ჩინური ატამი... - კვირის პალიტრა

ჩინური ატამი...

ასე უწოდებდნენ ძველად კივის ჩინეთში, ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კივი უძველესი დროიდან გამოიყენება ნერვიულობის მოსახსნელად, სახსრების,

შარდკენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად. კივი კარგად ინახება, მისგან ამზადებენ ჯემს, ჟელესა და წვენს, ამატებენ ბოსტნეულის სალათებს, თევზისა და ქათმის კერძებს.

მისი არომატი პიკანტურ გემოს სძენს ნებისმიერ ჯემს. მაგრამ კივის უზომოდ მიღებამ შეიძლება მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. განსაკუთრებით ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. მეცნიერების აზრით, კივი არ უნდა მისცენ 1 წლამდე და ალერგიისადმი მიდრეკილ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.

კივის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მწვავე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს, რადგან ლორწოვანას გარსის ანთებისას მისი კურკები ზუმფარის ქაღალდივით მოქმედებენ.

სამაგიეროდ, დიეტოლოგები წონაში დაკლების მსურველთ ურჩევენ, კივი ჭამონ საუზმეზე და სამხარზე, ამ დროს კურკები ააქტიურებენ კუჭის მოქმედებას, ანეიტრალებენ საკვების ცხიმს და ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის შემცირებას.

ნორვეგიელი მეცნიერების რეკომენდაციით, სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად, ორგანიზმის ათეროსკლეროზის ბალთებისგან გასაწმენდად და თრომბის წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად, მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა ჭამოთ ორ-ორი ცალი კივი.

გერმანელმა კარდიოლოგებმა დაადგინეს, რომ დღეში 2-3 კივის მიღება აწესრიგებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს მდგმარეობას იშემიური დაავადების დროს, ხსნის დაღლილობასა და გაღიზიანებას.

შეკრულობის დროს კივის რბილობს შეურიეთ თითო ჩ/კ ტაფაზე გამშრალი ქატო და ხორბლის ღივი.

კივის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ონკოლოგიური (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის) დაავადებების განვითარებას. პატარა კურკები და ანტიოქსიდანტური ვიტამინები, რომლებსაც კივი შეიცავს, მექანიკურად წმენდს ნაწლავებს და შთანთქავს ონკოლოგიურ ნივთიერებებს.