აი სი ჯგუფი 5 წლის გახდა - კვირის პალიტრა

აი სი ჯგუფი 5 წლის გახდა

მზღვეველი რეგიონებში 6 ჰოსპიტალს აშენებს

10 ნოემბერს სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფს დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა. საიუბილეო წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ექვს მრავალპროფილურ საავადმყოფოს აშენებს. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ობიექტზე უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობაზე მზღვეველმა ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმა. საინტერესოა, რომ განახლებულ საავადმყოფოებში მუშაობის დაწყებამდე, ადგილობრივი ექიმები გადამზადების კურსს გაივლიან.

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი უკვე ასრულებს სარემონტო სამუშაოებს მესტიაში და პირველი განახლებული საავადმყოფოს გახსნა უკვე მიმდინარე წლის 5 დეკემბერს იგეგმება. მესტიის საავადმყოფო 20 საწოლზე იქნება გათვლილი. განახლებული საავადმყოფო ხაშურში კი 30 საწოლზე იქნება გათვალისწინებული, ონის საავადმყოფოში 15 საწოლი მოთავსდება, ცაგერში 25, ბოლნისისა და დმანისის საავადმყოფოებში 20-20 საწოლზე იქნება გათვლილი.

ყოველ ჩამოთვლილ საავადმყოფოში დაგეგმილია დიაგნოსტიკური ლაბორატორიების, სამეანო-გინეკოლოგიური, გადაუდებელი დახმარების განყოფილებების გახსნა. საავადმყოფოებში იქნება, როგორც ჰოსპიტალური, ასევე ამბულატორიული სექტორი, ასევე იფუნქციონირებს აფთიაქები. განახლებული საავადმყოფოები აშენდება თანამედროვე არქიტექტურის შესაბამისად, აღიჭურვება ევროპული სტანდარტის შესაბამისი ტექნიკით და დაკომპლექტდება პროფესიონალი კადრებით, რაც ბუნებრივია, გააუმჯობესებს ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხს.

ყოველივე ეს კი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ჰოსპიტალური სექტორის განვითარებით, უზრუნველყოფილი იქნება ოპტიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა სამედიცინო და ჰოსპიტალურ მომსახურებაზე. 2011 წლის ბოლოს კი პირველ პაციენტებს ონის, ცაგერის, დმანისის, ბოლნისის და ხაშურის  კეთილმოწყობილი საავადმყოფოებიც მიიღებენ.

R