თმის მოვლის ხალხური რეცეპტები - კვირის პალიტრა

თმის მოვლის ხალხური რეცეპტები

1. 2 ს/კ ალვის ხის კვირტებს დაასხით 1ჩ/კ მცენარეული ზეთი, 7 დღე გააჩერეთ ბნელ და მშრალ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და დღეგამოშვებით შეიზილეთ თმის ძირებში.

2. კვერცხის გულში შეურიეთ 2 ს/კ ბირკავას (ძურწას) ზეთი და 3 ს/კ არნიკას ნაყენი. ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი.

3. თავის დაბანის წინ თმის ძირებში შეიზილეთ ხახვის წვენი.

4. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის აბუსალათინის ზეთი და სპირტი. სამი დღის განმავლობაში შეიზილეთ თმის ძირებში და მეოთხე დღეს თავი დაიბანეთ წყალში ათქვეფილი 2 კვერცხის გულით. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე.

5. 5-6 ს/კ ქატოს დაასხით 2 ჩ/ჭ წყალი, 15-20 წუთი ადუღეთ, გაწურეთ და თბილი ნახარშით დაიბანეთ თავი.

6. თმის ძირებს ამაგრებს და კვებავს: 1/2 ლიმონის წვენს დაამატეთ 2 კვერცხის გული და რამდენიმე წვეთი ნებისმიერი მცენარეული ზეთი, კარგად ათქვიფეთ და სველ თმაში შეიზილეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და თავი დაიბანეთ ცოტაოდენი ბავშვის შამპუნით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.

7. ქერტლის დროს: კარგად დასრისეთ 2 ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი, 1 კვერცხის გული და 2 ს/კ ფქვილი. ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, შემოიხვიეთ პოლიეთილენი და პირსახოცი. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

8. თმას ბრწყინვალებას მატებს: ა) 250 მლ ვაშლის ძმარს დაამატეთ 2 ლ თბილი წყალი, გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ, ოდნავ შეიმშრალეთ და შეიხვიეთ თავი თბილი პირსახოცით. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. ბ) 1 კვერცხის გულს დაამატეთ 1 ჩ/კ კონიაკი, 1 ჩ/კ თაფლი და კარგად ათქვიფეთ. კრემისმაგვარი მასა შეიზილეთ თმაში და 10-15 წუთის შემდეგ კარგად დაიბანეთ თავი.