უნდა ვიცოდეთ - კვირის პალიტრა

უნდა ვიცოდეთ

ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება ადვილია, თუ გვეცოდინება, რომელი ვიტამინი რას ემსახურება:

1. A (რეტინოლი) ვიტამინი ებრძვის ქათმის სიბეცეს, იცავს მხედველობას, კანს - ნაადრევი დაბერებისაგან, სასუნთქი ორგანოების ლორწოვანას გარსსა და შარდსადინარ გზებს - დაავადებებისგან. რეტინოლი ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს, აძლიერებს იმუნიტეტს.

A  ვიტამინით მდიდარია: ბოსტნეული, ყველი, ღვიძლი, კარაქი, კვერცხი, თინუსი, მცენარეული ზეთები, გარგარი. ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს კანის აქერცვლას, ღრძილების ანთებას, მხედველობის დაქვეითებას.

2. B ჯგუფის ვიტამინები ამშვიდებს ნერვებს. B1, B2,  B6, და BB12 ვიტამინები ორგანიზმს მატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ნივთიერებათა ცვლას, ხსნის სტრესს. ამ ვიტამინებით მდიდარია: ავოკადო, ფინიკი, კომბოსტო, ქატო, ხორბლის ღერღილის პროდუქტი. დეფიციტი იწვევს: დეპრესიას, კანის სიმშრალეს, შეშუპებას, კუჭის აშლილობას.

3. C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) - მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, ხელს უწყობს რკინის ათვისებას, გამოჯანმრთელებას, ამაღლებს იმუნიტეტს, უნარჩუნებს კანს ელასტიკურობასა და ახალგაზრდობას.

C ვიტამინით მდიდარია: ასკილი, ციტრუსები, ქაცვი, კივი, ხურტკმელი, ვაშლი, ოხრახუში, წითელი და შავი მოცხარი, შტოში, მწვანე ხახვი. დეფიციტი იწვევს: ღრძილების ანთებას და სისხლდენას, კუნთების ტკივილს, კანის აქერცვლას.

4. მაგნიუმი მუდმივად სჭირდება გულ-სისხლძარღვებს. გულის კუნთს მატებს ენერგიას, ხელს უშლის მის ცვეთას და დაბერებას, ხსნის დაძაბულობას, სპაზმებსა და კრუნჩხვებს. ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. მაგნიუმით მდიდარია: კაკალი, ბრინჯი, მწვანე ბოსტნეული და ხილი. დეფიციტი იწვევს: ქუთუთოების ნერვულ ტოკვას, დაძაბულობას, მეხსიერების დაქვეითებას, გულის რიტმის დარღვევას, უძილობას.

5. კალციუმი ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ძვლების, ნერვული და კუნთების ქსოვილების ჯანმრთელობისთვის, ის არის სილამაზისა და მოხდენილობის მინერალი. ორგანიზმში მის რაოდენობაზეა დამოკიდებული კბილების, ფრჩხილების, ძვლების ჯანმრთელობა და სახსრების მოქნილობა. კალციუმს შეიცავს რძე და რძის პროდუქტები, ქოქოსი, კამა და ჟოლო.

6. E ვიტამინი (ტოკოფეროლი) ძლიერი ანტიოქსიდანტია, პასუხს აგებს სახსრებსა და ჯანმრთელობაზე, უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას, აწესრიგებს სისხლის მოძრაობას და ჰემოგლობინის დონეს, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას. E  ვიტამინით მდიდარია: კაკალი, ქატო, ცივად გამოხდილი მცენარეული ზეთები, ავოკადო, მწვანე ბოსტნეული. დეფიციტი იწვევს სისხლნაკლებობას, გადაღლილობის შეგრძნებასა და კუნთების სისუსტეს.

7. რკინა ხელს უწყობს სისხლძარღვებსა და კუნთებში თავის ტვინსა და შინაგან ორგანოებში სისხლის მიწოდებას. რკინას შეიცავს: თევზი, სოიის პროდუქტი, ვაშლი. დეფიციტი იწვევს: კანის სიფერმკრთალესა და სიმშრალეს, თმისა და ფრჩხილების მტვრევას, გადაღლილობის შეგრძნებასა და მადის დაკარგვას.