ყირიმ-კონგოს ცხელება - კვირის პალიტრა

ყირიმ-კონგოს ცხელება

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მძიმე ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, შინაგანი ორგანოების სისხლდენას იწვევს და ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება.

ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. სხვადასხვა დროს, ამ დაავადების შემთხვევები გამოვლინდა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებშიც, მათ შორის რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: - თბილისის შემოგარენში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაავადება საქართველოში ადამიანს აღმოაჩნდა. პირველად ვირუსი ყირიმში აღმოაჩინეს გასული საუკუნის 40-იან წლებში და მას ყირიმის ცხელება უწოდეს. მოგვიანებით დაავადებამ კონგოში იჩინა თავი და საბოლოოდ ყირიმ-კონგოს ცხელებით გახდა ცნობილი. პირველად, გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში ამ ვირუსის მატარებელი ტკიპები აღმოაჩინეს. შარშან ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ სამხრეთ საქართველოში და იქაც გამოავლინეს ტკიპებში ეს ვირუსი. მაგრამ თვით ამ დაავადების გავრცელება გადამტანებშიც კი იშვიათია, მით უფრო ადამიანებში. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ ადამიანს.

- დაავადების სიმპტომები როგორია?

- დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება შინაგანი ორგანოების სისხლდენა. ჩვენმა სამსახურმა უკვე იმუშავა იმ საკარმიდამო ნაკვეთში, რომელიც პაციენტს ეკუთვნის და სადაც სავარაუდოდ, მისი დაინფიცირება მოხდა. მის ეზოში ერთი თაგვიც დავიჭირეთ და ვიკვლევთ, არის თუ არა ამ ვირუსის მატარებელი. მინდორში ადამიანს ტკიპა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მიეკროს და თუ ეს ტკიპა მანამდე თაგვზე იჯდა, რომელიც ვირუსის მატარებელია, დაინფიცირების ალბათობა ძალზე მაღალია. მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანიდან ადამიანზე ეს ვირუსი არ გადადის. პაციენტის ოჯახის წევრები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, გამოკვლევა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუტარდებათ თუ დაავადების სიმპტომები ექნებათ.

- დაკბენიდან რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს დაავადების პირველი სიმპტომები?

- დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2-7 დღეა. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება.

- არსებობს ქვეყანაში შესაბამისი მედიკამენტები მის სამკურნალოდ?

- სამწუხაროდ, ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები მთელ მსოფლიოში რაოდენობრივად შეზღუდულია. პაციენტს უტარდება ის მკურნალობა, რასაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მიიღებდა.