ჭირვეული "პეპელა" - კვირის პალიტრა

ჭირვეული "პეპელა"

ფარისებრი ჯირკვალი ფორმით მოგვაგონებს პეპელას, რომლის წონაც 25 გ-მდეა და აგროვებს სიცოცხლისათვის მეტად საჭირო მიკროელემენტს - იოდს. ამ პროცესში პატარა დაბრკოლებას ბევრი უსიამოვნება მოჰყვება.

ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს იოდის შემცველ ორი სახის ჰორმონს: ტრიიოდთირონინსა და თიროქსინს; ეს ჰორმონები არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

სისხლში 95%-მდე თიროქსინია, 5%-მდე ტრიიოდთირონინი. თუ ორგანიზმი საკვებიდან ვერ იღებს საკმარის იოდს, გარკვეული დროის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა ფერხდება, მცირდება სისხლში "იოდური" ჰორმონების რაოდენობა, რაც იწვევს ავადმყოფობას. ჰორმონი-რეგულატორები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხელს უწყობენ ტვინის, გულის კუნთების ნორმალურად მუშაობას, არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზის დარღვევა იწვევს სისხლში იოდის შემცირებას, რაც პატარებში იწვევს ფიზიკურ და გონებრივ ჩამორჩენას, ასუსტებს მათ ფსიქიკას.

უფროსებში ფერხდება გონებრივი პროცესები, უარესდება მეხსიერება. ირღვევა შვილოსნობის ფუნქცია. იოდის დეფიციტის დროს ფარისებრი ჯირკვალი იწყებს აქტიურად მუშაობას და, შესატყვისად, მისი ზომაც იზრდება. თუმცა, ამ ჭირვეული "პეპლის" დაავადების მიზეზი მარტო იოდის დეფიციტი არ არის, მას იწვევს ცუდი ეკოლოგია, მემკვიდრეობითობა, ორგანიზმის ჰორმონული გადაწყობა (მენოპაუზა, ფეხმძიმობა), სხვა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, სტრესები.

ფარისებრი ჯირკვალი რომ არ დაავადდეს, გირჩევთ, მიიღოთ იოდირებული მარილი, ზღვის პროდუქტები (ბევრი იოდია ზღვის კომბოსტოში) და აუცილებლობის შემთხვევაში - ექიმის დანიშნული იოდის შემცველი წამლები.

დაიხსომეთ! წამლებს ნუ მიიღებთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე.