სასწაულმოქმედი მცენარეები - კვირის პალიტრა

სასწაულმოქმედი მცენარეები

გაგაცნობთ ზოგიერთი მცენარის სამკურნალო თვისებებს:

ევკალიპტი კომპლექსურ თერაპიასთან ერთად შველის ბრონქიტს, ყელის ტკივილს, გრიპსა და სურდოს. საჭიროა მისი ნაყენის რეგულარული ინჰალაცია და პირის ღრუში გამოვლება.

სვიის გირჩა აძლიერებს მადას, შველის გასტრიტს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ნაყენი მოქმედებს როგორც სედატიური საშუალება - უძილობის, გაღიზიანებისა და კლიმაქსური პრობლემების დროს.

ვირისტერფა - გამოიყენება როგორც ანთებსაწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი ორგანოებისა და ცხვირ-ხახის (ლარინგიტი, ბრონქიტი), თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

გვირილა - ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. მისი ნაყენი გამოიყენება ყელში და პირში გამოსავლებად (ფარინგიტის, ტონზილიტის, სტომატიტის დროს). ნახარში რეკომენდებულია როგორც გარეგანი საშუალება ალერგიის დროს; კარგია კონიუნქტივიტის დროს გვირილის ნახარშით თვალების დაბანა. ნაყენს სვამენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავების სპაზმების, ფაღარათის დროს.

სალბს აქვს ანთებსაწინააღმდეგო და მიკრობსაწინააღმდეგო თვისება. ყელის ტკივილის, გაძნელებული ყლაპვის, ხმის დაკარგვისა და ჩახლეჩისას რეკომენდებულია სალბის ნაყენის გამოვლება. ეს მცენარე სწრაფად აცხრობს კანზე გამონაყარის დროს ქავილს (განსაკუთრებით უხდებათ პატარებს - აბაზანის სახით), შველის პირის ღრუში სტომატიტსა და გინგივიტს.

ასკილი - ამ ველური ვარდის ყვავილის ფურცლები დაგიცავთ ავიტამინოზისაგან, ამაღლებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს ორგანიზმს, ხალხური მედიცინის თანახმად, ჰიპერტონიკებისთვის რეკომენდებულია ასკილის აბაზანები.

არყის ხის ფოთლები საუკეთესო შარდმდენია. ფოთლების ნახარშს იყენებენ თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადების დროს, ქერტლისა და თმის ცვენისას. მისი საფენები სწრაფად ახორცებს ჭრილობებს.