ორგანიზმის "ჯაგრისი" - კვირის პალიტრა

ორგანიზმის "ჯაგრისი"

იმის გამო, რომ ზამთარში ცივა და დღე მოკლეა, ადამიანი ნაკლებად მოძრაობს, იმატებს წონაში, ორგანიზმში ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, გროვდება "ცუდი" ქოლესტერინი... წინააღმდეგობა რომ გაუწიოთ ზამთრის ჰიპოდინამიკას, რაციონში უნდა გაითვალისწინოთ უჯრედისებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც კუჭ-ნაწლავს ტოქსინებისაგან "ჯაგრისივით" ასუფთავებენ.

ძალიან ბევრ უჯრედისს შეიცავს ძირნაყოფა (ძირხვენა, ფესვფეხიანი) ბოსტნეული. მათ შორის პირველ ადგილზეა სტაფილო, რომელიც შეიცავს ბევრ კაროტინს (პროვიტამინი A), B1,B2,B6, C, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს - კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს... სტაფილო აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს მსუბუქი გამხსნელი თვისება, სასარგებლოა გულისთვის. მისი შემცველი წამლები ხსნის გულის კუნთების სპაზმებს, გამოიყენება ათეროსკლეროზის, კორონალური უკმარისობის (სტენოკარდიის) სამკურნალოდ. ძველად გამხმარ სტაფილოს ფოჩს ჩაისთვის იყენებდნენ, ხოლო ცაცხვის ყვავილთან და თაფლთან ერთად - გაცივების დროს.

ქრონიკული დაღლილობის დროს შეურიეთ ერთმანეთს თითო ს/კ გამხმარი სტაფილოს ფოჩი და მატიტელა, დაამატეთ 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15 წუთით შედგით ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და კარგად გაწურეთ. ნაყენს დაამატეთ 20-20 წვეთი ლიმონის წვენი და პანტოკრინის წვეთი. ყავის მაგივრად დალიეთ დილით და მთელი დღე მხნედ იქნებით.

მოდუნებული ნაწლავების დროს დილით ჭამეთ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთით დამზადებული ახალი სტაფილოს, ვაშლის და კომბოსტოს სალათა. ასევე სასარგებლოა დამწნილებული სტაფილო.

ჭარხალი - ააქტიურებს გულის მუშაობას, ხელს უწყობს გაცივებისა და მძიმე დაავადების შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებას, შველის კუჭის შეკრულობას, სასარგებლოა კუჭის წყლულის (მაღალი მჟავიანობის) დროს.

მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე, 0,5 ჩ/ჭ 100-100 გ ჭარხლის, თეთრი კომბოსტოსა და კარტოფილის წვენის ნარევი, ყოველ მიღებაზე დაამატეთ თითო ს/კ ალოეს წვენი და თაფლი. მკურნალობის კურსია ერთი თვე.

გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად ჭარხალი დაჭერით თხელ ფირფიტებად, მოასხურეთ ლიმონის წვენი, მოაყარეთ შაქრის პუდრი, დაბრაწეთ ჰაერღუმელში და მიითვით.

დიეტური ბოსტნეული - თალგამი, სასარგებლოა არა მარტო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ, არამედ, როგორც ამოსახველებელი საშუალება (ბრონქიტისა და ასთმის დროს, თუმცა ზოგიერთი ცუდად იტანს) აფერხებს ოსტეოქონდროზით გამოწვეულ ტკივილს.

სასუნთქი სისტემის დაავადებისას (როგორც ამოსახველებელი) 300გ თალგამი დაკეპეთ, შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი და 3ს/კ გამხმარი მრავალძარღვა. როდესაც ნარევი გამოყოფს წვენს, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 4-ჯერ დღეში.

წელის არეში ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს მოხარშული თალგამი დაჭერით თხელ ფირფიტებად, დააყარეთ გამხმარი პიტნა და თბილივე დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. 15-20 წუთის შემდეგ მოიცილეთ, კანში შეიზილეთ ინდომეტაცინის მალამო და დაიძინეთ.