მზის ნაწილი დედამიწაზე - კვირის პალიტრა

მზის ნაწილი დედამიწაზე

ვიტამინების უნიკალური კომპლექსის, მიკროელემენტების, ორგანული მჟავების შემცველ მზისფერ ქაცვს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ, ის დღესაც ძალიან პოპულარულია ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში.

ქაცვი უხვად შეიცავს ასკორბინის მჟავას (100 გ ნაყოფში 200 მგ C ვიტამინია) B1, B2, PP, E ვიტამინებს, კაროტინს, ფლავონოიდებს, რკინას, ბორს, სპილენძს, ვერცხლს, ორგანულ მჟავებს. ქაცვის ნაყოფი საუკეთესო პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს.

ქაცვის ზეთს აქვს ბაქტერიოციდული, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობების შემხორცებელი თვისება. ქაცვის ნახარში გამოიყენება კანის დაავადებების, მსუბუქი დამწვრობისა და მოყინვის დროს. ამ მზისფერი კენკრის ინჰალაცია შველის ზედა სასუნთქი გზების ანთებას, მისი ყვავილები გამოიყენება კოსმეტიკაში, როგორც კანის გამამკვრივებელი და მატონიზებელი საშუალება. ქაცვის ზეთით დამზადებული კრემი უხდება ნებისმიერი ტიპის სახის კანს, ხელს უშლის ფრჩხილების გამოშრობას და მტვრევას.

ქაცვის წვენი რეკომენდებულია: ჰიპერტონიის, გადაღლილობისა და გამოჯანსაღების პერიოდში იმუნიტეტის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, აუმჯობესებს სისხლის ქიმიურ შემადგენლობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. თუმცა, ქაცვი არარეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევისა და მაღალი წნევის დროს.

რადგან ქაცვი მდიდარია ჩ ვიტამინით, აქვს მსუბუქი აღმგზნები თვისება, ამიტომ სასურველია, მისი წვენი და ვაჟინი არ მიიღოთ დღის ბოლოს.

თმის ძირების გასამაგრებლად სვით ქაცვის ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი და შეიზილეთ თმის ძირებში.

ავიტამინოზის, ჰიპერტონიის, სისხლნაკლებობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას 1 კგ ქაცვის ნაყოფი გახეხეთ საცერში, პიურეს დააყარეთ 1 კგ შაქარი, შედგით ნელ ცეცხლზე და გააჩერეთ მანამ, სანამ შაქარი არ გადნება. გააგრილეთ და მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.