მოვუაროთ კბილებს - კვირის პალიტრა

მოვუაროთ კბილებს

კარიესს, პაროდონტოზს, გინგივიტს, სტომატიტს და კბილების სხვა დაავადებებს კვალიფიციური სპეციალისტის მკურნალობა სჭირდება. მაგრამ ზოგჯერ ამ დაავადებათა სიმპტომებით გამოწვეულ ტკივილს სტომატოლოგთან მისვლამდე შეგიმსუბუქებთ ხალხური რეცეპტები:

1. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის მარილი, ხახვი და ნიორი. მიღებული ფაფა დაიდეთ 10-15 წუთით მტკივან კბილზე და ზემოდან დააფარეთ ბამბის ტამპონი. მარილი აქრობს ანთებას, ხახვი და ნიორი კი მოქმედებენ როგორც ანტისეპტიკები.

2. პირში გამოივლეთ მარილიანი წყალი (1ს/კ მარილი გახსენით 1ჩ/ჭ წყალში).

3. ღორის ქონის (სალას) პატარა ნაჭერი 15 წუთით ჩაიდეთ ლოყასა და კბილს შორის.

4. პირში გამოივლეთ სალბის ნახარში (1ს/კ სალბს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ).

კარიესის დროს:

1. კბილის პასტის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის ფხვნილი, გაქრება პირიდან სუნი, შეწყდება ღრძილებიდან სისხლდენა, ხელს შეუშლის კბილებზე ქვის დაგროვებას.

2. რეგულარულად გამოირეცხეთ პირი ხახვის ფურცლების ნახარშით (2 ჩ/კ ხახვის ფურცელს დაასხით 0,5ლ მდუღარე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გაწურეთ და გააჩერეთ 8 საათი).

3. კბილები არ მოგერყევათ, თუ 1-2 კვირის განმავლობაში ღრძილებზე წაისვამთ ფარსმანდუკის ახალგამოწურულ წვენს ან გაჭრილ ნიორს.

4. ერთ ჭურჭელში ჩაყარეთ 30 გ კოთხუჯის ფესვები და დაასხით 0,5 ლ არაყი, მეორე ჭურჭელში 30 გ დინდგელს (პროპოლისი) - 0,5 არაყი. 2 კვირა გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ და თითო-თითო ჩ/კ კოთხუჯისა და დინდგელის ნაყენი შეურიეთ ერთმანეთს, გამოივლეთ პირში. ამაგრებს კბილის ფესვს, მინანქარს, შველის პაროდონტოზს.

ღრძილების ანთებისას დაღეჭეთ ფიჭიანი თაფლი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ ან ჭამიდან 3 საათის შემდეგ.

სტომატიტისა და კანდიდოზის დროს: შეურიეთ ერთმანეთს თაფლი, თევზის ან ღორის ქონი. მასში დასველებული მარლით გაიწმინდეთ სასა, ენა და ლოყები (შიგნითა მხრიდან) 3-4-ჯერ დღეში.

გინგივიტის დროს: შეურიეთ ერთმანეთს 250 გ ჩაშაქრებული თაფლი, 10 გ ყვავილის მტვერი და 1გ ფუტკრის რძე. 1ჩ/კ ნარევი მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

პაროდონტოზის დროს: ღრძილებში შეიზილეთ მარილგარეული თაფლი (20 გ თაფლი: 10 გ მარილი). ნარევი გაახვიეთ მარლაში და გაიხეხეთ კბილები.

ღრძილებიდან სისხლის დენის დროს: 1. შეურიეთ ერთმანეთს 5 ს/კ დაკეპილი ფიჭვის წიწვი (ღეროების გარეშე), 1ს/კ დაქუცმაცებულ ასკილსა და 1ს/კ ხახვის ფურცელს დაასხით 1,5 ლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ. ეს ერთი დღე-ღამის ნორმაა. ნახარში ჩაივით სვით.

2. პირში გამოივლეთ მუხის გამხმარი, დაფქული ქერქისა და ცაცხვის ყვავილის ნახარში (2 წილი მუხის ქერქი:1 წილი ცაცხვის ყვავილი), 1ჩ/კ ნარევს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 3 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. გააცივეთ და გაწურეთ.