რატომ არ ლაპარაკობს პატარა?
18-06-2018
რატომ არ ლაპარაკობს პატარა?
მეტყველების დარღვევის პრობლემა მუდამ არსებობდა, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კი მეტად გაართულა - კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონზე მიჯაჭვულობამ ბევრ ბავშვს მეტყველება შეუფერხა. ბავშვმა გამართულად რომ ილაპარაკოს, უფროსებიც ასევე უნდა ელაპარაკებოდნენ, მაგრამ მშობლებიც კომპიუტერებთან რომ სხედან? ზოგადი სტატისტიკით, ყოველი ათი ბავშვიდან დაახლოებით ხუთი აგვიანებს მეტყველების დაწყებას, ანუ მეტყველების ფიზიოლოგიური პროცესი შეფერხებულია, მათგან ორ-სამს ხშირად ლოგოპედის დახმარება სჭირდება. ეს ითვალისწინებს არა მარტო ლოგოპედიურ, არამედ მეტყველების კომპლექსურ თერაპიას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება ერთ-ორ წლამდეც
გაგრძელდეს. გვესაუბრება ლოგოპედი ნანა თუშმალიშვილი:

- მეტყველების განვითარების ყველაზე აქტიური პროცესი 3-დან 6 წლამდეა და დარღვევებიც სწორედ ამ დროს ვლინდება. ჩვენში ხშირად ფიქრობენ, რომ თუ ბავშვი ლაპარაკს სამ წლამდე არ დაიწყებს, არა უშავს. ზოგჯერ ოთხ წლამდეც ელოდებიან. ლოგოპედთან ბავშვი უკვე 4-4,5 წლის მიჰყავთ, ამ დროს
კი მისი ამეტყველება ძალიან ძნელია. წლინახევრის ბავშვი უნდა ამბობდეს ორსიტყვიან ან სამსიტყვიან წინადადებას, თუ ამას ორი წლის ბავშვი არ აკეთებს, მაშინ მშობელმა სპეციალისტს უსათუოდ უნდა მიმართოს. ზოგჯერ შეფერხება მართლაც არ არის საგანგაშო, ზოგჯერ კი სერიოზული მიზეზი აქვს.

- ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ბავშვი მეტყველებას იწყებს?
- სქემა ასეც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: თუ პატარა 18 თვის ასაკში ვერ ასრულებს მარტივ სამეტყველო პროცედურებს, ვერ ამბობს: "დედა", "მამა", 2 წლისა ვერ წარმოთქვამს სხეულის ნაწილების სახელებს, არ იცის 25-მდე სიტყვა მაინც; 2,5 წლისა ვერ ხვდება შეკითხვას და არ შეუძლია 20-30 სიტყვის წარმოთქმა, მშობელმა ის სპეციალისტთან დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს.
არსებობს რამდენიმე სახის სამეტყველო დარღვევა, მაგალითად, ლოგონევროზი, მეტყველების ტემპისა და რიტმულობის დარღვევა, ენის ბორძიკი; ტაქილალია, მეტყველების ტემპის აჩქარება, სიტყვების, ფრაზის მონაკვეთების გამეორება; ბრადილალია, შენელებული მეტყველება. ყველაზე გავრცელებულია დისლალია. ამ დროს ირღვევა ბგერათწარმოქმნა, ბავშვს შეუძლია საუბარი, აზრის გადმოცემა, მაგრამ ბგერებს სწორად ვერ წარმოთქვამს. მაგალითად, დისლალიის გამოხატულებაა ლ-ს გამოყენება რ-ს ნაცვლად, გრძელ სიტყვებში მარცვლების არევა. თუმცა 6-7 წლამდე ამ ტიპის შეცდომები საგანგაშოდ არ ითვლება.

დისლალიას სხვადასხვა მიზეზი აქვს: გადატანილი დაავადება, ენის, კბილების, ტუჩების, ყბების პათოლოგიები, საარტიკულაციო აპარატისა და სმენის ჩამოუყალიბებლობა და უფრო მეტად კი სამეტყველო გარემო. მათ შორის ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი. ეს ბავშვის მეტყველებას ძალზე ვნებს და ბავშვშიც ენის მოჩლექის განვითარებას იწვევს. თუმცა ეს დარღვევა, წესისამებრ, შვიდ წლამდე უნდა ალაგდეს.

