ზაფხული ბევრ თავსატეხს გვიჩენს... - კვირის პალიტრა

ზაფხული ბევრ თავსატეხს გვიჩენს...

რამდენადაც ზაფხულში დასვენება სასიამოვნო და სასარგებლოა, იმდენად ბევრ თავსატეხს უჩენს მშობლებს, მით უფრო მათ, ვისაც პატარა ჰყავს. ის, რომ ნაწლავური ინფექციები წლის ამ პერიოდში ხშირი მოვლენაა, არავის უკვირს, მაგრამ ზაფხულის ამ ცხელ დღეებში ისეთი დაავადებების მომატება, როგორიც ანგინა და ბრონქიტია, სულ ცოტა, გაოცებას იწვევს.

როგორც აღმოჩნდა, დასვენებასაც კი ცოდნა და წესების დაცვა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რისგანაც სიამოვნება უნდა მიგეღოთ, შესაძლოა დიდ თავსატეხად გექცეთ.

ნუგზარ უბერი (ექიმი-პედიატრი): "ასეთ ანომალიურად ცხელ დღეებში ბავშვებში მწვავე ნაწლავური ინფექციები იმატებს. შემდეგ მოდის ალიმენტური, ანუ კვებითი ინტოქსიკაციები - კვებითი მოწამვლები. ამიტომაც მართებს საზოგადოებას ცხელ დღეებში განსაკუთრებით პირადი ჰიგიენის დაცვა. უნდა შევიკავოთ თავი მალფუჭებადი პროდუქტების მიღებისგან, უპირველესად, ეს ეხება მაიონეზს, არაჟანსა და კარაქს.

საკვები თერმულად უნდა იყოს დამუშავებული და სასურველია, ზაფხულში საკვების მხოლოდ ერთჯერადად გამოყენება, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ასეთ გარემოში, მაღალი ტემპერატურის დროს, ადამიანისა და მით უფრო, ბავშვის იმუნიტეტი ქვეითდება და მშობელმა უნდა იცოდეს, რომ კურორტზე ყოფნასაც თავისი წესები და სამედიცინო რეკომენდაციები აქვს. არ არის რეკომენდებული, დღის 11 საათის შემდეგ ბავშვი ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდეს.

ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებლად უნდა მივაღებინოთ შხაპი. არ არის რეკომენდებული საკვების სანაპიროზე მიღება. ასეთ ცხელ დღეებში დიდი რაოდენობით სითხის მიღებაა საჭირო. სასურველია, ზღვის სანაპიროზეც კი ბავშვი საჩრდილობლის ქვეშ გვყავდეს. ზაფხულში ათასნაირი მწერია, ამიტომ ბავშვის ქვიშაში შიშველი ფეხით სირბილი ან ქვებზე შიშვლად წოლა არ არის სასურველი. მწერის ნაკბენს შეუძლია ორგანიზმში ინფექციის შეჭრა ან ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

- საკმაოდ გახშირდა ბავშვებში ნაწლავური ვირუსის შემთხვევები. როგორ ვრცელდება ეს ვირუსი და თუ არსებობს მისგან თავის დაცვის პრევენცია?

- ნაწლავის ვირუსი მიმდინარეობს პირღებინებით, ფაღარათით, მაღალი ტემპერატურით, მაგრამ შესაძლოა დაავადება ამ სიმპტომის გარეშეც მიმდინარეობდეს. ნაწლავის ვირუსი ვრცელდება როგორც კონტაქტური, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით. იქ, სადაც მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვეა, დაავადება უფრო ადვილად ვრცელდება.

მართალია, ამ დაავადებას მედიცინა ძალიან ეფექტურად მკურნალობს, მაგრამ ყოველთვის ჯობს მივმართოთ პროფილაქტიკას, პრევენციას.

ყველაზე ხშირად ეს დაავადება ბავშვებში მსუბუქი ფორმებით გამოვლინდება და იოლად ექვემდებარება მკურნალობას. ამ დაავადების სამიზნე ასაკი 3-5 წლამდე ბავშვებია.

- ხშირია ანგინის, ბრონქიტების შემთხვევები, განსაკუთრებით იმ ბავშვებს შორის, რომლებიც საზღვაო კურორტებზე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ...

- რამდენადაც მზე და ზღვა სასარგებლოა, იმდენად მავნებელია გადაჭარბებით მზეზე ყოფნა და გადაჭარბებით ზღვის აბაზანების მიღება. ყველაზე საზიანოა ჯანმრთელობისთვის ზღვაზე ყოფნა დღის პირველი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე. ამ დროს ბავშვის იმუნიტეტი ქვეითდება და ნებისმიერი ინფექცია შესაძლოა გამწვავდეს".

P.S. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ტკიპისმიერი ბორელიოზი, ამიტომ მათ, ვინც ტყის მასივებში ისვენებს ან ისვენებდა, ყურადღების გამოჩენა მართებთ. უმიზეზო სისუსტე, თავბრუსხვევა, შესაძლოა სწორედ იმის მიზეზი იყოს, რომ სადღაც ტანზე ტკიპა მოგეკრათ და ვერც შენიშნეთ.

ბოლო დროს ტკიპით დაკბენილი ბევრი მოქალაქე, მათ შორის ბავშვებიც მიმართავენ ექიმებს. ეს მწერი საშიში ვირუსების, ბაქტერიების, ბორელიების, შავი ჭირის გამომწვევი მიკრობებისა და ტულარემიის გადამტანია. რაც ყველაზე საშიშია, ტკიპას ადამიანზე ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსის გადატანა შეუძლია.

ამ ვირუსს ტკიპა თავის ორგანიზმში ინახავს და მთელ თავის შთამომავლობას გადასცემს. ტკიპები ღია ცის ქვეშ, ტყის მასივებში, მცენარეების ქვეშ, ხის ქერქში, ნიადაგის ნაპრალებში ცხოვრობენ.