"სალხინო" სიმართლით არ მოალხინეს - საქმე, რომელიც მავანთა პირად ინტერესებს ეწირება - კვირის პალიტრა

"სალხინო" სიმართლით არ მოალხინეს - საქმე, რომელიც მავანთა პირად ინტერესებს ეწირება

"მოსამართლეები და სამართალდამცავები, რომლებიც გაყალბებულ დოკუმენტებს აფარებენ ხელს, ამ ფაქტს როგორ დაფარავენ?"

დღეს ქვეყანაში ბევრს საუბრობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე და წარმატებული სასამართლო რეფორმით განვითარებული ქვეყნების წინაშეც იწონებენ თავს. სამწუხაროდ რეალობა სულ სხვაგვარია და ხშირად სასამართლოში სიმართლის პოვნა ისეთივე რთულია, როგორც საცრით წყლის ტარება.

ქვემოთ აღწერილი ფაქტები კი ამის ნათელი მაგალითია. გარკვეული მიზეზების გამო ასეთი მოვლენები ხშირად ვერ აღწევს იმ ადამიანების ყურამდე, ვისაც ქვეყნის მართვა და უზენაესი სამართლის აღსრულება ვანდეთ, ამიტომ გვსურს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ხმა პრესის ფურცლებიდან მივაწვდინოთ.

სასამართლო პროცესი ორ იურიდიულ კომპანიას, შპს "სალხინოსა" და შპს "ფრენბურთელს" შორის ექვსი წელია გრძელდება. დავის საგანი საოფისე ფართობია, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე #115-ში მდებარეობს და 20 წელზე მეტი შპს "სალხინოს" სარგებლობაში იმყოფებოდა.

ამ დავას კიდევ ერთი დაზარალებული მხარე ჰყავს - აღმაშენებლის #115-ის მცხოვრებლები, ვისაც შპს "ფრენბურთელმა" ფაქტობრივად მიწა გამოაცალა ფეხქვეშ და ისე დაიკანონა, რომ მოსახლეობა დღემდე უშედეგოდ ცდილობს კანონიერ საკუთრებაში დაიბრუნონ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მათი საცხოვრებელი სახლები მდებარეობს. მოსახლეობამ წერილობით მიმართა ქალაქის მერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მაგრამ მათ თხოვნას აღნიშნული უწყებებიდან არავინ გამოხმაურებია.

"დავით აღმაშენებლის გამზირის #115-ში მცხოვრებნი, ძალიან ვართ შეწუხებულები შპს "ფრენბურთელის" ქმედებებით, რადგან მათ უკანონოდ აქვთ მითვისებული ჩვენი ეზოს დიდი ნაწილი. მრავალი განცხადებისა და თხოვნის მიუხედავად სიმართლე ვერც მერიაში ვიპოვეთ და ვერც ჩვენი რაიონის გამგეობაში. გადავწყვიტეთ რეესტრში აგვეღო საკადასტრო რუკა და გაგვეკეთებინა გამიჯვნა შპს "ფრენბურთელთან", მაგრამ უშედეგოდ.

ვიღაცების არაკანონიერი ინტერესების გამო, ჩვენი საბუთები საჯარო რეესტრში "დაიკარგა". "ფრენბურთელი" კი მთელ ეზოს თავისად იჩემებს და გვავიწროებს: ჩვენს შვილებს იქ თამაშის უფლებას არ აძლევენ, ჩვენ ე.წ. "საზღვრის" გადაკვეთის უფლებას არ გვაძლევენ, თავად კი მთელი ფართი სხვადასხვა კომპანიებზე აქვთ გაქირავებული. ნუთუ არავის აინტერესებს, როგორ მოახერხა შპს "ფრენბურთელმა" ჩვენი, მცხოვრებლების გარეშე მთელი ეზოს დასაკუთრება, როდესაც ჩვენც და ისინიც ერთ მისამართზე ვირიცხებით?" - ჩივიან უსამართლობით გაწამებული მცხოვრებლები და აღნიშნავენ, რომ ნდობას უცხადებენ ხელისუფლებას, ამიტომაც სჯერათ, რომ თუ მათი სატკივარი ხელისუფალთა ყურამდე მივა, საკუთრების უფლების დაცვასა და სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ.

ფაქტია, რომ დღეს უსამართლობის ზეიმი ჩვენ თვალწინ, თბილისის შუაგულში ხდება და მავანი ან თვალს ხუჭავს ამაზე, ან ვიღაცის პირად ინტერესებს ვერ უწევს წინააღმდეგობას, მაგრამ ამას ქვეყნის რეპუტაცია ეწირება, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს დემოკრატიულ პრინციპებზე მოწყობილი სახელმწიფო.

ამ საკითხთან დაკავშირებით შპს "სალხინოს" დამფუძნებელსა და ხელმძღვენელ როინ ნაჭყებიას შევხვდით, რომელმაც დეტალურად გვიამბო დღესავით ნათელი საქმის შესახებ, თუმცა პარადოქსია, რომ სასამართლო ამ ფაქტებს უკვე წლებია არ ითვალისწინებს.

როინ ნაჭყებია:

- ეგრეთ წოდებული "ფრენბურთის საზოგადოება" თბილისში, დავით აღმაშენებლის #115-ში ისე იქცევა, როგორც ოკუპანტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. იმ განსხვავებით, რომ მათ ქვემეხების და ტანკების ნაცვლად გააჩნიათ უფრო საშიში იარაღი, დოკუმენტების გაყალბებით და საჯარო მოხელეების გამოყენებით იპყრობენ ტერიტორიას. ამ დოკუმენტებს იმხელა მაგიური ძალა აქვს, რომ საქართველოში არსებული ექსპერტების დასკვნებიც ვერ აქარწყლებენ.

ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ მე, საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა კაცმა, ჩემი სახსრებით 1991 წელს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ #115-ში, მეზობლებთან შეთანხმებით გავაშენე ფართი, რომელსაც 19 წლის განმავლობაში ვიყენებდი როგორც საცხოვრებლად, ისე კომერციული საქმიანობისთვის.

განა მხოლოდ ფართობი?! მე იქ დიდი ბიზნესი ავაწყვე, საიდანაც ყველაფრის მიუხედავად, ყოველწლიურად ათასობით ლარი შედის სახელმწიფო ბიუჯეტში და ათეულობით ადამიანია დასაქმებული. ჩვენი, ანუ "სალხინოს" მისამართი - დავით აღმაშენებლის #115, 1990 წლიდან ასიათასობით მომხმარებლისთვის არის ცნობილი. გაზეთ "კომუნისტიდან" მოყოლებული და სხვა უამრავი საინფორმაციო საშუალებებით იცოდნენ მომხმარებლებმა ჩვენი მისამართი.

მიმდინარე წელს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა იური მიხაილოვმა მომაყენა ჯარი და ჩემს 18 თანამშრომელთან ერთად გამომასახლა ჩემივე აშენებული ფართობიდან. მან არც ის გაითვალისწინა, რომ ჩვენს საქმეს პროკურატურა იძიებდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით სარჩელი იყო გაგზავნილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბატონ ივანე მერაბიშვილთან.

იმის საშუალებაც კი არ მოგვცეს, რომ სამი დღე ედროვებინათ, რათა დოკუმენტებისა და სხვა მასალების გადატანა მოგვეხდინა. ამას მოჰყვა ის, რომ 18 თანამშრომელი დავითხოვე სამსახურიდან. ყველა ეს ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ჩვენ მიერ აშენებული ფართობი გადასცემოდა ე.წ. "ფრენბურთელის საზოგადოებას" იმ მიზნით, რომ მომავალში ჩვენი ქონება საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინათ.

- ცნობილია, რომ საქმეში დოკუმენტების, ხელმოწერის გაყალბების რამდენიმე ფაქტი ფიგურირებს. საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ ყველა ეს დეტალი?

- თავი დავანებოთ იმ გაყალბებულ დოკუმენტებს, რომელთაც კალთა გადააფარეს მოსამართლეებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა. ფაქტია, რომ დავით აღმაშენებლის გამზირზე #115 შპს "ფრენბურთელის" სახელზე რეგისტრირებულია 596 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 3838 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 1996 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, ფრენბურთის ფედერაციამ 477კვ.მ შენობა-ნაგებობა და 2370 კვ.მ ფრენბურთის მოედნები ჩააბარა მეიჯარეს, შპს "ფრენბურთელს".

ამის შემდეგ შპს "ფრენბურთელმა" გადაიხადა 5.000 დოლარი და თავის სახელზე დაირეგისტრირა 2370 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 477 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ხოლო 1996 წლის ოქტომბრის თვეში ნოტარიუს სისაურთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვითომდა შპს "ხმისგან" შეიძინა 308 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 119 კვ.მ მშენებარე პოლიკლინიკა და მათ სახელზე დარეგისტრირდა 596კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელიც დღესაც შპს "ფრენბურთელის" სახელზე ირიცხება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შპს "ხმას" არასოდეს ჰქონია საკუთრების უფლება აღმაშენებლის #115-ში მდებარე არც შენობა-ნაგებობებზე და არც მიწის ნაკვეთზე, ამიტომ საკითხავია, როგორ მოხდა ყიდვა-გაყიდვა?

- სასამართლოში თქვენ პრეტენზიას აცხადებთ იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც საკუთარი სახსრებით ააშენეთ და შპს "ფრენბურთელისგან" ფულად კომპენსაციასაც ითხოვდით, თანხას, რომელიც აუდიტის დასკვნის შედეგად განისაზღვრა, თუმცა რეალური ღირებულება ბევრად უფრო მეტია. მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა, არადა ყველა ფაქტობრივი გარემოება თქვენ სასარგებლოდ მეტყველებს... მეტიც, "სალხინოს" მიერ სასამართლოში გადახდილი ბაჟი 3.500 ლარს შეადგენს და ცოტაოდენ ლოგიკას თუ მოვიშველიებთ, სარჩელის დაკმაყოფილების იმედი რომ არ გქონდათ, ალბათ ამ ნაბიჯზე არ წახვიდოდით.

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ საკადასტრო გეგმაში, რომლის მომზადების თარიღია 17. 05. 2010 წელი, ჩანს, რომ მიწის ნაკვეთზე, რომლის საერთო ფართობია 3 838 კვ.მ განლაგებულია მთლიანი შენობა-ნაგებობა, რომელიც შეადგენს 850 კვ.მ-ს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შპს "ფრენბურთელის" სახელზე რეგისტრირებულია იგივე შენობა-ნაგებობა, ოღონდ 596 კვ.მ ფართობით.

რეალურად კი აღნიშნულ  ტერიტორიაზე  850 კვ.მ შენობა-ნაგებობაა განთავსებული, მათ შორის ჩემ მიერ გაშენებული ფართობი. საინტერესოა, მოსამართლეები და სამართალდამცავები, რომლებიც გაყალბებულ დოკუმენტებს აფარებენ ხელს, ამ ფაქტს როგორ დაფარავენ? ეს ფართობი განლაგებულია თბილისის შუაგულში და მისი გაზომვა და სიმართლის დადგენა ყოველთვის შეიძლება. თუმცა სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში გარკვევით არის აღნიშნული, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებულია 850 კვ.მ შენობა-ნაგებობა.

- მიწა, რომელზეც შენობა-ნაგებობა მდებარეობს როგორ დაიკანონა შპს "ფრენბურთელმა", მით უფრო, რომ მოსახლეობაც არ იყო საქმის კურსში და ახლა საჯარო რეესტრში საკუთარი საცხოვრებლის მისამართის დამოწმებას ვერ ახერხებენ?

- შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს მიწა ეკუთვნის შპს "ფრენბურთელს" და რა მნიშვნელობა აქვს თუ მასზე გაშენებული შენობა-ნაგებობა რამდენს შეადგენსო. მინდა აღვნიშნო, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში და შემდეგაც (რა თქმა უნდა, თუ ამას იკადრებდი), ნებისმიერს შეეძლო მეზობლების სახლ-კარზე გაეკეთებინა ცრუ მიწის ნაკვეთის ნახაზი და წითელ ხაზებში ისე მოექცია სხვის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი, რომ სულაც არ აღენიშნა განლაგებული შენობა-ნაგებობა ნახაზში. ამის შემდეგ კი იგივე ნახაზი წარედგინა მოსამართლისთვის და ეთხოვა მიწის საკუთრებაში გადაცემა.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნახაზში ვინმეს საცხოვრებელი ფართი იქნებოდა მითითებული, მაშინ მოსამართლე მოითხოვდა მეპატრონეს და დაიცავდა მის უფლებებს. სწორედ ასე მოახერხა შპს "ფრენბურთელმა" სასამართლოს გადაწყვეტილებით 1463 კვ.მ მიწის ნაკვეთის მითვისება და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს იმ პირების დევნა, ვისაც აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი ხარჯებით ჰქონდა გაშენებული საოფისე ფართობები. ვინც ხარკი გადაუხადა, დატოვეს, ვინც არა და სხვადასხვა ბინძური ხერხებით თავიდან მოიშორეს. ზუსტად ასევე იშორებენ აღნიშნული ტერიტორიიდან შპს "სალხინოს".

- რას აპირებთ, ისევ გააგრძელებთ დავას სხვა ინსტანციებში?

- მე ვეკითხები მოსამართლეებს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს, დავუშვათ, ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული და ამოიწურა ყველა სამართლებრივი "წამება" და ვერ დავიბრუნეთ ჩვენ ეს ფართობი ან ვერ ავიღეთ მისი საფასური. რა ვქნათ, მშვიდად ვუყუროთ როგორ შეუშვებენ კატას ჩვენს კუთვნილ სახლში და იბაირამებს ოკუპანტი, თუ შტურმით დავიბრუნოთ ჩვენი ქონება? მავანთათვის შესაძლოა ესეც იყოს მიზანი, მაგრამ ეს ჩანაფიქრი არ გამოუვათ, რადგან "სალხინოში" თავმოყრილია კანონმორჩილი ხალხისგან შემდგარი საზოგადოება და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი ვალდებულებაა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაამწაროს და განაწყოს ქვეყნის, მისი მმართველობის წინააღმდეგ. რადგან, რაც მეტი ხელმოცარული და გამწარებული ადამიანი იქნება საქართველოში, მით უკეთესი ჩვენი მტრებისთვის.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართალი იზეიმებს, ან ფართობს დავიბრუნებთ, ან მის საფასურს, ხოლო დაბრუნებულ ქონებას კი გადავცემთ მრავალშვილიან ოჯახებს და ოკუპანტებს არ შევარჩენთ. სიტყვა "ბინძურს" იმიტომ ვამბობ, რომ წართმევასაც ალბათ წესის დაცვა სჭირდება, ქონების მითვისებისთვის ადამიანები არ უნდა გაწიროთ ციხისთვის და რაც მთავარია, არ უნდა შეეხონ მათ ღირსებას. შპს "ფრენბურთელმა" კი იმისთვის, რომ დავეშინებინეთ, ყველა მიუღებელ ხერხს მიმართა.

რა მნიშვნელობა აქვს, მოტყუვდნენ მოსამართლეები თუ ისინი შეგნებულად მოატყუეს, მთავარი ფაქტი და მტკიცებულება ხომ ზედაპირზე დევს. "ფრენბურთელს" საჯარო რეესტრში რეგისტრირებულთან შედარებით 250 კვ.მ-ით მეტი შენობა-ნაგებობა აქვს მითვისებული, აქედან 75 კვ.მ ჩემი გაშენებულია და ამის უარყოფა ძალადობის გარეშე არავის შეუძლია.

ხოლო თუ ეს ფართობი უკანონოდ მქონდა მითვისებული, მაშინ რატომ მართმევს სახელმწიფო მე და აძლევს "ფრენბურთელს"?!

როგორც ჩანს, მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში ბევრია ისეთი თანამდებობის პირი, ვინც ყველაფერს აკეთებს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი მმართველობის მოსაშლელად. ალბათ მათ ავალებენ, რომ ხალხი გაამწარონ და აბუჩად აიგდონ, რათა შემდეგ გამწარებული ხალხი გამოიყენონ რევოლუციების მოსაწყობად. შეიძლება ეს ვინმეს ბოდვად მოეჩვენოს, მაგრამ თუ ჩაწვდები იმ უსამართლობაში, რაც ქვეყანაში ხდება, როგორ ნადგურდება ყოველი წარმატებული საქმე, სხვა რა უნდა ვიფიქროთ.

- ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა. საინტერესო და პარადოქსული ის არის, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანისას თქვენ მიერ წარდგენილ ფაქტებს კი არ დაეყრდნო, არამედ უკვე არსებული, ძველი დადგენილების ანალოგიური დასკვნა გამოიტანა...

- პროფესიით იურისტი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, 2010 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც მოსამართლე ნონა ზარქუა აწერს ხელს, ჩვენ მიერ წარდგენილ ფაქტებსა და მოწმეების ჩვენებებზე საუბარი საერთოდ არ არის. მოწმეებმა, რომლებიც აღმაშენებლის #115-ის მცხოვრებლები არიან, სასამართლოს წინაშე სრული სიმართლე თქვეს, რომ მე მოშიშვლებულ ტერიტორიაზე ჩავასხი საძირკველი და ავაშენე საოფისე ფართობი, რომლითაც წლების განმავლობაში ვსარგებლობდი.

უცნაურია, მაგრამ მოსამართლე არ მსჯელობს ჩვენ მიერ წარდგენილ ფაქტებზე და ეყრდნობა 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებას, სადაც თითქოს დადგენილია, რომ შპს "სალხინოს" აღმაშენებლის #115-ში არ აუშენებია შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 74 კვ.მ და ახალ დადგენილებაში ამასვე იმეორებს. არადა, 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში, არსად ნახსენებიც კი არ არის, აშენებულია თუ არა ჩვენ მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობა. საინტერესოა საიდან გაჩნდა ეს დეტალი შარშანდელ დასკვნაში, როდესაც ასლი სახეზე გვაქვს და იქ არ არის?

- მაინც როგორ აპირებთ საკუთარი სიმართლის ბოლომდე გატანას?

- მე ვიცი, რომ ყველა წესისა და ტრადიციის დაცვით მართალი ვარ. მე დიდი ხნის დაფუძნებული ვიყავი აღნიშნულ ტერიტორიაზე, როდესაც მეზობლად შპს "ფრენბურთელი" შემომისახლდა. ამით კი უკვე ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ გავაგრძელებთ მოქმედებას და თუ სამართალმა პური ჭამა, ამ საქმით ერთ მრავალშვილიან ოჯახს მაინც გავახარებთ.

- თქვენ ბრძანეთ, რომ საქმე პროკურატურაშიც იხილება...

- დიახ, ყოველი შემთხვევისთვის აქამდე ასე იყო. მათ დიდი ხნის წინ მცნეს დაზარალებულად. ახლა გრძელდება თუ არა ძიება, არ ვიცი. შესაძლოა ისინიც აიძულეს შეეჩერებინათ საქმე და დააშინეს: გაჩერდით, თორემ თქვენც გაგიშვებთო. არ ვიცი, ვნახოთ, რა იქნება. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ მიაღწიოს დასახულ მიზანს, რომ ნებისმიერი ადამიანის საკუთრების და სიცოცხლის უფლება სამართლიანად იყოს დაცული.

R