მცდარი სქესი?! - კვირის პალიტრა

მცდარი სქესი?!

ბავშვთა შორის გინეკოლოგიური პრობლემები მოსალოდნელზე გაცილებით მეტია

ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ყოველთვის პაციენტების სიმრავლეა. ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს არავის აკვირვებს, მაგრამ როცა ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიურ განყოფილებასთან ექიმის მომლოდინე ათობით პატარა პაციენტი შევნიშნე, მათი ჯანმრთელობით დავინტერესდი.

დაავადებათა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბავშვებში ხშირია სასქესო ორგანოების ინფექციები, სქესობრივ სიმწიფესთან დაკავშირებული დარღვევები, საკვერცხეების პოლიკისტოზი და რეპროდუქციული სისტემის სხვა დაავადებები.

ნანა ჩოფიკაშვილი, მედიცინის დოქტორი, მოზარდთა ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგი: - ბავშვთა რეპროდუქციული სისტემის დარღვევებზე საუბარი ახალშობილის სიცოცხლის პირველი დღეებიდან უნდა დავიწყოთ. ხშირია შემთხვევა, როცა ექიმები ახალშობილის სქესის დადგენისას შეცდომას უშვებენ. მაგალითად, როდესაც ჰორმონული დარღვევის ფონზე, ბავშვის გარე სასქესო ორგანოს აგებულება მამრობითია, გენოტიპი კი მდედრობითი. სქესის მცდარი განსაზღვრა შემდგომში ბავშვის ფსიქიკას მძიმე დაღს ასვამს. როდესაც ბავშვი იზრდება, ვითარდება და ხვდება, რომ მისი სქესობრივი მიკუთვნებულობა მცდარია, ფსიქიკურად ეს მისთვის დიდი ტრავმაა. ამასთან შეგუება უჭირთ ასევე მის მშობლებს, ახლობლებს. ამიტომ, დროულად ჩატარებული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას გვაძლევს, მოვახდინოთ სქესის კორექცია და დავეხმაროთ გოგონას, რომ თავისი გენეტიკური აგებულების შესაბამისად განვითარდეს.

თუ ვამჩნევთ, რომ ბავშვის გარე გენიტალიები შეფერხებით ვითარდება, მაშინვე უნდა მივიყვანოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან. ასეთი დარღვევები ბავშვებში რთული ფორმით იშვიათად გვხვდება, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ექიმებიც და მშობლებიც ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ. ნაყოფის ჰორმონული აგებულების დარღვევა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს ხდება. დაავადების სიმძიმე ჰორმონული დარღვევის ხარისხზეა დამოკიდებული. თუ დარღვევა მძიმეა, მაშინ საჭიროა როგორც აქტიური მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე პლასტიკური ოპერაცია. მაგრამ თუ დარღვევა მკვეთრად არ არის გამოხატული, მაშინ პაციენტი შესაძლოა, პლასტიკური ოპერაციის გარეშეც განიკურნოს. გვყავდა 3 წლის პაციენტი, რომელსაც წარმატებით შევუცვალეთ სქესი. მკურნალობის შედეგად, მამაკაცის ჰორმონების მაღალი დონე მოვუხსენით და მისი შემდგომი განვითარება ქალის ტიპის შესაბამისად მოხდა. გვყავდა 17 წლის პაციენტი და სქესის შეცვლის შემდეგ მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. მკურნალობის გარეშე ამგვარი პაციენტის დატოვება დაუშვებელია, რადგან ასეთი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ზოგადად მის ჯანმრთელობას. არსებობს დარღვევები, რომელთა განკურნება არ ხდება. მაგალითად, თუ პაციენტი გენეტიკური მიკუთვნებულობით ვაჟია, მაგრამ ქალის ტიპის შესაბამისად ვითარდება, მისთვის სქესის შეცვლა მკურნალობით შეუძლებელია.

- სქესის შეცვლის შემდეგ თუ შეუძლია ასეთ ქალს ჰყავდეს შვილები?

- რა თქმა უნდა, რადგან მკურნალობის საფუძველზე ხდება მისი ნორმალური სქესობრივი განვითარება, მომწიფება და შვილებსაც აჩენს.