- ბავშვებში ძალზე ხშირია ენის ბორძიკი. მას რა იწვევს?
- ყველაზე ხშირად ემოციური სტრესი, შედარებით იშვიათად ტრავმა, ინფექციური დაავადებები. ხელშემწყობი ფაქტორია მემკვიდრეობითი განწყობა.

- გააქტიურდა აუტიზმის პრობლემები. ხშირად ამბობენ, რომ მეტყველების შეყოვნებაში ის ყველაზე ხშირად იმალება.
- აუტიზმისთვის დამახასიათებელმა პირველმა ნიშანმა შეიძლება მართლაც სწორედ მეტყველების დარღვევაში იჩინოს თავი. აუტიზმის დროს მეტყველებას დამახასიათებელი ნიშნებიც აქვს: გამოირჩევა ლაპარაკის გაწელილი, მონოტონური მანერით. სიტყვები ხშირად არ შეესაბამება მნიშვნელობებს. ბავშვი გამუდმებით ბუტბუტებს მისეულ ენაზე. შესაძლოა ლაპარაკობდეს საკუთარ თავზეც, ოღონდაც მესამე პირში. თუმცა მეტყველების შეყოვნება იმდენად მრავალფეროვან მიზეზებს ეყრდნობა, რომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც აუტიზმი იყოს. მაგალითად, დროულად არ დაიწყოს ლაპარაკი იმიტომ, რომ მშობლებს არ სცალიათ მისთვის, ან შეიძლება ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ პროტესტის გრძნობა აქვს, ან ორ ენაზე გახმოვანებულ მულტიპლიკაციურ ფილმებს უყურებს, ან სულაც ორენოვან გარემოში უწევს ყოფნა.

მსგავსი მიზეზებით გამოწვეული დარღვევა მარტივად ემორჩილება კორექციას და დროულად უნდა გაიმიჯნოს ცოტა უფრო საგანგაშო მიზეზებისგან, სადაც დაუყოვნებელი ჩარევაა აუცილებელი.

- მეტყველების შეყოვნების მიზეზი კომპიუტერთან ხანგრძლივი ყოფნაც შეიძლება იყოს?
- კომპიუტერთან ხანგრძლივმა ყოფნამ მეტყველების შეყოვნება შესაძლოა მოზრდილ ასაკშიც გამოიწვიოს, არათუ მცირეწლოვანში. ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპიუტერთან მიჯაჭვულ პატარებს მეტყველების უნარი სრულად ეკარგებათ, რაც იმდენად ემსგავსება აუტიზმის გამოვლინებას, რომ ხშირად გამოცდილ ექიმებსაც კი აუტიზმში ერევათ. მეტყველება ადამიანის ბუნებრივი, მუდმივი სამოქმედო არეალია, როცა არ ლაპარაკობს, ბგერებს გამართულად არ წარმოთქვამს, საარტიკულაციო აპარატი დუნდება და ნორმალური საუბრის რიტმი ეკარგება. მაგრამ, თუ პროცესები ტვინში არ მიმდინარეობს, გამოსწორება ადვილია. უფრო კარგი ის იქნება, ბავშვს დავეხმაროთ, რომ ეს პრობლემა არ შეექმნას.

თუ გვინდა, ჩვენი შვილები გამართულად მეტყველებდნენ, ბევრი უნდა ვესაუბროთ, ვუკითხოთ და მათ კითხვებზე აუცილებლად ვუპასუხოთ, არ გავუჯავრდეთ ენის ბორძიკის გამო. უცხო ენის შესწავლა მაშინ უნდა დავაწყებინოთ, როდესაც მშობლიურ ენაზე გამართულად ისაუბრებს.

საუკეთესო შედეგს მაშინ ვიღებთ, თუ მეტყველების თერაპიას სამ წლამდე დავიწყებთ. თერაპია უნდა იყოს კომპლექსური, მასში ჩაერთოს მეტყველების კორექცია, ფსიქოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები, სპეციალური მასაჟები და მეტყველება სწრაფად გამოსწორდება.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით