ყურძენი - მკურნალი - კვირის პალიტრა

ყურძენი - მკურნალი

ყურძნით მკურნალობას ამპელოთერაპია ეწოდება.

ყურძენი შეიცავს ფლავონოიდებს, შაქარს - გლუკოზას, ღვინისა და სხვა ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს: ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს, რკინას, ცილოვან ნაერთებს, პექტინს, A, B1, B2, B6, C და P ვიტამინებს. ყურძენი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აღადგენს ძალ-ღონეს, არის შარდმდენი და საფაღარათო საშუალება, იყენებენ ანგინის, პირის ღრუს წყლულისა და ხველების სამკურნალოდ, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ქოლესტერინის დაგროვებას.

ფენოლის წყალობით ყურძენი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. მისი წვენი ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას (1ჩ/ჭ ყურძნის წვენი 75%-ით ამცირებს თრომბოციდების დონეს). კალიუმი, რომელსაც ყურძენი შეიცავს, გულის კუნთებს მატებს ტონუსს, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, ამიტომ ის რეკომენდებულია გულით დაავადებულთათვის, ყურძენი ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას, ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს, ანტიმჟანგავების წყალობით აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს ნაოჭების გაჩენას.

ყურძნის წვენში ბევრი ფიტონციდია, დღეში 10-12 მარცვლის ჭამა აწესრიგებს არტერიულ წნევას.

ყურძენს ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და ტოქსინები, ამიტომ გათვალისწინებულია ბევრი დიეტის რაციონში. ყურძენი სასუნთქ გზებს ასუფთავებს ლორწოსაგან, რეკომენდებულია ბრონქიტითა და ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის.

სამკურნალოდ გამოიყენება ყურძნის წიპწა და ფოთოლიც. წიპწა, პოლიფენოლის მეშვეობით, ხელს უშლის დაბერებასა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. ბაქტერიოციდული თვისებების მქონე ფოთლების ნაყენით მკურნალობენ კანის ჩირქოვან დაავადებებს, ანგინის დროს ივლებენ პირში.

ყურძნისგან ამზადებენ ღვინოს, ჩამიჩს, ქიშმიშს, ბადაგს, ჩურჩხელას, ფელამუშს (თათარას) და ყურძნის ექსტრაქტს, იყენებენ კოსმეტიკაშიც.

ყურძენი არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქრონიკული კოლიტის, გულის უკმარისობის დროს. ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ეთმობა ენოთერაპიას - ღვინით მკურნალობას.

ღვინო შეიცავს ბევრ სამკურნალო კომპონენტს, რომელთა წყალობითაც მას აქვს რადიოპროტექტორული, კარდიოპროტექტორული, ბაქტერიოციდული, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, ანტისტრესული და ანტისიმსივნური თვისებები, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საკვების ათვისებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ღვინით მკურნალობის დროს ღვინო უნდა მიიღოთ ძალიან მცირე დოზით...