სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე - კვირის პალიტრა

სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე

ამ მდგომარეობიდან გამოსული თუ დაბრუნებული ადამიანები თითქმის ერთსა და იმავეს ჰყვებიან. ზოგმა თითქოს ბნელი გვირაბი გაიარა, რომლის ბოლოსაც სინათლე მოჩანდა, ზოგიც ყვავილებით მოფენილ მინდორზე მოხვდა, სადაც უამრავი გარდაცვლილი ადამიანი ნახა, ზოგიც სხვა განზომილებიდან დაჰყურებდა საკუთარ სხეულს.

სამედიცინო ტერმინოლოგიით ამას კლინიკური სიკვდილი ჰქვია. მეცნიერები ამ მოვლენას დღემდე სწავლობენ, რადგან მასში მისტიკური და შეუცნობელი ჯერ კიდევ ბევრია.

ზურაბ ფაღავა, პროფესორი, სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა კლინიკის ხელმძღვანელი: "კლინიკური სიკვდილი ერთგვარი გარდამავალი მდგომარეობაა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. როდესაც გარკვეული მიზეზის გამო ორგანიზმს შეუწყდება ჟანგბადით მომარაგება, ვითარდება ჰიპოქსია - ჟანგბადით მომარაგების ნაწილობრივ დაქვეითება და ანოქსია, ანუ როდესაც მთლიანად შეწყვეტილია ჟანგბადის მიწოდება ქსოვილებისთვის.

გარკვეული დროის განმავლობაში ორგანიზმი სიცოცხლისუნარიანი რჩება. მართალია, ამ დროს მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციონირება შეწყვეტილია, მაგრამ მათი აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. სწორედ ეს არის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობა. ჩვეულებისამებრ ეს მდგომარეობა მხოლოდ 3-4 წუთი გრძელდება, ამის შემდეგ დგება ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც უკვე თავის ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას.

- ადამიანთა ნაწილი ყოველივეს პარანორმალურ მოვლენად აღიქვამს...

- ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ეს პარანორმალური მოვლენა. სამწუხაროდ, სიკვდილი ადამიანისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა, ისევე როგორც დაბადება. მთელი რიგი დაავადებები ზოგჯერ ისეთ მდგომარეობას განაპირობებენ, როდესაც ორგანიზმში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი პროცესები მიმდინარეობს. ყველაზე მძიმე გართულება შესაძლოა იყოს კომა, სუნთქვის ან გულის გაჩერება.

სწორედ ჩამოთვლილი სამი ფაქტორია ხშირად კლინიკური სიკვდილის მიზეზი. სხვათა შორის, თეორიულად შესაძლებელია კლინიკური სიკვდილის გახანგრძლივება. მაგალითად, თუ ჩვენ მოვათავსებთ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ცივ გარემოში, დაბალ ტემპერატურაზე, მაშინ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები მნიშვნელოვნად შემცირდება, შემცირდება ორგანიზმის მოთხოვნის დონე ჟანგბადზე და შესაბამისად გახანგრძლივდება მისი სიცოცხლისუნარიანობა.

- რამდენ ხანს არის შესაძლებელი გაახანგრძლივო კლინიკური სიკვდილი?

- მე გითხარით, რომ კლინიკური სიკვდილის გახანგრძლივება თეორიულად არის შესაძლებელი. თუმცა არსებობს კლინიკური სიკვდილის მეორე ეტაპი. ზოგჯერ ხელოვნურად, სარეანიმაციო ღონისძიებების დახმარებით შესაძლებელია კლინიკური სიკვდილის გახანგრძლივება. მაგალითად, თუ ამის მიზეზი გულის გაჩერებაა, გარეგანი ელექტროსტიმულაციის ჩატარების პროცესში ადამიანი შესაძლოა ცოცხალი იყოს. კლინიკური სიკვდილის მდგომარეობის გახანგრძლივებას, თუნდაც გარეგანი ფაქტორების დახმარებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგჯერ მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა შექცევადი იყოს და ადამიანი გამოჯანმრთელდეს.

სხვათა შორის, ძალიან კარგი ინიციატივაა დეფიბლირატორების ქალაქში, ხალხმრავალ ადგილებში ინსტალაცია. ამ საკითხზე მოვისმინე ირონიაც, სკეპტიციზმიც, თუმცა ასეთი სარეანიმაციო საშუალება უნდა არსებობდეს ყველგან: თეატრებში, სტადიონზე, აეროპორტში. გულის გაჩერებიდან 3-4 წუთის შემდეგ კვდება ტვინი და დგება ბიოლოგიური სიკვდილი. პირველი რეანიმაციული ღონისძიება ადამიანს სწორედ პირველი 3-4 წუთის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეს.

