"ხშირად რეალურის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ" - კვირის პალიტრა

"ხშირად რეალურის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ"

ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრთან

"სულ მალე გვექნება საშუალება, ერთად ვნახოთ მშენებარე კლინიკები"

"ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება არ შემცირებულა"

2011 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ოპოზიციური პარტიების განცხადებებმა, რომ ეწინააღმდეგებიან ჯანდაცვის უწყებისთვის დაფინანსების შემცირებას, საგონებელში ჩააგდო მოსახლეობა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, შეჩერებულია (სავარაუდოდ, დროებით) კარდიოლოგიური, ბავშვთა და ონკოლოგიური პროექტები. ხმა დადის, რომ გაუქმდება ან განახევრდება ტუბერკულოზისა და ლეიკემიის პროგრამებიც. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემის მთავარი უწყების ხელმძღვანელის, ანდრია ურუშაძის აზრით, მიღებული ბიუჯეტი ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან ორიენტირებულია მოქალაქეების დაცვაზე.

- ბატონო ანდრია, ოპოზიცია ბოლო ხანს გამუდმებით ამახვილებს ყურადღებას ბიუჯეტის შემცირებაზე და იმაზე, რომ არაერთი პროგრამის დაფინანსება შემცირდა.

- სინამდვილეში 29 მილიონით გაიზარდა ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება. ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი შედგება ბიუჯეტის ხარჯებისა და დონორული დაფინანსებისგან. დონორული პროექტების დაფინანსება მართლაც მცირდება, შეიცვალა დაფინანსების ფორმატიც. თუ ადრე დაწესებულებას ვაფინანსებდით, მაგალითად, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის სამკურნალოდ, ახლა ამას ვაუჩერული  დაფინანსების ფორმა მიეცა, - მოქალაქეებს ვაძლევთ თანხას და მათ შეუძლიათ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.

- რატომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვთა სამედიცინო მომსახურება, ონკოლოგიური და კარდიოლოგიური პროგრამები შეჩერებულია?

-  ხშირად რეალურის საწინააღმდეგო ინფორმაციას პოლიტიკური ოპონირების გამოც ავრცელებენ. აბა, ოპონენტი იმას ხომ არ იტყვის, რომ ბიუჯეტი და დაფინანსება გაიზარდა?

- ოპონენტები ტყუიან?

- თუ ისინი ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ, შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. ჩვენი ამოცანაა თითოეული მოქალაქე, რომელიც გადახდისუუნაროა და ამიტომ ვერ მკურნალობს, უზრუნველვყოთ საბიუჯეტო რესურსებით. ყველა ბავშვს, რომელსაც აქვს თანდაყოლილი მანკი, მაგალითად, კარდიოქირურგიული, სახელმწიფო დაეხმარება. დაფინანსდება ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაც. გვინდა, არც ერთი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე.

- რედაქციას ბევრი უმწეო და დაავადებული მოქალაქე მომართავს. გვთხოვენ, მათი გასაჭირი საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ვინმე დაეხმაროთ. მაგალითად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პოეტ რუსუდან გიგინაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მეტიც, კრიტიკული.

- რას გულისხმობთ კრიტიკულში, რეანიმაციაში წევს?

- ეს მალე დასჭირდება, რადგან კარგა ხანია ვეღარაფერს ჭამს, ფაქტობრივად, მხოლოდ სითხეს იღებს.

- კრიტიკული მდგომარეობა სამედიცინო ტერმინია და ნიშნავს კონკრეტულ მდგომარეობას, ამიტომაც მითხარით, კონკრეტულად რა სჭირს მას?

- მათ, ვისაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კონკრეტულად უნდა დაედგინათ, უარი უთხრეს გამოკვლევაზე, ეს სახელმწიფოს არ ევალებაო.

- ამიტომაც შევქმენით მედიაციის სამსახური. ამ სამსახურს უნდა მიმართოს თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც პრობლემა აქვს სადაზღვევო კომპანიასთან ან სამედიცინო დაწესებულებასთან. ახლა ყველაზე კარგი გამოსავალია, თუ ქალბატონ რუსუდანის ტელეფონის ნომერს მივცემთ მედიაციის სამსახურს და ვნახოთ, რამდენად არის ეს მოქალაქე დაცული ამ პროგრამით და რა უნდა გავაკეთოთ მის დასახმარებლად.

- მედიაციის სამსახურის უმოქმედობის დამადასტურებელი არაერთი ფაქტია ცნობილი.

- ეს იმიტომ, რომ აქამდე ის სადაზღვევო ასოციაციასთან არსებული სამსახური იყო და გრანტით ფინანსდებოდა, ამიტომაც ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები. ამჯერად შევქმენით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჯანდაცვის სისტემაში შემავალი სახელმწიფო სამსახური. მისი დაფინანსება განისაზღვრება სადაზღვევო კომპანიებისგან თითოეულ მოქალაქეზე გაღებული პრემიის მიხედვით. ამ სამსახურის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი  პრიორიტეტია. ის უნდა იყოს ქმედითი, იქით უნდა ეძებდეს დახმარების ობიექტებს. ბევრმა მოქალაქემ არც იცის ამ სამსახურის არსებობა, ამიტომაც იზრდება ინფორმაციის მიწოდების სქემაც.

