ენტეროვირუსმა შესაძლოა, მენინგიტიც გამოიწვიოს - კვირის პალიტრა

ენტეროვირუსმა შესაძლოა, მენინგიტიც გამოიწვიოს

მაღალი ტემპერატურის, ფაღარათის, პირღებინების სიმპტომებით ეს რამდენიმე კვირაა, სამედიცინო დაწესებულებებს უამრავი ადამიანი მიმართავს. უმეტესობა ბავშვია, ხშირ შემთხვევაში ზღვისპირა კურორტებიდან ჩამოსული. ექიმების განმარტებით, სეზონურ გასტროენტერიტთან გვაქვს საქმე. როგორც გავიგეთ, ინფექცია ზოგჯერ იმდენად რთული ფორმებით მიმდინარეობს, რომ მედიკოსები მენინგიტზეც კი ეჭვობენ.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - განსაკუთრებული არაფერი ხდება, წელსაც დაახლოებით დაავადების იმდენივე შემთხვევა გამოვლინდა, რამდენიც შარშან. ზაფხულია და ვრცელდება ამ დროისთვის ჩვეული ვირუსები, მათ შორის კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებები. გვხვდება ენტეროვირუსები, რომლებიც ხშირად ჰგონიათ, რომ აუცილებლად კუჭ-ნაწლავის აშლილობით უნდა მიმდინარეობდეს, რაც არასწორია. ენტეროვირუსები ნაკლებად აზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, უფრო ხშირად ვლინდება მაღალი ტემპერატურით და სისუსტით.

ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს დაუბანელი ხელებით ან დაბინძურებული საკვებით. გართულებების შემთხვევაში ენტეროვირუსები მენინგიტებსაც იწვევენ, საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა. მშობლებს შევახსენებ, მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვების ჰიგიენას. პლაჟზე რომ ბავშვი დაუბანელი ხელებით რაღაცას შეჭამს, დაავადების ალბათობა იზრდება.

- შესაძლებელია, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი ზღვის დაბინძურებული წყალი იყოს?

- არა, რადგან ზღვის წყალი მუდმივად კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ და დარღვევები არ არის. თუმცა, როდესაც ზღვაში უამრავი ადამიანი ბანაობს და ბავშვი წყალში ჭყუმპალაობისას ზღვის წყალს დალევს, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

- უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს საქართველოში ენტეროვირუსული ინფექციების აფეთქება და აზიის ქვეყნებში ახალი NDM-1 ვირუსის გამოვლენა, რომელიც ანტიბიოტიკებით არ იკურნება. ცხადია, საზოგადოებას აინტერესებს, ხომ არაფერი აქვს საერთო ჩვენთან მიმდინარე დაავადებებს ამ ახალ ვირუსთან?

- ის აბსოლუტურად სხვა ვირუსია და არანაირი კავშირი არ აქვს არც ზაფხულთან და არც სააგარაკო ადგილებთან. ზოგიერთმა ბაქტერიამ ანტიბიოტიკებისადმი მედეგობა შეიძინა. ეს საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა მთელ მსოფლიოში.

ამას ხელს უწყობს ექიმის დაუნიშნავად ანტიბიოტიკების მიღება. თუ ადამიანი არასწორად, არადანიშნულებით იღებს ანტიბიოტიკს, მისი ნორმალური მიკრობები, რომლებიც არის ნაწლავებში, ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ბაქტერიად გადაიქცევა. აზიის ქვეყნების შემთხვევაში ლაპარაკი იყო სწორედ ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ერთ-ერთ ბაქტერიაზე, რომელმაც პლასტიკური ქირურგიის დროს გამოიწვია გარკვეული გართულებები.

- პაციენტებს, სხვა სიმპტომებთან ერთად, აქვთ გამონაყარი ტანზე. ესეც დამახასიათებელია ენტეროვირუსებისთვის?

