როცა ზაფხული პიკს აღწევს... - კვირის პალიტრა

როცა ზაფხული პიკს აღწევს...

ცოფმა ისევ იჩინა თავი

წლის ამ დროს, ლეიშმანიოზისა და ნაწლავური ინფექციების შემთხვევები პიკს აღწევს. წლევანდელი მონაცემების გასულ წელთან შედარება მხოლოდ წლის ბოლოს გახდება შესაძლებელი, მაგრამ უკვე არსებობს ვარაუდი, რომ წელს დაავადებულთა რაოდენობა მეტი იქნება. მიზეზთა შორის კი გახშირებული ნალექები და წყალდიდობები სახელდება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსახლეობა ტურების შემოსევას უჩივის. არის დაკბენის შემთხვევები, რაც ერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. მიმდინარე წლის განმავლობაში კი ეს ცოფით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ძლიერი სიცხის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს ე.წ. დამატებითი სიკვდილიანობის ფაქტები და გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების დაავადების და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

პაატა იმნაძე (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი): "ზაფხულში ნაწლავური ინფექციები იჩენს ხოლმე თავს და ამიტომ წელიწადის სხვა პერიოდს თუ შევადარებთ, ავადობის შემთხვევების რაოდენობა, რა თქმა უნდა, მეტია.

საბედნიეროდ, წელს ლეიშმანიოზის ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე თუნდაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღირიცხა. მაგალითად, გასული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ლეიშმანიოზის 104 შემთხვევა გამოვლინდა, წელს კი ექვსი თვის განმავლობაში 89 შემთხვევა აღირიცხა.

- იქნებ ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებების გამომწვევი მიზეზებიც განგვიმარტოთ?

- მწერიდან ადამიანზე ლეიშმანიოზის გადაცემა სწორედ ახლა, ზაფხულის სეზონზე ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძაღლები გვყავდეს მეთვალყურეობის ქვეშ. ვეტერინარმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს, ხომ არ აქვს ცხოველს ლეიშმანიოზი. მეორე აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვები დავიცვათ მწერის კბენისგან. ლეიშმანიოზის გადამტანი არის პატარა მწერი ფლებოტომუსი, რომელიც ზომით კოღოზე უფრო პატარაა და არც ბზუის კოღოსავით.

ეს მწერები სანადიროდ შებინდებისას გამოფრინდებიან ხოლმე, ამიტომ ამ დროს უმჯობესია ბავშვებს ეცვათ გრძელსახელოებიანი სამოსი, რომ კანი იყოს დაცული კბენისგან. და კიდევ, არის სპეციალური საშუალებები, რომლებიც აფრთხობენ მწერებს. კარგია თუ ღია ფანჯარას დამცავი ბადით დავიცავთ.

რაც შეეხება ნაწლავურ ინფექციებს, ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვით შესაძლებელია ნაწლავური ინექციების პრევენცია, ანუ ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ. კარგად უნდა იყოს გარეცხილი ხილი, ბოსტნეული, რომელსაც მივირთმევთ და რაც ყველაზე მთავარია, მაღალი ტემპერატურის დროს, მალფუჭებადი პროდუქტები, რომლებშიც ბაქტერიები ძალიან ადვილად მრავლდებიან, შევინახოთ გრილ ადგილას.

მწვანილს ისე ვერ გარეცხავთ, რომ ერთი-ორი ბაქტერია მაინც არ შეგყვეთ. ერთი-ორი ბაქტერია ავად არ გაგხდის, მაგრამ თუ მოხვდა არაჟანში ან მაიონეზში და თანაც მაღალ ტემპერატურაზე, რამდენიმე საათში უკვე ისე გამრავლდება, რომ საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.

- არსებობს მოსაზრება, რომ ინფექციური დაავადებების მატება ჭარბ ნალექებსა და წყალდიდობებსაც უკავშირდება...

- ხშირი ნალექების დროს სასმელი წყალი საშიში ხდება მოხმარებისთვის. ჭარბი წვიმების დროს უნდა მოვერიდოთ წყლის მოხმარებას წყალმომარაგების ისეთი სისტემებიდან, როგორიც არის ჭა, წყარო და სხვა.

- მალარიის შემთხვევებმა თუ მოიმატა?

- საბედნიეროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მალარია აბსოლუტურად კონტროლირებადია ქვეყანაში. გასულ წელს მხოლოდ ერთი ადგილობრივი შემთხვევა გვქონდა. წლის განმავლობაში შემოტანილი შემთხვევების რაოდენობა 5-6-მდე მერყეობს, მაგრამ წელს მალარიით ავადობის ერთი ადგილობრივი შემთხვევაც კი არ გამოვლენილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალარიის კონტროლი ქვეყანაში შესაძლებელი გახდა.

- ძლიერი სიცხე თუ ახდენს რომელიმე სხვა დაავადების პროვოცირებას, პროგრესირებას?

- ჰაერის მაღალი ტემპერატურა თავისთავად რთულად ასატანია, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს. სიცხემ რომ კაცი მოკლას, ასეთი რამე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია ადამიანს რამე დაავადება ჰქონდეს, მაგალითად, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები და სიცხემ ამ დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. ექიმები ამას ე.წ. დამატებით სიკვდილიანობას უწოდებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, აღნიშნული დაავადებით, ჩვეულებრივ ვითარებაში შესაძლოა არაფერი მოსვლოდა, მაგრამ ასეთ პირობებში, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობა უფრო მეტად დაზარალდეს.

- ცოფის გამოვლენის შემთხვევებმაც იმატა...

- ბოლო დროს ტურამ დაკბინა ბოლნისის რაიონის მკვიდრი და სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არათუ გარეული ცხოველის დაკბენის შემთხვევაში, არამედ შინაური ცხოველიც რომ დაკბენს, დააზიანებს, დადორბლავს ადამიანს, 24 საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შემდეგ ექიმი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სახის მკურნალობა ჩაუტაროს პაციენტს. ცოფის განკურნება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ პროფილაქტიკური მკურნალობა დაზიანების შემდეგ".

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით, სითბური დაუძლურებისა და სითბური დაკვრისას პირველადი დახმარების აღმოჩენაზე რჩევებსაც აძლევს. სითბური დაუძლურება ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა დიდი რაოდენობის სითხისა და მარილების დაკარგვაზე.

მისი დამახასიათებელი ნიშნებია: ოფლიანობა, ციანოზი (კანის სილურჯე), სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, კოლაფსი. თუ დაზარალებულს სითბური დაუძლურებისას დროულ დახმარებას არ აღმოუჩენენ, შესაძლოა, სითბური დაკვრა განვითარდეს. მისი სიმპტომებია:

სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხშირი და ძლიერი პულსი, სხეულის წითელი, გახურებული ზედაპირი, თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, შესაძლებელია გონების დაკარგვა. ექიმის მოსვლამდე საჭიროა დაზარალებულის გრილ ადგილას გადაყვანა, ცივი სითხის მიღება, სხეულზე ცივი ტილოს შემოხვევა, სახეზე წყლის შესხურება. თუ მას მზეზე დამწვრობაც აღენიშნება, დაზიანებულ ადგილას ცივი კომპრესი უნდა დაიდოს.