"ლურჯთვალა ექიმი" - კვირის პალიტრა

"ლურჯთვალა ექიმი"

ღიღილოს ლურჯი ყვავილები შეიცავენ ლორწოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, კუპრსა და პექტინებს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ასკორბინის მჟავას.

ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ შარდმდენად, მსუბუქ ნაღველმდენად და ღვიძლის დაავადებების დროს. აქვს ანტისპაზმატიკური და მადეზინფიცირებელი თვისებები.

ყვავილების ნახარში საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა თვალების დაავადებების - კონიუნქტივიტის, ჯიბლიბოსა და ანთებითი პროცესების დროს: 1 ჩ/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, აადუღეთ, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ, დაასველეთ მარლა და დაიფინეთ თვალებზე ან ნახარშით გამოირეცხეთ თვალები.

* გულის ფრიალის დროს 1-2 ჩ/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და სვით 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

* გულისა და თირკმლების დაავადებებით გამოწვეული შეშუპების დროს (როგორც შარდმდენი საშუალება) 1 ჩ/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 1 საათი გააჩერეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ნაყენი 3-ჯერ დღეში.

* ნეკნებისა და საერთოდ ძვლების მოტეხილობის დროს გამხმარ დაფქულ ღიღილოს ყვავილს დაამატეთ კვრინჩხის წვენი (1:1) და სვით 1 ს/კ დილას უზმოზე 8 დღის განმავლობაში.

* ყივანახველის დროს 1 ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და მიეცით ბავშვს 1 ს/კ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ნაყენი ხსნის ხველების შეტევას და აუმჯობესებს ავადმყოფის მდგომარეობას.

* შარდის შეკავების დროს 10 გ ღიღილოს ყვავილს, 15 გ არყის ხის კვირტს, 5 გ შვიტას, 10 გ სიმინდის ულვაშს და 10 გ ქაფუნას 4 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ ცივი წყალი, დადგით 5 წუთი, ადუღეთ, გააჩერეთ 45 წუთი, გაწურეთ, მიიღეთ 4-5 ჯერზე დღის განმავლობაში.

* ფურუნკულოზისა და კანის დაავადებების დროს შეურიეთ ერთმანეთს 15-15 გ ღიღილო და ორკბილა, 10-10 გ ჭინჭრის ფოთლები, კალენდულას ყვავილი და კაკლის ფოთლები, 20 გ სამფერა ია. 3 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათი და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3-4-ჯერ დღეში.

* ღიღილოს ყვავილებს კოსმეტიკაშიც იყენებენ.

დაღლილი თვალებისა და გაწითლებული ქუთუთოების დროს: 1 ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ. ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები 15-20 წუთით დაიდეთ თვალებზე.

ცხიმიანი და ფორებიანი კანის დროს 1 ს/კ ღიღილოს ყვავილს დაასხით 1 ს/კ არაყი, გააჩერეთ 5-10 წუთი, ნაყენით გაიწმინდეთ სახე, გაიკეთეთ კომპრესი ან გაყინეთ და გაიწმინდეთ სახე.

გახსოვდეთ! ღიღილოს ნახარში და ნაყენი შეიცავს შხამს, ამიტომ მისი მიღების დროს მტკიცედ დაიცავით დოზირება. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული მისი მიღება ფეხმძიმეებისთვის.