ტაბუდადებული თემა - ფსიქიკური აშლილობები - კვირის პალიტრა

ტაბუდადებული თემა - ფსიქიკური აშლილობები

ჰიპერაქტიური ბავშვების პრობლემა მწვავედ დგას

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ საზოგადოების ემოციური ფონი საკმაოდ მძიმეა და ეს ქუჩაში გამვლელებზე დაკვირვებითაც შესამჩნევია. სტრესი, დაძაბულობა, აგრესია -  ემოციების ამგვარ გამოვლინებას ხშირად ვხვდებით ბავშვებში, მოზარდებში, ზრდასრულ ადამიანებსა და ხანდაზმულებშიც კი. ზოგი ამას მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს, ფსიქოლოგები კი ქცევის პათოლოგიის მიზეზებს უფრო ღრმად ეძებენ.

მალხაზ დავითაშვილი, ფსიქოლოგი: "ფსიქიკური არამდგრადობის მიზეზები ნებისმიერ ადამიანში ბავშვობიდან იღებს სათავეს. ადამიანების უმეტესობა გარკვეულ ფსიქიკურ ტრავმას 6 წლამდე ასაკში იღებს, მაშინ, როდესაც ადამიანის ფსიქიკა ყალიბდება.

ნებისმიერი ადამიანის ცნობიერება მიმართულია სურვილის დაკმაყოფილებისაკენ, ამიტომ, როდესაც  "მინდა"-ს უპირისპირდება "არ შეიძლება", შედეგად ყალიბდება პათოლოგიური განწყობა და უკვე ზრადსრულ ასაკში სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობით ვლინდება. მათ შორის გვხვდება სოციოფობიები, ფსიქოსომატური დარღვევები და სხვ.

სამწუხაროდ, დღეს ეს პათოლოგიები გარკვეულწილად ტაბუდადებული თემაა. ბევრი არც კი მიიჩნევს საჭიროდ, ფსიქიკური აშლილობის გამო ექიმს მიაკითხოს, ბევრმა არც იცის, რომ ასეთი დაავადება აქვს, ზოგიერთი ამას დეპრესიას, ნევროზს ეძახის, არადა, ფსიქიკური აშლილობის ფორმებია პროსტიტუცია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაც კი. ფსიქიკური აშლილობაა, როდესაც ადამიანი ზედმეტად მორიდებულია. ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა, დიაბეტი და სხვ.

- გარემო ფაქტორები განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ბავშვების ფსიქიკაზე. ხშირად მშობელი ბავშვის ემოციურ ფონს ჭირვეული ხასიათით ხსნის, არადა შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებთან გვქონდეს საქმე. ბავშვს შესაძლოა ბევრი რამ უნდოდეს, მაგრამ მშობელმა ამის უფლება არ მისცეს. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არც ფსიქიკა დავუზიანოთ და მისი სწორად აღზრდაც შევძლოთ?

- პირველ რიგში, ეს ეხება იმ ბავშვს, რომელსაც მეტყველება უკვე ჩამოყალიბებული აქვს და მასთან შესაძლებელია საუბარი. ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ბავშვის დასჯას, მის მიმართ აგრესიის გამოვლენას. გარემოდან ბავშვი იმდენ სტრესს იღებს, რომ ზოგჯერ ამას ჩვენც ვერ ვაცნობიერებთ.

ბავშვებთან ურთიერთობისას უფროსები ხშირად ვართ არათანმიმდევრულები. ზოგჯერ მამა შვილს ეუბნება ერთს, დედა მეორეს და ბავშვის ფსიქიკა, იხლიჩება. არ შეიძლება ბავშვს ეფერებოდე და ამ დროს, მის თვალწინ, მის დას ან ძმას ეჩხუბებოდე. ამიტომ, მიზეზები  ჩვენს ქცევაში უნდა ვეძებოთ.

ბავშვს ზოგჯერ მართლაც აქვს მიზეზი ჭირვეულობისათვის. თუ მიზეზებს კარგად გავაცნობიერებთ, ყოველთვის გამოვნახავთ იმ ოქროს შუალედს, რომელიც ბავშვის სწორად აღზრდაში დაგვეხმარება..