- ესეც პირადი ჰიგიენის პრობლემას უკავშირდება. პლაჟზე ბავშვს საკუთარი პირსახოცი უნდა ჰქონდეს და არ უნდა იკოტრიალოს შიშველმა ქვიშაში...

- მაგრამ როდესაც ინფექციაჰაერწვეთოვანი გზით გადადის, რთულია დაავადებისგან თავის დაცვა.

- არცე რთი ეს დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის. ზაფხულში დაავადებები ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება. ზაფხული არის ან კონტაქტური გზით გადამდები დაავადებების პერიოდი, ან დაუბანელი ხელებით გადაეცემა.

ოთარ რუსაძე, ექიმი გასტროენტეროლოგი: - მინდა საზოგადოება დავამშვიდო - განსაკუთრებული არაფერი ხდება. მასობრივი თავშეყრის ადგილებში უფრო სწრაფად ვრცელდება დაავადება, მათ შორის, გასტროენტეროვირუსი. დაავადება ახლაც ჩვეულებრივი, მისთვის დამახასიათებელი კლინიკით იწყება: პირღებინება, რასაც თან ახლავს დიარეა, ფაღარათი... დაავადება ექვემდებარება მკურნალობას.

- ამ დიაგნოზით უკანასკნელ ხანს იაშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ბევრი პაციენტი შემოვიდა?

- საკმაოდ... დაახლოებით ერთი თვეა, რეგულარულად მოგვმართავენ. პაციენტთა 65%-ს დიარეა აღენიშნება.

- გართულებული შემთხვევები ხომ არ ყოფილა?

- განსაკუთრებული გართულებები არ გვქონია, მაგრამ შემოდიოდნენ პაციენტები გაუწყლოებით, ელექტროლიტური დისბალანსით, რომლებიც საჭიროებდნენ კორექციას, შევსებას და შესაბამის მკურნალობას. ყველა ვირუსული ინფექციის შემთხვევა დაექვემდებარა მკურნალობას.

- გასულ წლებშიც იყო ენტეროვირუსის მსგავსი აფეთქება?

- წლის ამ დროს გასტროენტერიტი ყოველთვის გვხვდება, მაგრამ წელს ძალიან ბევრმა მოგვმართა. ვერ ვიტყვი, რომ წინა წელთან შედარებით პაციენტთა რაოდენობა გასამმაგებული იყო, მაგრამ შარშანდელზე მეტია.

- რა უნდა იცოდეს მშობელმა იმისათვის, რომ თუ შესაძლებელია, დაიცვას ბავშვი ამ დაავადებისგან?

- როდესაც დიIარეაზეა საუბარი, პირველ რიგში სანიტარიული ნორმების დაცვაა საჭირო. მაგრამ როდესაც ჰაერწვეთოვან ინფექციასთან გვაქვს საქმე, ბავშვი უნდა მოვარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ჩვეულებრივი ბანალური გასტროენტერიტით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, რა თქმა უნდა, ბაქტერიულიც შესაძლოა იყოს, მაგრამ ძირითადად მაინც ვირუსული გვხვდება.

- დღემდე გრძელდება მომართვა, თუ შემცირებულია პაციენტთა რაოდენობა?

- ამ დაავადებით პაციენტთა კლინიკაში შემოსვლა გრძელდება. მეტიც, ზაფხულის წინა პერიოდთან შედარებით, მათი რაოდენობა გაორმაგებულია. არიან ისეთებიც, ვინც არც ყოფილა ზღვისპირა კურორტზე, მაგრამ ეს დაავადება აღენიშნება. ამჟამად კლინიკის ინფექციურ განყოფილებაში სტაციონარულ მკურნალობას 22 ბავშვი გადის. ძნელია პროგნოზირება, როდის შენელდება ინფექციის გავრცელების ტემპები. შემოდგომაზეც ყოფილა ავადობის მაღალი მაჩვენებელი.