გაუფრთხილდით გულს - კვირის პალიტრა

გაუფრთხილდით გულს

ადამიანის ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს გული მუშაობას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვემსახურება. ეს "ძრავა" რომ არ მოიშალოს, საჭიროა მოფრთხილება, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება:

მასზე ზეგავლენას ახდენს უარყოფითი ემოციები, სტრესები, მწუხარება, ეკოლოგია, ამინდი, ფიზიკური, გონებრივი დატვირთვა და  უწევს სისხლის გასამკეცებულად "გადატუმბვა".

გულით დაავადებულთათვის განსაკუთრებით რთული პერიოდია ზაფხული. ამინდის ცვლილება, ტემპერატურა, ტენიანობა, ატმოსფერული წნევა ერთნაირად მოქმედებს როგორც ჰიპერტონიკებზე, ასევე გულის იშემიური არითმიით და სისხლძარღვების ათეროსკლეროზით დაავადებულებზე.

ამიტომ მათ თავი უნდა აარიდონ მზეზე დიდხანს ყოფნას (განსაკუთრებით 10 საათიდან 16 საათამდე), თავზე აუცილებლად დაიხურეთ, შეეცადეთ, გაირუჯოთ ჩრდილში და არა მზეზე, თანდათან შეეჩვიეთ წყალს, დაისველეთ ჯერ მკლავები, შემდეგ ფეხები და მერე შედით წყალში.

თუ შინ გინდათ გაკაჟდეთ, დაიწყეთ კონტრასტული შხაპით; პირველად თბილი წყალი, შემდეგ ცივი, ამ შემთხვევაშიც გაკაჟება დაიწყეთ ჯერ ხელებით და ფეხებით, შემდეგ გადადით მთელ ტანზე.

დილით შხაპი დაამთავრეთ გრილი წყლით, საღამოს - ცხელით. ნუ მიეძალებით ცხიმიან საკვებს, გაზიან სასმელებს, რძეს, შეამცირეთ მარილი, შებოლილი პროდუქტები და ტკბილეული.

ჭამეთ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, გარგარი, საზამთრო. არაჟანი შეცვალეთ კეფირით, კარაქი - მცენარეული ზეთით, წყურვილი მოიკალით ნიახურის ნაყენით, გაზგაცლილი მინერალური წყლით, კომპოტებით, ლიმონიანი ჩაით. სითხე სვით ყლუპ-ყლუპად. ზაფხულში სითხის დღის ნორმაა 2-2,5 ლ.

ზაფხულში გულით დაავადებულთავის არარეკომენდებულია:

...ზედმეტი ფიზიკური ვარჯიში და შრომა;

...არ დაჯდეთ კონდიციონერის პირდაპირ;

...თავი შეიკავეთ აბანოში, საუნასა და სოლარიუმში სიარულისგან.

...თავი აარიდეთ ყოველ წვრილმანზე ნერვიულობას.

...არ დაიძინოთ გაუნიავებელ და დახუთულ ოთახში.

...არ დალიოთ სპირტიანი (ლუდიც კი) სასმელი.

...გაწუხებთ თუ არა, წნევა მაინც გაიზომეთ და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის დანიშნული წამალი.

...ოზონით, იოდით და ზღვის მარილით გაჯერებული ზღვის ჰავა თითქმის ყველას აჯანსაღებს, მაგრამ გულით დაავადებულთათვის წიწვოვან ტყეში დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებით სიცხეში, არარეკომენდებულია.