- ყველაზე ხშირად რომელი გინეკოლოგიური დაავადება გვხვდება ბავშვთა ასაკში?

- თუ დედამ ახალშობილს შენიშნა შესივებული სარძევე ჯირკვლები, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი, არ უნდა შეშინდეს, რადგან ეს დაბადების პირველი დღეების ფიზიოლოგიური ნორმაა, რომელიც დედის ჰორმონების ზეგავლენით არის განპირობებული და აუცილებლად გაივლის. მაგრამ სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვებში შესაძლოა, გამოვლინდეს ისეთი დარღვევა, როგორიც არის ნაადრევი სქესობრივი სიმწიფე. მენსტრუაციის მაგვარი გამონადენი საშვილოსნოდან შესაძლოა, ბავშვს აღენიშნებოდეს ორი-სამი წლის ასაკში, რაც საჭიროებს აუცილებელ და დროულ სამედიცინო ჩარევას. დარღვევად მიიჩნევა ბავშვთა ასაკში მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლენა, მაგალითად, ჭარბთმიანობა და სარძევე ჯირკვლების ზრდა. ეს კი თავის მხრივ იწვევს ბავშვის ზრდაში ჩამორჩენას.

არსებობს ნაადრევი მომწიფებულობის სხვა ფორმებიც, რომლებიც გამოწვეულია ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით. ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ნევროპათოლოგიც მონაწილეობს. თუ 2-3 წლის ბავშვს ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები აქვს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საკვერცხეზე არსებული სიმსივნით, რაც ასევე საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და, შესაძლოა, ქირურგიულ ჩარევასაც. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ 8 წლამდე მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება დარღვევაა, ხოლო 8 წლის შემდეგ სქესობრივი სიმწიფის დაწყება უკვე ნორმაა. თუმცა 8-9 წლის გოგონასთვის მენსტრუალური ციკლის დაწყება მაინც ნაადრევია.

- თქვენთან ხშირად მოჰყავთ ბავშვები სასქესო გზების ინფექციებით...

- დაინფიცირება შეიძლება მოხდეს დაბადებიდან და ბავშვი დაავადდეს ყველა იმ ინფექციით, რომელიც დედის ორგანიზმშია. სასქესო გზების ინფექციების გამოვლენა ხშირია 4-5 წლის ასაკში. მშობლიდან შვილზე ინფექცია შეიძლება გადავიდეს საყოფაცხოვრებო, აბაზანის საგნების ან საერთო საწოლის გამოყენებისას. არსებობს ისეთი სახის ინფექციები, რომლებიც სასქესო გზების დაცობას, საშვილოსნოს მილების დახურვას იწვევენ, რაც შემდეგ შეიძლება უშვილობის მიზეზი გახდეს.

- ქალბატონო ნანა, პაციენტებს შორის მცირეწლოვანი დედები თუ გყოლიათ?

- მყოლია ორსული პაციენტი გოგონები, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ შესაძლებელია დაორსულება. მოდიან 13-14 წლის გოგონები დედებთან ერთად და ჩივიან, რომ რამდენიმე თვეა, რაც მენსტრუალური ციკლი შეუწყდათ, გამოკვლევის შედეგად კი 4-5 თვის ორსულობა ვლინდება. ასეთ პაციენტებს ჯანდაცვის სამინისტროში ვაგზავნით, საჭიროა იურიდიულად საგანგებოდ გაფორმებული დადგენილება, რათა აბორტის ან ნაადრევი, ხელოვნური მშობიარობის უფლება მისცენ. იშვიათია შემთხვევები, როცა ასეთი მცირეწლოვანი დედები ბავშვს აჩენენ. მოზარდის ორსულობა და მშობიარობა უფრო ხშირად მიმდინარეობს გართულებებით, ვიდრე ზრდასრულ ქალებში. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გოგონა ადრეულ ასაკში თხოვდება და ოფიციალურად შვილის ყოლის უფლება აქვს, ზრდასრულ ასაკამდე მისთვის შვილის გაჩენა რეკომენდებული არ არის.