სიმინდის ულვაშის სიკეთე - კვირის პალიტრა

სიმინდის ულვაშის სიკეთე

სამკურნალოდ გამოიყენება სიმინდის არა მარტო ულვაში, არამედ ფოთლები და მარცვლები, რომლისგანაც ამზადებენ ზეთს.

სიმინდის ულვაში შეიცავს 25%-მდე ცხიმს, 3%-მდე საპონინებს, K3 ვიტამინს, 3%-მდე გუმფისისმაგვარ ნივთიერებას, მარცვალი შეიცავს 60%-მდე სახამებელს, ჩ და B ჯგუფის (BB1, B2, B6) ნიკოტინის მჟავას) ვიტამინებს.

აქვს ანთებსაწინააღმდეგო, ნაღველმდენი, შარდმდენი და სისხლის აღმდგენი თვისებები; მისი ნაყენის ხანგრძლივად მიღება ხელს უწყობს თირკმლებსა და შარდსადინარებში ქვების დაშლა-გამოდევნას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, შველის გულის დაავადებების მიზეზით გამოწვეულ შეშუპებას, გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ენტეროკოლიტის, ჰეპატიტის სამკურნალოდ, ეფექტიანია ჰემორაგიული დიათეზის, კუჭისა და საშვილოსნოდან სისხლისდენის დროს, როგორც სისხლის აღმდგენი საშუალება. კარგ შედეგს იძლევა დისკინეზიის ჰიპერკინეტიკური ფორმის მკურნალობისას:

დღეში 3-ჯერ 1ჩ/კ ხოლოსასის მიღებიდან 2 საათის შემდეგ მიიღეთ 2ს/კ სიმინდის ულვაშის ნაყენი (1ს/კ სიმინდის ულვაში: 1ჩ/ჭ მდუღარე წყალზე). სიმინდის ზეთს აქვს ნაღველმდენი თვისებები. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ფოსფატიდებს, სიტოსტერინს), რომლებიც აუმჯობესებენ ლიპიდურ ცვლას.

დღე-ღამეში 75 გ სიმინდის ზეთის მიღება (სალათასთან, ფაფებთან) ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს - შეიძლება გამოყენებული იქნეს ათეროსკლეროზის დროს და ნაღველკენჭოვანი დაავადებისას ქვების წარმოქმნის პროცესის შესაჩერებლად.

1ს/კ სიმინდის ულვაშს დაასხით 300 მლ მდუღარე, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ 2ს/კ 3-4 საათში ერთხელ, როგორც შარდმდენი საშუალება.

1ს/კ სიმინდის ზეთი მიიღეთ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

მზა სიმინდის ულვაშის 1ჩ/კ ექსტრაქტი მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

სიმინდის ფოჩი შეიცავს K1, ჩ და B3 ვიტამინებს, ეთერზეთებს, ინოზიტს, ნახშირწყლებს, პანტოტენის მჟავას, სიტოსტეროლს, სტერინებს, სტიგმასტეროლს, ტანინებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ცხიმოვან ზეთებს.

სიმინდის ფოჩის ნახარში გამოიყენება ცისტიტების, ალბუმინურიისა და გულის ქრონიკული სისუსტის დროს. აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ქრონიკული ცისტიტის, თირკმელში კენჭების დროს ტკივილისას. სიმინდის ნახარშს შემდეგი წესით ამზადებენ:

10გ სიმინდის ფოჩს დაასხით 1ჩ/ჭ ცივი წყალი, თავდახურული 30 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ და მიიღეთ 1-3 ს/კ ყოველ სამ საათში ერთხელ.

2 ს/კ ფოჩს დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 3 წუთი, გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ და 50 გ სითხე მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.

ხალხურ მედიცინაში სიმინდის მარცვალს იყენებენ ეგზემისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ: გახურებულ ტაფაზე ყრიან შუაზე გაჭრილ მარცვლებს და ჭყლეტენ რკინის საგნით, გამოყოფილ მუქ ყავისფერ სითხეს უსვამენ დაზიანებულ კანზე.