- თქვენზე ამბობენ, რომ კახა ბენდუქიძის კადრი ხართ და ამ თანამდებობაზე მის იდეებსა და ინიციატივებს შეასხამთ ხორცს.

- ბატონი კახა მაშიIნ გავიცანი, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში მრჩევლად ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, ბატონი კახა რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერი იყო და მასთან ჯანდაცვის დაფინანსების საკითხებზე კონსულტაციას გავდიოდი. ეს შემდეგ აისახა სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოქალაქეების დაზღვევის პროგრამაში, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.

რაც შეეხება ჩემ უკან ვიღაცის დგომას, ბატონი კახა ნამდვილად არ დგას, თუმცა მის მიმართ დიდი სიმპათია გამიჩნდა.

- სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პაციენტების უმრავლესობა ჩივის, რომ სადაზღვევო პროგრამით ყველა გამოკვლევას არ უფინანსებენ.

- თქვენ ამბობთ, რომ არის ისეთი მომსახურება, რომელიც დაზღვევით არ იფარება. დიახ, ასეა. ამ პროგრამის ამოცანა იყო, მოსახლეობა დაგვეცვა კატასტროფული ხარჯისგან, რაც დაკავშირებულია გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციასთან, გეგმურ ოპერაციებთან, მიგვეცა საშუალება, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ჩაეტარებინა გამოკვლევა და თუ დასჭირდებოდა ოპერაცია, მათ შორის - მაღალტექნოლოგიური, გაეკეთებინა. პირველი მარტიდან ამ პროექტს, მართალია, ძალზე მცირე დოზით, დაემატა ამა თუ იმ წამლის გენერული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება. ამავე დროს ეს დაზღვევა ფარავს ონკოლოგიურ და ქირურგიულ ოპერაციებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებაში მყოფი ექიმები დაჯარიმდებიან. რა იგულისხმება გარიგებაში?

- ექიმს არ უნდა ჰქონდეს დამატებითი შემოსავლის მიღების მოტივაცია მედიკამენტის გამოწერის დროს. გაყიდული მედიკამენტის ფასიდან არ უნდა იღებდეს პროცენტს. მისი მოტივაცია არ უნდა იყოს, რაც შეიძლება ბევრი და ძვირი წამლის გამოწერა დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ექიმმა უნდა დაიბრუნოს  ჩვეული როლი მკურნალობის პროცესში, რაც გულისხმობს პაციენტის უფლებების პატივისცემასა და ისეთი მკურნალობის შეთავაზებას, რომელიც ეფექტიანიც იქნება და ზედმეტი ხარჯისგანაც დაიცავს პაციენტს.

- უკვე კურიოზულ თემად იქცა ასი საავადმყოფოს პროექტის ჩავარდნა. როგორც ირკვევა, ამჯერად მხოლოდ 46 აშენდება.

- არ ჩავარდნილა ეს პროექტი. სულ მალე გვექნება საშუალება, ერთად ვნახოთ მშენებარე კლინიკები.  46 კლინიკას ააშენებენ სადაზღვევო კომპანიები. არის სხვა პროექტები, რომლებიც არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

- მთიან რაიონებში რას აპირებთ, სადაც საავადმყოფოები არ არის, მოსახლეობა კი ზამთარში თვეობით არის თოვლის ტყვეობაში?

- მესტიაში უკვე დაიწყო საავადმყოფოს რეაბილიტაცია. იმედია, 5 ნოემბრისთვის გავხსნით ტრავმატოლოგიურ პუნქტს. ვერ გეტყვით, რომ შატილში გავხსნით საავადმყოფოს, მაგრამ ვაფინანსებთ ადგილობრივ სამედიცინო ცენტრს.

- მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების სააგენტოს შესაძლო გაუქმების შესახებ, მოქალაქეები შეშინდნენ. სამედიცინო დაწესებულებებში მათ ეუბნებიან, რომ აღარ დაფინანსდება ოპერაციები და სახელმწიფოსგან ადრე აღებული ვალდებულებებიც გაუქმდება.

- ჯერ არ გაგვიუქმებია ეს სამსახური, მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რაც პირველ დეკემბერს დასრულდება. ოპერაციები ისევ დაფინანსდება, კონტრაქტით აღებული ყველა ვალდებულება გაგრძელდება. ამ სამსახურის რეორგანიზაციის გამო არც ერთ ექიმს, არც ერთ კლინიკას, პაციენტს დაფინანსება არ შეუწყდება.