანობაც იწვევს, რომლის ფონზე ინფექცია ადვილად ვითარდება და ცხიმის გამომყოფი უჯრედების ანთება იწყება. ამ დროს ცხიმი კანის ზედაპირზე ვერ ამოდის და იმ ადგილას სტაფილოკოკები მრავლდება, რაც ჩირქოვანი გამონაყარის განვითარებას იწვევს. ამ შემთხვევაში ექიმი იყენებს ეფექტიან მედიკამენტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, აკნეს სიმპტომატიკა მოიხსნას, მაგრამ მათი გამოყენება მუდმივად არის საჭირო, დაავადების პროფილაქტიკის მიზნით. პროფილაქტიკა, უპირველესად, ცხიმის მოშორებას მოითხოვს: აკნეს დროს პაციენტებმა ისეთი კრემები და მალამოები უნდა გამოიყენონ, რომლებიც ცხიმიანი არ არის. აკნეს მკურნალობისას ეფექტიანი მეთოდია ზღვაზე გარუჯვა. მოზარდები ხშირად იწვალებენ გამონაყარს. ასეთი მექანიკური მანიპულაციები კანზე სტაფილოკოკის გავრცელებას ააქტიურებს.

- რა უნდა იღონოს მშობელმა, თუ მის შვილს კანზე გამონაყარი ხშირად უჩნდება?

- ბავშვებში პიოდერმია კონტაქტით ვრცელდება, ამიტომ თუ ოჯახში გამონაყარი ერთ ბავშვს აქვს, სხვები უნდა მოერიდონ მის საწოლში ჩაწოლას, ჩახუტებას, მისი ტანსაცმლის გამოყენებას. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ გამონაყარი არ გავრცელდეს. ბავშვებმა ხშირად იციან იმ ყავისფერი ქერქის მოგლეჯა, რომლის ქვეშაც ქსოვილების შეხორცება მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში პროცესი, რომელიც 8-10 დღეში დასრულდებოდა, შეიძლება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს. დედები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა გამონაყარზე იოდს უსვამენ. იოდი მეტ გართულებას იწვევს, ვიდრე პიოდერმია. იოდის წასმას ბრილიანტის მწვანის წასმა სჯობია.

- კანს ყურადღება მოზრდილმა ადამიანებმაც უნდა მიაქციონ. რას ურჩევდით მათ?

- რადგან ძალიან ხშირია გამონაყარის გაჩენა გაპარსვის შემდეგ, ამიტომ მამაკაცებს ვურჩევ, ელექტროსაპარსი გამოიყენონ და მერე ანტისეპტიკური საშუალებები წაისვან. თვეში ერთხელ ელექტროსაპარსის ის ნაწილები, რომლებიც კანს ეხება, სუფთა სპირტში უნდა ჩაყაროთ. ეს ეხება არა მარტო ელექტროსაპარსს, არამედ ეპილატორებს და ეპილაციის სხვა საშუალებებს. თუ გამონაყარი გართულდა, ჯობია, შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს, რადგან ხშირად თვითმკურნალობით გამოწვეული დაზიანების მკურნალობა უფრო რთულია, ვიდრე დაავადების.

ხათუნა ჩიგოგიძე