წამალი სკიდან - კვირის პალიტრა

წამალი სკიდან

ფუტკარი საუკეთესო ფარმაცევტია. ყველაფერი, რასაც კი წარმოქმნის - თაფლი, ცვილი, დინდგელი, ჭეო და შხამი - სასარგებლოა.

თაფლი შეიცავს 70-ზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში, ეს არის ცილები, ანტიბიოტიკები, ნახშირწყლები, მიკროელემენტები, რომლებსაც ვერ შეცვლის ვერც ერთი სინთეტიკური ვიტამინების კომპლექსი.

ეს არომატული ნუგბარი ადამიანს ავსებს ენერგიით, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან (ვარიკოზი, სტენოკარდია, ჰიპერტონია) განკურნებაში. გარდა ამისა, თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აქვს ანთებსაწინააღმდეგო და მატონიზებელი თვისება, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ხელს უშლის სკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს ძილსა და გუნება-განწყობილებას.

მართალია, უძველესი დროიდან სარგებლობდნენ "ფრთოსანი ექიმებით", მაგრამ მხოლოდ XIX საუკუნეში მიაქციეს ექიმებმა ყურადღება ფუტკრის ნაკბენით მკურნალობას - აპითერაპიას. ცნობილია, რომ აპითერაპია ეფექტიანია გაცივების, რევმატიზმისა და ნევრალგიის მკურნალობისას. ფუტკრის შხამი შეიცავს ლიპიდებს, აცეტილქოლინს, ჰისტამინს, მჟავებს, ტუტეს, გოგირდს, ფოსფორს, კალციუმსა და მანგანუმს.

აქვს ანთებსაწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისება, ასტიმულირებს ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას. შხამით მკურნალობენ ბრონქიალურ ასთმას, პოლიართრიტს, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

თუმცა ფუტკრის შხამითა და ნაკბენით, ასევე თაფლით მკურნალობა საფრთხილოა, განსაკუთრებით ალერგიულებისთვის.

...თაფლის დღეღამური ნორმა მოზრდილებისთვის 100 გ-ია, ბავშვებისთვის 30-50 გ. ამ დროს სხვა ტკბილეული არ უნდა ჭამოთ.

...არასასურველია თაფლი მივცეთ პატარას 3 წლამდე, 3 წლის ზემოთ (1/2 ჩ/კ თაფლი დღეში) მივცეთ დიდი სიფრთხილით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ალერგიულია.

...თაფლი ეკრძალებათ დიაბეტიანებსა და მათ, ვისაც ალერგია აქვთ.

...არ გაათბოთ თაფლი 40 გრადუსზე ზევით, რათა არ დაკარგოს სამკურნალო თვისებები.

...გასტრიტის (მაღალი მჟავიანობით) დროს მიიღეთ თბილ წყალში გახსნილი თაფლი ჭამამდე 2 საათით ადრე, 3-ჯერ დღეში, ხოლო დაბალი მჟავიანობის დროს, - 100 მლ ცივ წყალში გახსნილი 1 ჩ/კ თაფლი, ჭამის წინ.