"შიდსით დაავადებულთა შორის 2010 წელს 17 ფეხმძიმე ქალი იყო"
14-01-2011
შიდსით - “თანამედროვეობის შავი ჭირით” მსოფლიოში ათასობით ადამიანი იტანჯება. შამწუხაროდ, არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისიდან თბილისში გადაიყვანეს ფეხმძიმე ქალი, რომელიც შესაძლოა, შიდსის ვირუსით იყოს ინფიცირებული.

ბუნებრივია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პაციენტის ვინაობას არ ამხელს. ჩვენ დავინტერსდით მისი მდგომარეობით და შიდსის ზედამხედველობის ცენტრის ეპიდემიოლოგს, ირმა ბურჯანაძეს, რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ქალბატონო ირმა, როგორია ფეხმძიმე ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება, თუმცა მის
შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. შიდსით დაავადებულთა ვინაობის გამჟღავნებას ყოველთვის ვერიდებოდით, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შემუშავდა ზედამხედველობის სისტემა, სადაც ყველა ადამიანის შესახებ არსებული ინფორმაცია კოდირებულია.

აგიხსნით რატომ: როდესაც დგინდება, რომ პაციენტს შიდსი აქვს, მაშინვე იწყება მისი გაკიცხვა საზოგადოების მიერ. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც შიდსის ცენტრს
არ დაუდასტურებია, რომ პაციენტს შიდსის ვირუსი აქვს. ამიტომ, გადაწყდა, რომ შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა ვინაობა არ უნდა გამჟღავნდეს. როგორმე ხომ უნდა დავიცვათ ეს ადამიანები გარშემო მყოფთა არაადექვატური დამოკიდებულებისაგან?

- რამდენი ინფიცირებულია დღეს საქართველოში და ძირითადად ვინ არიან ისინი?
- ნოემბრის ბოლოს მონაცემებით საქართველოში 2575 ინფიცირებული დარეგისტრირდა. აქედან 408 შემთხვევა გასულ, 2010 წელს გამოვლინდა. ეს მხოლოდ ნოემბრის მონაცემებით, დეკემბრის მონაცემები ჯერჯერობით არ არის შესწავლილი. ინფიცირებულთა შორის დაახლოებით 30 პროცენტი ქალია, 70 პროცენტი კი - მამაკაცი. ვირუსის გადაცემის მთავარ წყაროს, საქართველოში, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები წარმოადგენენ, ინფიცირებულთა დაახლოებით 70 პროცენტი სწორედ ეს კატეგორიაა.

- ძალზე სამწუხაროა, რომ ფეხმძიმე ქალები და ბავშვებიც ავადდებიან ამ ვირუსით...
- ესეც ძირითადად ნარკოტიკების მომხმარებელთა "დამსახურებაა" - ორსული ქალბატონების 90 პროცენტის დაინფიცირება მათი მეუღლეების ბრალია, რადგან ისინი ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები არიან. როგორც წესი, შიდსის ვირუსი მაშინ ვლინდება, როცა ქალი გამოსაკვლევად მიდის ექიმთან. როდესაც ეჭვი შეაქვთ შიდსის ვირუსის არსებობაზე, პაციენტს გზავნიან შიდსის ცენტრში, სადაც მას სპეციალურ, ანტივირუსულ თერაპიას უტარებენ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. სხვათა შორის, ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ახალშობილების უმეტესობა ამის მარტო ერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ფეხმძიმე ქალი ინფიცირებული იყო და ბავშვიც დაინფიცირებული დაიბადა.

- ქალბატონო ირმა, რამდენი ინფიცირებული ორსული გამოვლინდა 2010 წელს და როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი ამ საშიში ვირუსისაგან?
- 2010 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია 17 ფეხმძიმე ქალბატონი, რომლებიც შიდსის ვირუსით დაინფიცირდნენ. როგორ უნდა დაიცვას თავი ამ ვირუსისაგან ახალგაზრდა ქალმა? - საკმაოდ მძიმე კითხვაა, მით უმეტეს, რომ შეიძლება ქალს შიდსი მეუღლისაგან გადაედოს. ძალიან კარგი და მისაღებია დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებული პრაქტიკა: იქ მანამ ტარდება გამოკვლევა, ვიდრე ახალგაზრდები დაქორწინდებიან, მათი სურვილის შესაბამისად დგინდება, ინფიცირებულია თუ არა რომელიმე პარტნიორი. ეს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში აკითხავენ წყვილები ექიმს გამოკვლევისათვის. თუ მეუღლეებს სურთ ბავშვის გაჩენა და მათ აქვთ დაუცველი სქესობრივი კავშირი, ინფექციის გადადების საფრთხე რეალურია. საუკეთესო გზა იქნებოდა მოსახლეობის განათლება და იმის გაცნობიერება, რომ მსგავსი რისკებისაგან ყველამ უნდა დაიცვას თავი.


ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)
jeiran qaldani
15 იანვარი 2011 18:19
ვაი საქართველოვ საით მიდიხარ?

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები