კოაქსილი - ასეულობით ოჯახის ტრაგედია - კვირის პალიტრა

კოაქსილი - ასეულობით ოჯახის ტრაგედია

ერთი კვირის წინ, უცნობმა ქალბატონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, - მიშველეთ რამე, შვილი მეღუპებაო. ქალბატონი ეთერი ცრემლს ვერ იკავებდა და ისე მიყვებოდა თავის გასაჭირს.

- მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი საკუთარი შრომით შევქმენით და ამით ყოველთვის ვამაყობდით. შვილებსაც არაფერი დავაკელით (ერთი გოგონა და ორი ვაჟი მყავს). ყოველთვის ყურადღებიანი დედა ვიყავი, მაგრამ როდის შემოიპარა ეს ჭირი ოჯახში, ვერ გავიგე. ჩემი ერთ-ერთი ვაჟი ნარკომანი გახდა. სამწუხაროდ, როცა გავიგეთ, უკვე გვიანი იყო. რა არ გავაკეთეთ, სად არ ვუმკურნალეთ, მაგრამ ამაოდ. ახლა კოაქსილს იკეთებს. ვგრძნობ, რომ 35 წლის ბიჭი ხელიდან მეცლება. ერთი-ორჯერ მივედი იმ აფთიაქში, სადაც ჩემი შვილი კოაქსილს ყიდულობს. ვეხვეწე, ვემუდარე, აღარ მიეცათ მისთვის წამალი. იცით, რა მითხრეს? ჩვენ არ მივცემთ, წავა და სხვაგან იყიდის, რა  მნიშვნელობა აქვსო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ჯანდაცვის სამინისტროში წერილიც მივიტანე, მინისტრის სახელზე თხოვნით, არ მიეცათ ჩემი შვილისთვის აფთიაქებში კოაქსილი ან საერთოდ აეკრძალათ მისი რეალიზაცია. დარწმუნებული ვარ,  ჩემს თხოვნაზე გაეღიმებოდათ კიდეც. იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე ან თავად დაელაპარაკოთ, დაარწმუნოთ, რომ კიდევ ერთხელ ჩაიტაროს მკურნალობის კურსი...

სამწუხაროდ  ქალბატონი ეთერის თხოვნა ვერ შევასრულე, რადგან ხუთშაბათს მისი შვილი ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა.

საქართველოში კოაქსილი ასეულობით ოჯახის ტრაგედიის მიზეზი ხდება, რომ არაფერი ვთქვათ იმ ათეულობით დაინვალიდებულ ახალგაზრდაზე, რომელთაც კოაქსილის მორიგი დოზა სიკვდილთან ყოველდღიურად აახლოებს.

ნატა ასათიანი, ექიმი ნარკოლოგი: - კოაქსილი ანტიდეპრესანტია და მედიცინაში  დეპრესიის მოსახსნელად გამოიყენება. პაციენტისთვის მისი დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტის ანუ ფსიქიატრის, ნევროპათოლოგის და ნარკოლოგის მიერ უნდა მოხდეს. მისი ინიექციური გამოყენება ნარკოტიკების მომხმარებლებში შეიძლება ბევრი დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს. რადგან კოაქსილს ნარკოტიკული თრობის ეფექტი ძალიან ხანმოკლე აქვს, ნარკომანები მას დღეში რამდენჯერმე იკეთებენ, რაც შემდგომში ვენების თრომბოფლებიტსა და სეფსისს იწვევს (რაც მხოლოდ კოაქსილის მომხმარებელთათვის არის დამახასიათებელი). კოაქსილი  იწვევს სწრაფ მიჩვევას, თავიდან პაციენტი მის მოხმარებას 5-6 ტაბლეტით იწყებს, თუმცა შემდგომში სასურველი ეფექტის მისაღწევად მას უკვე 100 ტაბლეტი(!) სჭირდება, რაც შესაბამისად, ძალიან აზიანებს ღვიძლსა და თირკმელს. გარდა ფიზიოლოგიური გართულებებისა, კოაქსილის მოხმარება იწვევს მრავლობით ფსიქოლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა: ტოქსიკური ენცეფალოპათია (მეხსიერების დაქვეითება), ყურადღების გაფანტულობა, ჭკუასუსტობა, ნაადრევი სიბერე... მინდა გითხრათ რომ ასეთ "შედეგამდე" სხვა ნარკოტიკს მხოლოდ წლების შემდეგ მიჰყავს ნარკომომხმარებელი.”

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კოაქსილის  პოპულარობას მისი ხელმისაწვდომობა განაპირობებს. პრეპარატი იაფი ღირს და აფთიაქშიც თავისუფლად იყიდება(?!), თუმცა ნარკოლოგები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ზოგიერთი პაციენტი კოაქსილს "ლომკის" შესაჩერებლად იყენებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2004 წლის 22 იანვრის #20/ნ ბრძანებით და ამავე ბრძანებაში 2006 წლის 30 ნოემბრის ცვლილებით, კოაქსილი შეტანილია ფსიქოტროპული პრეპარატების სიაში, ექვემდებარება სპეცკონტროლს და უნდა გაიცეს მხოლოდ #2 რეცეპტით. თუ აფთიაქი ასეთი რიგის პრეპარატს ურეცეპტოდ გასცემს, მას ჯარიმის სახით 800 ლარის გადახდა მოუწევს, განმეორებით შემთხვევაში - 2.000 ლარისა. თუ პრეპარატი არარეგისტრირებულია, ანუ კონტრაბანდულად არის შემოტანილი (მაგალითად, კოდილაკი), ხდება მისი კონფისკაცია. როგორც ჩანს, აფთიაქებს საჯარიმო სანქციები დიდად არ ანაღვლებთ, რადგან პრეპარატების გაცემის კონტროლზე არავინ ზრუნავს. აფთიაქებიც ამით დიდ სარგებელს ნახულობენ. კითხვაზე, რატომ ხდება კოაქსილის გაცემა ურეცეპტოდ, ღიმილნარევი პასუხი მივიღე, - მარტო კოაქსილის? კოდეინის ან ეფედრინის შემცველი პრეპარატებისა არ ხდება?”

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ აფთიაქში შევიარე და კოაქსილი მოვითხოვე. რეცეპტი გაქვთ? ღიმილით მკითხა პროვიზორმა.  როდესაც უარი ვუთხარი, ასევე ღიმილით მიპასუხა, რომ ურეცეპტოდ პრეპარატს ვერ  მომცემდნენ, თუმცა მომდევნო ერთი საათის განმავლობაში კოაქსილი ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს მიჰყიდეს ისე, რომ რეცეპტი არც გახსენებიათ. როგორც ერთ-ერთი აფთიაქის მეპატრონემ მითხრა, -“კლიენტებს”სუნზე ცნობენ.”სახეზე ეტყობათ, რისთვისაც სჭირდებათ. კარგი, მე არ მივცემ, მაგრამ როგორ გგონიათ, ამით ეშველებათ? თბილისში მილიონი აფთიაქია, ჩემთან თუ არა, სხვასთან იყიდიან. შედეგი ის იქნება, რომ მე კლიენტებს დავკარგავ!

შარშან ზუგდიდში ერთმა შავოსანმა დედამ ბაზართან ახლოს აფთიაქი დამანახვა, - ამ აფთიაქმა შვილი მომიკლაო, - მითხრა. კიდევ რამდენი დედა გაიშვერს ხელს მკვლელი აფთიაქისკენ!..