- თუმცა, ბავშვისადმი არასწორი დამოკიდებულება არა მხოლოდ ოჯახში, არამედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშიც კი იჩენს თავს...

- მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა აღმზრდელობით დაწესებულებაში მუშაობენ ფსიქოლოგები, როგორც ჩანს, მათი მომზადების დონე მოთხოვნებს ვერ პასუხობს. სხვათა შორის, ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მიხედვითაც სწავლების კურსის ჩატარებას ვგეგმავთ არა მხოლოდ ფსიქოლოგების, არამედ პედაგოგებისთვისაც. სამწუხაროდ, ბევრმა პედაგოგმა არც კი იცის, როგორ წარმართოს ბავშვთან ურთიერთობა. მაგალითად, პედაგოგის მხრიდან ბავშვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, დასჯა, უარყოფითი ემოციის ყოველგვარი გამოვლენა, უდიდესი დანაშაულია და შესაძლოა, დაღი დაასვას ბავშვის ფსიქიკას.

თუ ბავშვი ცელქი და ჭირვეულია, პედაგოგს  მართებს, ეძებოს ქცევის მიზეზი და იპოვოს გამოსავალი. ჩვენს საზოგადოებაში მწვავედ დგას ჰიპერაქტიური ბავშვების პრობლემა. მათ ხასიათის პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც უწოდებენ; სასურველია, ჰიპერაქტიური ბავშვი იჯდეს პირველ მერხზე, მასწავლებელთან ახლოს. როდესაც კლასში ასეთი ბავშვია, პედაგოგმა უნდა შეადგინოს მასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა. ის ყოველთვის უნდა იყოს მასწავლებლის მხედველობის არეში და სხვებზე ხშირად მას უნდა მიმართოს.

- ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, იმ ბავშვებისათვის, ვინც ხშირად დაარღვევს დისციპლინას, სამტრედიაში სპეცსკოლა იხსნება. ჩემს ბავშვობაშიც იყო ასეთი სკოლები ძნელად აღსაზრდელთათვის. სწორია ასეთი ბავშვების თანატოლებისგან განცალკევება, მით უფრო მაშინ, როდესაც მუდმივად ვსაუბრობთ სხვადასხვა პათოლოგიის ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე?

- თანატოლებისაგან ბავშვის ასეთი იზოლაცია მაშინვე იწვევს მისი თვითშეფასების დაქვეითებას. სამწუხაროდ, ასეთ დაწესებულებებში ხშირად ხვდებიან მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, რომლებსაც ხშირად აქვთ ფსიქიკური აშლილობის სხვადასხვა ფორმა. ასეთ ბავშვეთან  კომპეტენტური ფსიქოლოგები და პედაგოგები უნდა მუშაობდნენ. არ არის მიზანშეწონილი ასეთი ბავშვების გამორჩევა  თანატოლებისგან. არ გვაქვს უფლება, არასწორი მიდგომის გამო თუნდაც ერთი ბავშვი "დავკარგოთ".

- ხშირად ემოციური ადამიანები მეტად საპასუხისმგებლო ადგილზე მუშაობენ. მინახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, რომელსაც საკუთარი ემოციების მართვა უჭირს და ათობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს...

- სამწუხაროდ ავტოავარიების სიხშირე ერთ-ერთ ყველაზე მოუგვარებელ და გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ეს კი მეტწილად განპირობებულია იმით, რომ ბევრ მძღოლს ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები აქვს: ემოციური არამდგრადობა, აგრესიულობა.

მან, შესაძლოა, გამოიწვიოს რეაქციის სისწრაფის დაქვეითება, სმენითი დარღვევები. უცხოეთში მძღოლი, რომელიც თვეში ორჯერ დაარღვევს მოძრაობის წესს, ჯარიმის გადახდის შემდეგ იძულებით ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის. აუცილებელია, მძღოლმა პერიოდულად ჩაიტაროს ფსიქოდიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში - ფსიქორეგულაციის ტრენინგი. ამით ის თავიდან აირიდებს სიცოცხლისათვის სახიფათო შემთხვევებს.