"მშვიდობის გზავნილი" საქართველოს - კვირის პალიტრა

"მშვიდობის გზავნილი" საქართველოს

კონცერტი, რომელიც ჯანმრთელობას და სიყვარულს ქადაგებს

"მშვიდობის გზავნილი" - ამ სულისკვეთებით 8 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, პატრიარქის კურთხევით მეტეხის პლატოზე (ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია), მეტად საინტერესო და ქართული პუბლიკისთვის ჯერ უჩვეულო სანახაობა გაიმართება. თბილისი იაპონელ პოეტ ქალბატონს, მეცენატსა და აღმოსავლეთ აზიის კოგურიოს დინასტიის პირდაპირ შთამომავალს კეიკო კომას და მუსიკოს-იმპროვიზატორს იდაკი შინის უმასპინძლებს. კონცერტი საქველმოქმედო იქნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თბილისის შემდეგ იაპონელი სტუმრები კონცერტს ბაქოშიც გამართავენ.

კეიკო კომა მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ქმნის პოემებს ჰუმანურობაზე, ბუნებაზე, ცივილიზაციების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. პოეტი თავის შემოქმედებას პუბლიკას იდაკი შინის მუსიკის თანხლებით აცნობს და სჯერა, რომ მუსიკა აჯანმრთელებს ადამიანებს. კეიკო კომა მამის უკანასკნელ სურვილს ასრულებს და მსოფლიოს კოგურიოს ლეგენდას აცნობს. თბილისში დაგეგმილ კონცერტ-სანახაობსაც სწორედ ასე ერქმევა - "კოგურიოს ლეგენდის ხელახალი აღმოჩენა."

სხვათა შორის, დიდგვაროვანი იაპონელი პოეტი ქალისა და მუსიკოსის ტანდემი მეტად უცნაურად შედგა. 24 წლის ასაკში კეოკო კომას ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების განაჩენი ფაქტობრივად სასიკვდილო იყო, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ქალს რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენოდა. სწორედ მაშინ შეიტყო კეიკო კომამ მუსიკოსის შესახებ, რომელიც მუსიკის მეშვეობით ადამიანების განკურნებას ქადაგებდა.

მართლაც სასწაული მოხდა, იაპონელი დიდგვაროვანი ყოველგვარი აბებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების გარეშე განიკურნა. მას შემდეგ კეიკო კომამ გადაწყვიტა თავი ქველმოქმედებისთვის მიეძღვნა და ამისათვის არც მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას იშურებს.

აგერ უკვე 10 წელია დიდგვაროვანი პოეტი ქალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს და ყველგან, სადაც მისი პოემები და იდაკი შინის მუსიკის ჰანგები აღწევს, სულიერ სიმშვიდეს და კეთილდღეობას ქადაგებს. მათი კონცერტები შესაძლოა პირდაპირი მნიშვნელობით სამკურნალო თვისებების მატარებელი არ იყოს, მაგრამ ვინც ერთხელ მაინც მოუსმენს მათ, დიდი ხნის განმავლობაში სასიამოვნო შთაბეჭდილების ქვეშ იქნება. საინტერესოა, რომ მუსიკოსი იდაკი შინი ერთდროულად 11 მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს.

კეიკო კომასა და იდაკი შინის შემოქმედებას იაპონიაში 50 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ერთგული პუბლიკა მათ ყველა გასტროლის დროს თან ახლავთ. ახლაც, საქართველოში იაპონელ შემსრულებლებთან ერთად 100-ზე მეტი მათი ერთგული მსმენელი ჩამოვა. მათ შემოქმედებას იცნობენ ჩინეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიაში, ლიბანში, სირიაში, იორდანიაში, სომხეთში...

სხვათა შორის, კეიკო კომას საქართველოში კონცერტის ჩატარება ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, იაპონიის დიპლომატიურმა უწყებამ ურჩია, თავი შეეკავებინა საომარ კონფლიქტში მყოფ ქვეყანაში ვიზიტისგან. კეიკო კომამ არც ორი წლის შემდეგ თქვა უარი თავის ჩანაფიქრზე და "მშვიდობის გზავნილით" სურს სულიერი სიმშვიდე მოუტანოს ომის შედეგად ტრავმირებულ საქართველოს საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ კეიკო კომა ერთხელ უკვე იყო ჩამოსული საქართველოში და ჩვენმა ქვეყანამ ის გულგრილი ვერ დატოვა. მაშინაც და ახლაც, დიდგვაროვან ქალბატონს ტურისტული კომპანია "კავკაზუს თრეველი" მასპინძლობდა. ტუროპერატორია ასევე კონცერტის ორგანიზატორი. ღონისძიების

მხარდამჭერია ასევე თბილისის მერია.

R