ჯანმრთელობის მენიუ - კვირის პალიტრა

ჯანმრთელობის მენიუ

ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა ფორთოხლის, ლიმონისა და გრეიპფრუტის წვენები, განსაკუთრებით კი ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე, ბიოფლავოტინიდებით მდიდარი წითელი ფორთოხლის წვენი.

ის ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას, ადამიანს მატებს მხნეობას, იცავს კიბოსა და სხვა დაავადებებისგან, ხელს უშლის არტერიების"დაჟანგვას" და ათეროსკლეროზის ბალთების დალექვას.

ხალხური მედიცინა უპირატესობას ანიჭებს კომბოსტოს წვენს, რომელიც ხელს უწყობს წიდების, კუჭის წვენის გამოყოფას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს ძლიერი ნაღველმდენი თვისება. სხვათა შორის, მეცნიერებმა არცთუ დიდი ხნის წინ თეთრ კომბოსტოში აღმოაჩინეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას. ამ ნივთიერებას უწოდეს წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინი U.

ვაშლის წვენი შეიცავს B, PP, C  ვიტამინებს, კაროტინს, პექტინებს, მიკროელემენტებს, ორგანულ მჟავებსა და სხვა ბევრ ნაერთს, რომლებიც აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, აწესრიგებენ ნაწლავების მიკროფლორას.

მრავალმხრივი სამკურნალო შესაძლებლობებით განსაკუთრებულია ქაცვის წვენი. ის მოცხარზე 12-ჯერ, ფორთოხალზე -15-ჯერ, ხოლო მანდარინზე 16-ჯერ მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ქაცვის წვენის სამკურნალო ფიტოკომპლექსი ორგანიზმს იცავს გასტრიტისაგან, ტუჩებზე წყლულისა და ჰერპესისგან, ამაგრებს ღრძილებსა და კბილებს, აუმჯობესებს იმუნიტეტს, აახალგაზრდავებს, აქვს მზის სხივებისგან დამცავი ეფექტი.

დაბოლოს, წვენებით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან ისევე, როგორც ნებისმიერ მკურნალობის მეთოდს, წვენებით მკურნალობასაც აქვს უკუჩვენება.