ტვინი რომ არ დაბერდეს... - კვირის პალიტრა

ტვინი რომ არ დაბერდეს...

თავის ტვინი შეიძლება "კომპიუტერს" შევადაროთ, სადაც შესაძლებელია ხარვეზებიც. ჩვენი ცოდნა, ანუ ტვინი უზრუნველყოფილია პროგრამებით. "კომპიუტერი"

შეიძლება დაბერდეს და ნელა დაამუშაოს დიდი პროგრამა, ზოგჯერ, თუ დიდ ინფორმაციას ვერ მოერია, "გამოირთოს" კიდეც.

ამ დროს ტვინი კარგავს მასში ჩადებული პროგრამის გამოყენების უნარს და არცთუ ძნელი წარმოსადგენია, რა მოჰყვება ამას, - ქვეითდება მეხსიერება. მეხსიერება ხომ ჩვენი წარსული, ცოდნა და გამოცდილებაა. ამიტომაც მის თუნდაც ნაწილობრივ დაქვეითებას დიდი უსიამოვნებები მოაქვს.

მაგალითად, ადამიანს უჭირს რომელიმე ფაქტის, სახელის, თარიღის გახსენება ან ანალოგიებზე დაფუძნებულ აბსტრაქტულ აზროვნებაში ექმნება პრობლემა. თუმცა, "სხეულით" აღქმული ცოდნა - ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, სიარული ასაკს არ ემორჩილება - არ ავიწყდება.

სპეციალისტები გვირჩევენ მოხუცებულობაში გონებისა და ნებისყოფის მობილიზებას. ვარჯიში სჭირდება არა მარტო კუნთებს, არამედ ტვინსაც: ტვინის უკეთესად მუშაობაში დიდ როლს თამაშობს არა მარტო კროსვორდები, თავსატეხები, შემეცნებით-სააზროვნო თამაშობები, უცხო ენის შესწავლა, არამედ საკვებიც, რომელიც უნარჩუნებს ტვინის სისხლძარღვებს ელასტიკურობას (მაგალითად, კუნელი, იმბირი (კოჭა, მოცვი, ძირტკბილა).

ჩინელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თავის ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია მაგნიუმი, რომელიც ეხმარება ტვინს სტრესის ადვილად გადატანასა და ტრავმების სწრაფად მოშუშებაში. მაგნიუმით მდიდარია ზღვის მარილი და წყალმცენარეები.