- რატომ ხდება, რომ კლინიკური სიკვდილიდან დაბრუნებული ადამიანები თითქმის ერთსა და იმავეს ჰყვებიან.

- მთელი საიდუმლო იმაშია, რომ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ადამიანი საბოლოოდ მკვდარი არ არის და მისი ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია. ნორმალურ მდგომარეობაში, როდესაც რაღაცას ვხედავ, ჩემი ტვინი გამოიცნობს ამ გამოსახულებას. მაგრამ, როდესაც ჰიპოქსიის გამო თავის ტვინის ფუნქცია დარღვეულია, ხდება საგნების არანორმალური აღქმა. მაგალითად, შესაძლოა დავინახო მხოლოდ კაშკაშა სინათლე.

მედიცინაში არსებობს ტერმინი ხვრელისებური ხედვა. წარმოიდგინეთ, თითქოს ჭუჭრუტანაში იყურებით. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ადამიანმა აღიქვას, რომ ეს არის გვირაბი. როდესაც ხდება ვესტიბულარული ცენტრის დარღვევა, ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ფრენის შეგრძნება. ასეთ დროს ადამიანს შესაძლოა ბევრნაირი ჰალუცინაცია ჰქონდეს, რომელიც შემდეგ სხვადასხვა რამეს მიეწერება. სხვათა შორის, უცნაურია, მაგრამ კლინიკური სიკვდილისგან განსხვავებული განცდები ეუფლება ადამიანს ინსულტის დროს...

- ანუ თქვენ გამორიცხავთ, რომ კლინიკური სიკვდილის დროს ადამიანების ხილვები არ უკავშირდება სხვა, ირეალურ სამყაროს?

- ეს მსჯელობა არ არის მიმართული იქითკენ, რომ მე რაღაც სხვა განზომილებების არსებობა გამოვრიცხო. ეს სულ სხვა თემაა. თუმცა, წმინდა ფიზიოლოგიურად მე თქვენი კითხვის განზოგადებას ვახდენ. ვინაიდან გარდაცვალება ზოგადად მისტიკასთან არის დაკავშირებული და ადამიანს აქვს სურვილი, არსებობდეს კიდევ სხვა სამყარო რეალურის გარდა, კლინიკური სიკვდილის დროს განცდილს სხვადასხვა ინტერპრეტირებას აძლევენ.

- ხანგრძლივი ძილის მდგომარეობა რაღაცით ჰგავს კლინიკურ სიკვდილს?

- ამას არაფერი აქვს საერთო კლინიკურ სიკვდილთან. ეს არის ე.წ. ლეთარგიული ძილი და წმინდა ნევროლოგიური მოვლენაა.

- ზოგჯერ ხდება, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გარდაცვლილი ჰგონიათ, ხდება მისი დაკრძალვა და შემდეგ, სხვადასხვა გარემოებაში აღმოაჩენენ, რომ დაკრძალვის მომენტისთვის ის ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა...

- ამიტომ არის აუცილებელი გარკვეული წესების დაცვა. გარდაცვლილთან უნდა მივიდეს ექიმი, უნდა დაადასტუროს მისი სიკვდილი. ე.წ. ბალზამირებასაც თავისი ვადები აქვს და დაკრძალვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი დაადასტურებს სიკვდილის ფაქტს. ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანი შესაძლოა ჩავარდეს კომაში და დილეტანტისთვის დატოვოს ცრუ სიკვდილის შთაბეჭდილება.

- ბავშვებში თუ შეიძლება განვითარდეს კლინიკური სიკვდილი?

- კლინიკური სიკვდილი ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს ყველა იმ მიზეზის გამო, რომელიც ზემოთ უკვე ჩამოვთვალე. თუმცა, ბავშვებში კლინიკური სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, შესაძლოა იყოს ბრონქული ასთმა, ფილტვების დისტრესსინდრომი, სხვადასხვა მანკი და ტრავმა. საერთოდ ბავშვები ნებისმიერი ასეთი მდგომარეობიდან უფრო იოლად გამოდიან.

მაგალითად, აღწერილია ხანგრძლივი კომის, კლინიკური სიკვდილის შემთხვევები ბავშვებში, რომლებიც მათი გამოჯანმრთელებით დასრულდა. ბავშვების ორგანიზმი ძირითადად ჯანმრთელია, ამასთან, მათ გულის კუნთსა და თავის ტვინს ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე, მაგალითად, ორმოცს მიღწეული ადამიანისას. ეს კი მათი გადარჩენის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.