კაკალი ჯანმრთელობის სამსახურში - კვირის პალიტრა

კაკალი ჯანმრთელობის სამსახურში

უძველეს დროში კაკალი ხორბალზე მეტად ფასობდა, დელიკატესად მიიჩნევდნენ და მხოლოდ დიდებულები მიირთმევდნენ. დღეს კი ყველასთვის ხელმისაწვდომია;

უპირველესად, იგი სამკურნალოცაა, იცავს გულ-სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს (საშუალოდ 12%-ით). კაკალში ბევრი უჯერი ცხიმია (მათ შორის ომეგა-3), E ვიტამინი, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას და გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს, ხელს უშლის წონაში მომატებას, ხსნის სტრესს და გადაღლილობას, ამშვიდებს ნერვებს, შველის უძილობას.

კაკალი შეიცავს A და B  ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორსა და რკინას. ყველა სახის კაკალი სასარგებლოა, თუმცა დიეტოლოგები უპირატესობას ანიჭებენ ნიგოზს, მაგრამ გვაფრთხილებენ: არასასურველია მისი ჭამა მარილთან, შოკოლადთან და შაქართან ერთად, დღიური ნორმა არ უნდა აჭარბებდეს 60გ-ს.

ალერგიულებს და პატარებს მის მიღებას არ ურჩევენ. რეკომენდებულია დილით 1ჩ/კ ნიგოზი დაამატოთ ნატურალურ იოგურტს, სადილზე ხილთან ერთად მიიღოთ. არ არის კარგი ხორცთან და ღამით კაკლის მიღება - კუჭს უჭირს მისი გადამუშავება, სამაგიეროდ, კარგად ეთვისება რძის პროდუქტს.

გაგაცნობთ სხვადასხვა სახის კაკლის ზოგიერთ თვისებას:

თხილი - შეგმატებთ მხნეობასა და ენერგიას, შეუცვლელია ვარიკოზის დროს, ამაგრებს გულ-სისხლძარღვებს, რეკომენდებულია დიაბეტიანებისთვის, შეიცავს ძალიან მცირე ნახშირწყლებს.

კედრის კაკალი - საუკეთესო საშუალებაა მარილების დაგროვების პროფილაქტიკისთვის, აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას, მეძუძურ დედებს მატებს რძეს, შეიცავს ამინომჟავებს.

ნიგოზი - ამაგრებს ღვიძლს, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ხსნის სტრესს, შველის უძილობას. ებრძვის ანემიას, შეიცავს 45-77% ცხიმებს, 8-21% ცილებს, B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას. მწვანე ნაყოფი შეიცავს ასკორბინის მჟავას და მისგან ამზადებენ მურაბას.

ნუში - შველის ხველას, აქვეითებს არტერიულ წნევას, რეკომენდებულია თირკმლებისა და ნაღველსადინარების პრობლემების დროს.