ღვიძლი ნაზი და სუსტი ორგანოა - კვირის პალიტრა

ღვიძლი ნაზი და სუსტი ორგანოა

ღვიძლი დღე-ღამეში ორი ათას ლიტრ სისხლს ატარებს.

თუ გული ითვლება ჩვენი სულის სათავსოდ, ტვინი ინტელექტის ბაზად, ღვიძლს სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ სხეულის ცენტრალური ბიოქიმიური ლაბორატორია. ამიტომაც მის მუშაობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვიდრე გულისა და ტვინისაზე. სისხლს ღვიძლთან მიაქვს ყველაფერი, რაც კი ნაწლავებმა "შეიწოვეს" საკვებიდან. თუ ნაწლავები ყველაფერს განურჩევლად შეიწოვს, ღვიძლი პირიქით, ძალიან "წუნიაა" და "ჭკვიანი". შხამსა და ტოქსინებს გამოდევნის და სისხლში ტოვებს ნივთიერებათა ცვლისთვის მხოლოდ აუცილებელს, არასაჭირო კი ნაღვლის სახით გადააქვს ნაღვლის ბუშტში.

თუ ღვიძლი ჯანმრთელია, ე.ი. საჭმლის მონელების პროცესი, სახის ფერი და გუნება-განწყობილებაც ნორმალურია. თუ დაავადდა, ჩნდება დეპრესია და მელანქოლია.

ღვიძლის დაავადების საწყისი სტადიის სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობის გრძნობა, შრომის უნარისა და მადის დაკარგვა, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილი, მუქი შარდი, კანისა და თვალების გაყვითლება - რასაც სიყვითლეს (ვირუსული A ჰეპატიტი) უწოდებენ.

ამ დაავადების დროს ღვიძლი კარგავს სისხლის გაწმენდის უნარს, ამიტომაც ნაღვლის პიგმენტები ყვითელ ფერს აძლევენ კანსა და თვალებს. სიყვითლის საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 7-დან 50 დღემდე. ამ პერიოდში ღვიძლს ძალიან "უჭირს" - ის სივდება, დიდდება და ვერ ეტევა თავის "პერანგში", რაც იწვევს მარჯვენა ფერდქვეშ (ნეკნებქვეშ) ტკივილს. სიყვითლეს მკურნალობს ექიმი-ინფექციონისტი. თერაპია ემყარება ღვიძლის ფუნქციის შენარჩუნებასა და ინტოქსიკაციასთან ბრძოლას. ვისაც A ჰეპატიტი აწუხებდა, განკურნების შემდეგ ხანგრძლივად უნდა დაიცვან დიეტა.

ჰეპატიტების მრავალრიცხოვანი  "ოჯახიდან" A ჰეპატიტი ყველაზე "უწყინარი" ოჯახის წევრია, ვიდრე B, C, D, E და G ჰეპატიტები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ატერორებენ კაცობრიობას. მათ შეუძლიათ, უწყინრად, უჩუმრად, სიმპტომების გარეშე ღვიძლში გამოიწვიონ შეუქცევადი ცვლილებები (ციროზი და კიბო).

ამიტომ ეს "ჭკვიანი" ღვიძლი რომ არ დაგვიზიანდეს, საჭიროა თავი ავარიდოთ მატონიზებელ და გამღიზიანებელ საკვებს, ალკოჰოლს, მაგარ ყავას, ნოყიერ, ცხიმიან, ცხარე და მწარე საკვებს.

სამაგიეროდ, ღვიძლს უყვარს: ახალი მწვანილი, ბოსტნეული, ჭარხალი, გოგრა, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ყაბაყი, პომიდორი, ოხრახუში, კამა, რძე და რძის პროდუქტები, უცხიმო ხაჭო, კეფირი, უცხიმო თევზი - კალმახი, კობრი, ქორჭილა, ვირთევზა, ფარგა, უცხიმო ინდაურისა და ხბოს ხორცი. დაბოლოს, ღვიძლის თვითნებურად მკურნალობა არ შეიძლება, რადგან არასწორად მიღებული წამალი (განსაკუთრებით ანტიბიოტიკები) მას სერიოზულად აზიანებს.