წნევა მერყეობს? - კვირის პალიტრა

წნევა მერყეობს?

ამინდის ნებისმიერი ცვლილება, წვიმა, ძლიერი ქარი მოღრუბლული ცა თუ მზეზე აფეთქებები ბევრ პრობლემას უქმნის მეტეოპათებს: ეწყებათ თავბრუ,

არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები, გულის აჩქარებული ცემა, შემცივნება, დაბნეულობა, შაკიკი, სახსრების ტკივილი, დეპრესია, უძილობა, ან პირიქით, ძილიანობა და ა.შ.

მაგნიტურ ქარიშხალს წყობილებიდან გამოჰყავს ხელსაწყო-დანადგარები, მეტად აზიანებს ადამიანის ნაზ ნატურას. ბუნების ამ მოვლენაზე განსაკუთრებით მკვეთრად რეაგირებენ პატარები, მგრძნობიარე, მშფოთვარე, მშიშარა და ეჭვიანი ადამიანები (ჰგონიათ, რომ ავად არიან), ჰიპოტონიკები და ჰიპერტონიკები, გულ-სისხლძარღვთა და ასთმით დაავადებულები, მწეველები, მლაშე-ცხარის მოყვარულები... და ქალბატონები, რომელთა ორგანიზმს განაგებს ჰორმონები.

მეტეოპათები ამ პრობლემებს თავს გაართმევთ, თუ გაითვალისწინებთ რჩევებს:

...ორგანიზმს განაწყობს ნორმალური მუშაობისათვის სწორი კვების რეჟიმი, რადგან ამინდის ცვლილებებზე თავისებურად რეაგირებს კუჭი - გამოყოფილი ფერმენტებით აფერხებს ნივთიერებათა ცვლას, ამიტომ იკვებეთ მსუბუქად.

...როგორც კი ცუდად იგრძნობთ თავს, გაიკეთეთ ყურის ნიჟარის ზედა ნაწილში მსუბუქი წერტილოვანი მასაჟი.

...მეტი დრო დაუთმეთ ბუნებაში სეირნობას, დღისით იყავით აქტიური და ღამით იძინეთ. ძილი დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

...გაიკაჟეთ ორგანიზმი, მიაჩვიეთ  სიცივეს და სიცხეს, მიიღეთ ჯერ ცხელი შხაპი, შემდეგ ცივი.

ნებისმიერი ამინდის დროს ცივი წყლით დაიზილეთ ტანი.

...თუ ალერგიული არ ხართ, გაიკეთეთ სურნელოვანი (ლავანდის, პიტნის, ვარდის და ევკალიპტის ზეთის) აბაზანები, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობილება და აგიმაღლდებათ იმუნიტეტი, დამშვიდდებით და დაგეძინებათ. ძილის წინ დალიეთ თაფლდამატებული ჩაი ან ბარამბოს ნაყენი.

თუ ამ საშუალებებმა არ გიშველათ, მიმართეთ ექიმს, რომელიც თქვენთვის საჭირო წამალს შეგირჩევთ.