"უშვილობამ ჩუმი ტკივილი იცის..." - კვირის პალიტრა

"უშვილობამ ჩუმი ტკივილი იცის..."

"მამაკაცებში უშვილობის პრობლემები გაცილებით მეტია, ვიდრე ქალებში..."

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი წყვილების 10-15% უშვილოა. ხშირად უშვილობის მიზეზს ქალში ეძებენ, მაგრამ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უშვილობის შემთხვევათა 50% მამაკაცის ბრალია. ქართველი ექიმები პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს საქართველოში უშვილობის პრობლემები მამაკაცებში გაცილებით მეტია, ვიდრე ქალებში და ვარაუდობენ, რომ მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.

შოთა ნიშნიანიძე (ანდროლოგი): - უნაყოფობა ჩუმ ტკივილს ჰგავს. როდესაც მამაკაცი ახალგაზრდაა, არ ფიქრობს, რამ შეიძლება გამოიწვიოს მომავალში შვილის ყოლასთან დაკავშირებული პრობლემები. მშობელიც ნაკლებ ყურადღებას ანიჭებს ამ პრობლემებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს. სექსუალური სტატუსი და ნაყოფიერება განსხვავებული თემებია. მამაკაცები ზოგჯერ შვილიერებას სექსუალურ სტატუსთან აიგივებენ და ექიმთან მისვლას არც ფიქრობენ. საბჭოთა დროს ეწყობოდა მოზარდების პროფილაქტიკა, დავდიოდით სკოლებში, რეგიონებში და ვავლენდით პათოლოგიებს. შესაძლოა, დაავადების ადრეული პროფილაქტიკის არარსებობა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბოლო ხანს მამაკაცებში უშვილობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა მიზეზთა შორის გადამწყვეტი მაინც ეკოლოგიური ფაქტორია.

ამდენი პაციენტი, რამდენიც ახლა მაკითხავს, არასდროს მყოლია. ცივილიზაციამ მრავალ სიკეთესთან ერთად ბევრი თავსატეხიც გაგვიჩინა. მაგალითად, სხვადასხვა ქიმიური შენაერთები მნიშვნელოვნად მოქმედებენ უშვილობის განვითარებაზე. ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრობლემაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გათვლებით, უშვილობის მაჩვენებელი მამაკაცებში კიდევ გაიზრდება. მიზეზთა შორის სახელდება ასევე არასრულფასოვანი კვება, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება. მაგალითად, ალკოჰოლის მიღება 20%-ით აქვეითებს მამაკაცის ჰორმონს, ხოლო ერთხელ თრობა 18-20 საათით დაბლა სწევს ტესტოსტერონს. მამაკაცებში უშვილობის მიზეზი შესაძლოა გახდეს ძლიერი ფსიქიკური ტრავმაც. პაციენტი მყავდა, ორი ქალიშვილის მამა, ვაჟი სურდა, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო - თვალწინ დედა მოუკლეს და აბსოლუტურად სტერილური გახდა.

უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს გადატანილი ინფექციები. სპერმატოზოიდები ძალიან მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ. კარგია, რომ ერთგვარი გარდატეხა ექიმებშიც მოხდა. დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ ქალის უშვილობას და მხოლოდ წლების შემდეგ თუ გაახსენდებოდათ, რომ სამედიცინო შემოწმება მამაკაცსაც გაევლო. ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, როდესაც სავსებით ჯანმრთელი ქალი, უშვილობის მიზეზით, რვა წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის მკურნალობას იტარებდა, ანდროლოგთან ერთი ვიზიტის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პრობლემა მის ქმარს ჰქონია.

ნატა ხონელიძე (ექიმი რეპროდუქტოლოგი): - უშვილობის პრობლემა მამაკაცებში ძალზე აქტუალურია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, უშვილობამ მამაკაცებში ქალთა შორის უშვილობასაც კი გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ორი წლის უნაყოფობა წყვილებში უშვილობად ითვლება. ასეთი წყვილებისთვის მოქმედებს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს. ჩვენთან კი ყველა ხარჯის გაღება პაციენტს უწევს.

მამაკაცმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში უნდა მიმართოს ექიმს და გამოავლინოს, ხომ არ არის რამე ცვლილებები მის სპერმატოგენეზში, რათა მოხდეს დროული კორექცია. რაც უფრო ადრე გაკეთდება ეს, მით უკეთესია საბოლოო შედეგის თვალსაზრისით. ბოლო წლებში მიღწეული შედეგებით, უშვილობის პრობლემა მამაკაცებში როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, ფაქტობრივად, გადაწყდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად პირველი სინჯარის ბავშვი გაჩნდა, ექიმებმა ხელოვნური განაყოფიერების ერთ-ერთი მიმართულება - X-ის მეთოდი შეიმუშავეს. თუ მამაკაცის სპერმაში ერთი სპერმატოზოიდი მაინც "ცოცხალია", მისი გამოყენებით შესაძლებელია, წყვილს ბიოლოგიური შვილი ეყოლოს. მაგრამ, ბოლო მიღწევებით, X-ის ბოლო მეთოდით, თუ სპერმაშიც არ არის ნაპოვნი სპერმატოზოიდი, ასეთ მამაკაცსაც კი ეძლევა შესაძლებლობა, ჰყავდეს გენეტიკური შვილი. ამ შემთხვევაში მივმართავთ სათესლე ჯირკვლის ბიოფსიას. სათესლე ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევით ხდება სათესლე ქსოვილის ბიოფსია, ნანახი იქნება სპერმატოზოიდი. მანამდე ქალს უტარდება მანიპულაცია და მიღებული გვაქვს კვერცხუჯრედები. ამ კვერცხუჯრედების განაყოფიერება ხდება მიღებული სპერმატოზოიდებით.

გაგიკვირდებათ და მამაკაცებში აზოსპერმია, ანუ როდესაც სპერმაში ერთი სპერმატოზოიდიც არ არის, 25 წლამდე, ყველაზე მაღალ რეპროდუქტიულ ასაკშიც კი გვხვდება, მაგრამ ამ ასაკში ასევე მაღალია ხელოვნური განაყოფიერებისა და, შესაბამისად, ბიოლოგიური შვილის ყოლის ალბათობა. უკვე ოთხი წელია, ხელოვნური განაყოფიერებისთვის X-ის ამ ბოლო მეთოდს ვიყენებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ათი მოსული უშვილო წყვილიდან, ექვსი X-ის მეთოდის ჩატარებას საჭიროებს, ეს კი თავად მეტყველებს, რომ ათიდან ექვს შემთხვევაში, უშვილობის მიზეზი მამაკაცშია.

- რეპროდუქციული თვალსაზრისით, მამაკაცისთვის ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა?

- მამაკაცისთვის კრიტიკული ასაკი 50 წლის შემდეგ იწყება. მაგრამ ამ ხნისა და კიდევ უფრო ასაკოვანი პაციენტებიც გვყოლია, ვისთანაც X-ის მეთოდით შედეგისთვის მიგვიღწევია. 55 წლის შემდეგ, მამაკაცისთვის შვილის ყოლა ნაკლებად სასურველია, რადგან შესაძლოა, ემბრიონში ქრომოსომული პრობლემები გაჩნდეს, რაც სამომავალოდ ნაყოფის სიმახინჯეს იწვევს. მართალია, ეს პრობლემაც გვარდება, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ უცხოეთში, სადაც შესაძლებელია პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა, ან ორსულობის განსაზღვრულ ვადაზე ნაყოფის გამოკვლევა. სხვათა შორის, 35 წელს ზემოთ ყველა ორსულს უტარდება ასეთი კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ ქალი ახალგაზრდაა, მაგრამ მამაკაცია 50 წლის ან ამ ასაკს გადაცილებული, ქალს მაინც უტარდება ნაყოფის კვლევა და ნაყოფში ქრომოსომულ მდგომარეობას სწავლობენ.

- X-ის მეთოდის შემთხვევაში ექიმებს საშუალება აქვთ, წინასწარ განსაზღვრონ ბავშვის სქესი. ასე არ არის?

- ამის ტექნიკური საშუალება არა გვაქვს, მაგრამ ჩვენთან არც აკრძალვა არსებობს ამასთან დაკავშირებით, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არ წამოჭრილა საკითხი - აიკრძალოს თუ არა X-ის მეთოდისას სქესის წინასწარ განსაზღვრა. უცხოეთშიენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს ასეთი სიცრუის სათქმელად სინჯარის ბავშვის სქესის დაგეგმვა, თუ ეს გენეტიკური დაავადებების თავიდან ასაცილებლად არ არის განპირობებული, კანონით აკრძალულია.