ნუ შეაგდებთ სიცოცხლეს სასწორზე - კვირის პალიტრა

ნუ შეაგდებთ სიცოცხლეს სასწორზე

17 იანვარს ა ტიპის გრიპის ვირუსით ქუთაისში 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტმა კლინიკას 9 იანვარს დაგვიანებით მიმართა.

რის გამოც გაჭირდა მისი მკურნალობა და, შესაბამისად, გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, წელს უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა გრიპის შედეგად.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: - წელს, გასულ წლებთან შედარებით, გრიპის ბევრად ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება. სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა სამი. მათგან ერთი გამოიწვია  ა ტიპის ვირუსმა, ორი კი ბ ტიპის ვირუსს ემსხვერპლა.

- თუ შეიძლება განმარტეთ, ამ ტიპთაგან რომელს რა გავლენა აქვს ადამიანზე?

- წელს, ძირითადად, ა და ბ ტიპის ვირუსები დადის. მათი საერთო სახელწოდებაა H1N1. H3N2 ჯერ არ გამოვლენილა. კლინიკურად კი ყველას ერთნაირი ნიშანი აქვს.

გრიპის გადატანის ფორმა შესაძლოა იყოს მსუბუქი ან რთული. მთავარია სწორი მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა ანტივირუსული პრეპარატები და არა  ანტიბიოტიკები, რასაც ხშირად პაციენტი თვითნებურად იღებს.

- სახელმწიფო "შეიარაღებულია" ვირუსებთან საბრძოლველად?

- ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ გვაქვს. "არსენალი"”სრულ მზადყოფნაშია. მაგრამ ეს ვერ გიშველით, თუ დააყოვნებთ ექიმთან მისვლას. მით უფრო, თუ სუნთქვა გიძნელდებათ. ფილტვების ანთება არ უნდა გამოგვეპაროს, მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატები დროულად უნდა ჩაერთოს.

ანტივირუსული პრეპარატი მყისვე არ იძლევა შედეგს - ის პროცესს აჩერებს, რაც მკურნალობას აიოლებს.

- ამბობენ, თუ ერთხელ გადაიტანე რომელიმე ვირუსი, შემდეგ იმუნიტეტი გიმუშავდება მის მიმართო.

- იმუნიტეტს ადამიანი გამოიმუშავებს  გრიპის ვირუსის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც გადაიტანა.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი?

-  გრიპს ავრცელებენ ფეხზე მოსიარულე ავადმყოფები, თორემ მძიმე ავადმყოფი წევს. ამიტომ, თუ გრიპი დაგემართათ, შინ დარჩით. ოჯახის დაავადებულმა წევრმა ნიღაბი უნდა ატაროს, მაგრამ თუ სუნთქვა უჭირს, მაშინ დანარჩენმა წევრებმაც უნდა გაიკეთონ ნიღაბი. ამასთან, რაც უფრო ხშირად დავიბანთ ხელებს, მით უფრო დაცული ვიქნებით. გრიპი არის ჰაერწვეთოვანი ინფექცია, რომელიც დაცემინებისა და დახველების დროს ერთი მეტრის მანძილზე ილექება და ძლებს შვიდი საათის განმავლობაში, ამიტომაც, თუ იმ ადგილს შევეხეთ, ის ჯერ ჩვენს ხელებზე მოხვდება და შემდეგ ორგანიზმში. თუ საპონი და წყალი არ გაქვთ ახლოს, გამოიყენეთ სპეციალური ჰიგიენური, სპირტით დამუშავებული ხელსახოცები.

თორნიკე ალაშვილი, ჰომეოპათიის ლიგის პრეზიდენტი: - ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა. ამაში ხალხური მედიცინისა და ფიტოთერაპიის გრიპთან ბრძოლის მეთოდებიც გვეხმარება.

უპირველესად, იზრუნეთ გაკაჟებაზე.  ორგანიზმი არ უნდა მივაჩვიოთ მედიკამენტებს. გვახსოვდეს: რაც მეტ ანტიბიოტიკს ან მედიკამენტს ხმარობ, ორგანიზმი მით უფრო სუსტდება.

ძალიან კარგია ხალხური მედიცინისა და ფიტოთერაპიის მეთოდები: ხახვის, ნივრის, შავი ბოლოკის სალათები ან ნაყენები. მათი მომზადების შესანიშნავი რეცეპტები იბეჭდება ჟურნალ "ოჯახის მკურნალში". გრიპის პროფილაქტიკისთვის ასევე წარმატებით გამოიყენება მცენარე კალიზია ("ზოლოტოი უს"). ძალიან კარგია მისი ჩაი.

ბევრს ეს მცენარე დეკორატიული სახით ქოთნებში აქვს და "სახლის ჟენშენს" ეძახიან. გრიპის წინააღმდეგ ეფექტიანად გამოიყენება ჰომეოპათიური ანტიგრიპინი, რომლითაც პაციენტებს ვმკურნალობთ კომპლექსურად და ინდივიდუალურადაც. ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებები თავის დროზე ცნობილი "ისპანკას" საწინააღმდეგოდაც წარმატებით გამოიყენებოდა. ზოგადად, მისი გამოყენება ეფექტიანია მძიმე ეპიდემიების დროს. ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს ევროპას. ჰომეოპათიური წამლების გამოყენება სიკვდილიანობის დონეს ამცირებს.

საერთოდ, გრიპისას სიკვდილიანობა არ უნდა იქნას აღქმული, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან გრიპის დროს მწვავდება ყველა ქრონიკული დაავადება, ჩნდება გულ-სისხლძარღვთა პრობლემებიც. მდგომარეობა არ უნდა გავართულოთ. ორგანიზმის გაძლიერების უამრავი მეთოდი არსებობს და თუ ატყობთ, რომ თქვენი იმუნური სისტემა უძლურია ვირუსის მიმართ, ნუ დადებთ სიცოცხლეს სასწორზე და მიმართეთ ექიმს, განურჩევლად იმისა, კლასიკური მედიცინის მომსახურებით ისარგებლებთ, თუ ხალხურით.