რა არის კუპეროზი? - კვირის პალიტრა

რა არის კუპეროზი?

კუპეროზი კანის სისხლძარღვების დაავადებაა. კანზე ჩნდება სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, გაფართოებული კაპილარების ბადეები.

კუპეროზს იწვევს ფიზიკური დატვირთვა, მაღალი და დაბალი ტემპერატურა, ულტრაიისფერი სხივები, ორგანიზმის ჰორმონული დისბალანსი, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის პათოლოგიები, კოსმეტიკური საშუალებები და განსაკუთრებით მემკვიდრეობითობა.

კუპეროზის განვითარებას ხელს უწყობს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ძლიერი ქარი, დიდხანს მზეზე ყოფნა, სტრესები, ნერვიულობა.

თუ კუპეროზი დაგეწყოთ, თავი აარიდეთ იოგურტის, ყველის, პარკოსნების, პომიდვრის, ციტრუსების, შოკოლადის, ყავის, კაკაოს, მაგარი ჩაის, დაკონსერვებული პროდუქტების, მარილიანის, შებოლილის, ალკოჰოლის, მწარე-ცხარე და ცხელი საკვების მიღებას. არ დალიოთ ზღვის პროდუქტების ექსტრატის, მინერალური მარილებისა და იოდის შემცველი წამლები. არ შეიძლება მასაჟი და ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, უძილობა. კუპეროზს ებრძვის P, K და C ვიტამინები.

ექიმის კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ ასკორუტინი, პოლივიტამინების კომპლექსი, იბანავეთ მხოლოდ თბილი წყლით, კოსმეტიკური საშუალებები არ უნდა შეიცავდეს სპირტს, აცეტონს, თაფლს, ალოეს, მენთოლს, პიტნის, მიხაკის, ევკალიპტის ეთეროვან ზეთებს და ხილის მჟავებს, არ გამოიყენოთ უხეში პირსახოცი, ბამბის ტამპონები. მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია: ოზონოთერაპია, ფიტოთერაპია, ლაზერით მკურნალობა, ქიმიური პილინგი. შემდეგ კი რეკომენდებულია სპეციფიკური კოსმეტიკური საშუალებები, ზოგიერთი სამკურნალო წამლის მიღება (ექიმის დანიშნულებით), კოსმეტიკურ სალონებში პროცედურები (მაგ. მეზოთერაპია).

დობრიე სოვეტი