თირკმლები ორგანიზმის "ფილტრია" - კვირის პალიტრა

თირკმლები ორგანიზმის "ფილტრია"

ყოველდღიურად თირკმლები 2000-მდე ლიტრ სისხლს ატარებენ, რომელიც უნდა გაწმინდოს ნივთიერებათა ცვლის გადამუშავებული პროდუქტისაგან და გაწმენდილი სისხლი დააბრუნოს უკან, ხოლო მავნე წიდები გამოდევნოს ორგანიზმიდან.

ეს არცთუ ადვილია, მაგრამ ბუნებამ ამ მისიის შესასრულებლად შექმნა კომპლექსი, რომელიც შედგება თირკმლებისაგან, შარდსაწვეთისაგან, შარდის ბუშტისა და შარდსადინარი არხებისგან. სანამ ეს სისტემა კარგად მუშაობს, არც გვახსენდება თირკმლები, მაგრამ როგორც კი რომელიმე გამოვა "მწყობრიდან", ჩვენი სიმშვიდე ირღვევა.

შარდგამომყოფი სისტემის ნებისმიერი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს გაცივებამ, გრიპმა, ანგინამ, სტრესმა, რომლის დროსაც იმუნიტეტი სუსტდება და ვერ უმკლავდება ანთებას. გარდა ამისა, თუ ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმები (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ენტეროკოკები, ნაწლავების ჩხირი) გარკვეულ დრომდე "თვლემენ", ამ დროს ისინიც იღვიძებენ.

ისიც ცნობილია, რომ ქრონიკული ინფექციების კერაა დაავადებული გლანდები, ნაღვლის ბუშტი და შარდსასქესო ორგანოები; ამ ორგანოებიდან ინფექცია მთელ ორგანიზმში სისხლით ვრცელდება.

საწყის სტადიაზე, თირკმლების დაავადება შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, ამიტომაც ავადმყოფი მხოლოდ მაშინ აკითხავს ექიმ-უროლოგს, როდესაც დაავადება ძალიან შეაწუხებს და ანტიბიოტიკების გარეშე მასთან "ბრძოლა" შეუძლებელია.

რაც ადრე მიაკითხავს ავადმყოფი უროლოგს ან ნეფროლოგს, მით უფრო ადვილია დიაგნოზის დასმა და მკურნალობა.

ვისაც თირკმლები აწუხებს, მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს რაციონში ცხოველური წარმოშობის ცილა, შეამციროს მარილი და ყველა სახის სანელებლის, კარტოფილისა და ლობიოს რაოდენობა, უარი თქვას ყავასა და შოკოლადზე, ნებისმიერ გაზიან სასმელზე, ალკოჰოლზე, შემწვარზე, მარინადებსა და კონსერვებზე. უნდა იკვებოს ნატურალური პროდუქტებით (რძის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, მოხარშული მჭლე ხორცი), სასარგებლოა საზამთრო, შტოშისა და წითელი მოცვის მორსი, პიტნის, ოხრახუშისა და შვრიის ნახარში.

მკურნალობის დროს ექიმმა შეიძლება ავადმყოფს ფიტოთერაპიაც დაუნიშნოს (ასისთავა, როზმარინი, სიმინდის ულვაში, არყის ხის კვირტები, დათვის კენკრა და ა.შ.); ამ მცენარეებს აქვთ ანტისეპტიკური, ანთებსაწინააღმდეგო, სპაზმოლიტური, შარდმდენი თვისებები. მათი ნახარში უნდა მომზადდეს 2 დღისთვის და მიიღოს ავადმყოფმა ჭამამდე. მკურნალობის კურსს ნიშნავს ექიმი.