ტანგო - რეცეპტით!.. - კვირის პალიტრა

ტანგო - რეცეპტით!..

გახდომისა და ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტის სასიამოვნო, მოდური და უაღრესად ლამაზი საშუალებაა ცეკვა. დღეს განსაკუთრებით პოპულარულია ლათინურ-ამერიკული ცეკვები (ტანგო, სამბა, რუმბა, ჩა-ჩა-ჩა).

რიტმის გრძნობა, მოძრაობის გრაციოზულობა, კარგი აღნაგობა, სხეულის სიმსუბუქე, დადებითი ემოციები - არცთუ სრული ნუსხაა იმ სარგებლობისა, რაც ცეკვას მოაქვს და, რაც მთავარია, ნახევარ საათში იწვება დაახლოებით 300 კკალორია. ცეკვის დროს მაგრდება ფეხების, ზურგისა და დუნდულების კუნთები.

რა თქმა უნდა, ამ მიზნისთვის შეიძლება ტრენაჟორებიც დაიხმაროთ, მაგრამ ის ვერ გაგათავისუფლებთ ფსიქოლოგიური პრობლემისგან. რიტმული მოძრაობა ცეცხლოვანი მუსიკის თანხლებით მოგიხსნით ყოველგვარ დაძაბულობას, ცუდ ფიქრებსა და ემოციებს. ცეკვის დროს მოძრაობს ყველა კუნთი (ასაკს მნიშვნელობა არა აქვს).

თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს არტთერაპიაში ცეკვებით მკურნალობას. ცეკვის დროს პაციენტების ორგანიზმიდან გამოიდევნება წყენა, გულის ტკივილი, უარყოფითი ემოციები, შინაგანად გრძნობენ თავისუფლებას, უუმჯობესდებათ განწყობილება.

ცეკვის დროს სისხლი იწყებს სწრაფად მოძრაობას, წესრიგდება ნივთიერებათა ცვლა; რიტმის ხშირი ცვლა, რამდენიმე თვის შემდეგ, აუმჯობესებს სუნთქვითსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, მოცეკვავეს ავიწყდება ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და წნევის "თამაში".

თუმცა ცეკვასაც აქვს უკუჩვენება: მოცეკვავის "მტკივნეული" ადგილი - ფეხებია. განსაკუთრებით მაშინ, თუ გადატანილი აქვს მენჯ-ბარძაყის, მუხლების ან კოჭ-წვივის სახსრების ტრავმა ან მყესების დაზიანება.